საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი თინა ხიდაშელი პრობლემის დეტალურად შესწავლამდე დევნილთა გამოსახლებისა და გარევაჭრობის აკრძალვის პროცესის შეჩერებას ითხოვს.
ამის შესახებ თინა ხიდაშელმა დღეს, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომლის დღის წესრიგში დევნილების გამოსახლებისა და გარევაჭრობის აკრძალვის საკითხი არ იყო, თუმცა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა განცხადებები სწორედ გარევაჭრობასა და დევნილების გამოსახლებაზე გააკეთეს.
ხიდაშელისთვის მიუღებელია, საკრებულოს უმრავლესობის წევრის, მამუკა ახვლედიანის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გარემოვაჭრეებთან და დევნილებთან დაკავშირებით შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლებიც საკითხებს დეტალურად შეისწავლიან. კერძოდ, ახვლედიანის თქმით, მუშა ჯგუფი შეისწავლის სათითაო გარემოვაჭრისა თუ დევნილის პრობლემას და შემდეგ თითოეული მათგანის პრობლემაზე შეეძლება პასუხის გაცემა. თინა ხიდაშელისთვის ეს არგუმენტი მიუღებელია "მუშა ჯგუფების მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე".
მისი თქმით, მუშა ჯგუფებმა შესაძლოა მუშაობა თვეობით გააგრძელონ, ხოლო პრობლემა პრობლემად დარჩეს. თინა ხიდაშელი დევნილებთან დაკავშირებით ითხოვს, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა გამოაქვეყნოს იმ ობიექტთა ნუსხა, რომლებიც სწორედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და სადაც შესაძლებელი იქნება სახელმწიფო საკუთრებიდან გამოსახლებული დევნილების ჩასახლება. ხიდაშელის თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ დედაქალაქში გაზრდილი, თუ დედაქალაქში დასაქმებული დევნილები, მოულოდნელად აყარონ და წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში გადაასახლონ. "ეს არის დანაშაული", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, მისი თქმით, პროცესი უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ პრობლემა თავად გარემოვაჭრეებს კარგად არ განემარტებათ და არ მოგვარდება ბაზრობების საკითხი და თავად დევნილებსა და გარემოვაჭრეებს არ მიეცემათ ახალ გარემოსთან ადაპტირების გონივრული ვადა. ამის გამო, თინა ხიდაშელიც და საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი წევრებიც, გარევაჭრობის აკრძალვის და დევნილთა გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ და ამ საკითხის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგში შეტანას მოითხოვენ.