იტალიაში საქართველოს ელჩი კოტე გაბაშვილი მიიჩნევს, რომ გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია დევნილების შესახებ ქართული დიპლომატიის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.
როგორც ჟურნალისტებს კოტე გაბაშვილმა განუცხადა, რეზოლუციაში ასახულია ობიექტური სიმართლე ქართველი დევნილების შესახებ.
"გაერო-მ მიიღო რეზოლუცია ლტოლვილების საკითხზე. მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს დიპლომატიის ეს გამარჯვება. ამ რეზოლუციაში ასახულია ობიექტური სიმართლე ლტოლვილების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ გავიდა მუხლი, რომელიც ეხება ქონებას და ქონებრივ ურთიერთობებს. ასევე, ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი ეტაპი, სერიოზული ნამუშევარია გაერო-ში საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის. სწორედ დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული საქართველოს დეოკუპაცია", - განაცხადა კოტე გაბაშვილმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, წინაღმდეგი იყო 17, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.