ქართველი ოფიცრის გარდაცვალებამ ავღანეთში ნათელი გახადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, არა მხოლოდ საერთო ღირებულებები, არამედ საერთო ტკივილიც აქვთ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ამერიკელ კონგრესმენთა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ბოლო ტრაგიკულმა მოვლენებმა, ვგულისხმობ ქართველი ოფიცრის გარდაცვალებას ავღანეთში, ჩვენ გვაჩვენა, რომ გვაქვს არა მხოლოდ საერთო ღირებულებები, არამედ გვაქვს საერთო ტკივილი. სწორედ ამიტომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება არის ამერიკული მხარისთვის მნიშვნელოვანი თემა. სწორედ ამ თემებზე შედგა საუბარი ამერიკელ კონგრესმენებთან", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საბოლოოდ უნდა გადაწყდეს და მოეფინოს ნათელი იმ ფაქტს, რომ საქართველო ჩამოყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ჩადგება ქართველი ხალხის სამსახურში, თუ საქართველო იქცევა მთელი განვითარებული დემოკრატიული სამყაროსთვის არასასურველ პარტნიორად - თუკი ეს მართლაც ასე მოხდა, ჩვენ საკუთარ თავს სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით.
ოპოზიციისა და ამერიკელ კონგრესმენთა შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, "რესპუბლიკელების" ლიდერი დავით უსუფაშვილი, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან" ალექსი პეტრიაშვილი, "კონსერვატორი" კახა კუკავა და "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე.
ამერიკელ 5-კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს კონგრესმენი ჯორჯიის შტატიდან ჯიმ მარშალი, დელეგაციაში შედიან ჩარლზ დენტი პენსილვანიიდან, სინტია ლუმისი ვაიომინგიდან, ჯინ ჰარმანი კალიფორნიიდან და პიტერ ველჩი ვერმუნტიდან.
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია "თბილისი მარიოტიდან" ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გაემგზავრა, სადაც ცოტა ხანში ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფიცერს ჩამოასვენებენ.