რუსეთი საქართველოს ტერორისტთა მომზადებაში ადანაშაულებს

რუსეთი საქართველოს ტერორისტთა მომზადებაში ადანაშაულებს

რუსეთის შსს-ის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მილიციის გენერალ-მაიორი ნიკოლაი სიმაკოვი ქართულ მხარეს იმ ბოევიკთა მომზადებაში ადანაშაულებს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ვითარებას ძაბავენ. მისი თქმით, რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური ბანაკების არსებობის შესახებ ინფორმაციასაც ფლობენ, სადაც კრიმინალების შეკრება და მომზადება მიმდინარეობს.

"ბოლო დროს შესამჩნევად გააქტიურდა საქართველო. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ბოევიკთა მოსამზადებელი სპეცბანაკები არსებობს, სადაც თავს კავკასიის რესპუბლიკებიდან გახიზნული დამნაშავეები აფარებენ", - განუცხადა ჟურნალისტს სიმაკოვმა.

ამის დასტურად რუსმა გენერალ-მაიორმა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახლახან მომხდარი შეტაკება მოიყვანა, რომლის დროსაც მესაზღვრეებმა ერთი ბოევიკი მოკლეს, ორი კი შეიპყრეს.

"დაკავებულებმა დაკითხვისას აღიარეს, რომ ავსტრიასა და საფრანგეთში ყოფნისას ექსტრემისტულ ორგანიზაციებს დაუახლოვდნენ, რომლებმაც ისინი მოსამზადებლად საქართველოში გამოგზავნეს, რათა შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ემოქმედათ", - განაცხადა სიმაკოვმა.

სიმაკოვი აღიარებს, რომ ბოლო დროს დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ინგუშეთში კრიმინალური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა, თუმცა ამის მიზეზებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არა აქვს. რუსი გენერალი იქვე დასძენს, რომ მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი და კარგად მომზადებულია.

სიმაკოვის თქმით, ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოში გარკვეული ძალები ჩრდილოეთ კავკასიაში არეულობითა და ვაჰაბიზმის პროპაგანდით დაინტერესებულნი არიან და საამისოდ ბოევიკებს მატერიალურად ეხმარებიან და ემისრებს უგზავნიან. 

დაღესტნის ქალაქ ბუნაკსკში კვირას ღამით მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევის მიუხედავად, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება კვლავ უმძიმესია. საგულისხმოა ისიც, რომ დაღესტანში, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში დღეს არსებული მდგომარეობა გაცილებით საშიშია, ვიდრე ჩეჩნეთში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნეოდა.

მომზადებულია vremya.ru-ს მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე