ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ გვესაუბრება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.
- ბატონო გუბაზ, უკვე დაიწყო ახალი პოლიტიკური სეზონი, როგორ ფიქრობთ, როგორია ოპოზიციის სასტარტო მდგომარეობა?
- უკეთესი, ვიდრე ზაფხულში, არჩევნების შემდეგ იყო. ეს არჩევნები ოპოზიციისთვის კიდევ ერთ წაგებულ ბრძოლად იქცა, რამაც გააძლიერა ხელისუფლება, დაასუსტა ოპოზიცია და საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია. დღეს უკვე დაიწყო ოპოზიციის შიგნით კონსულტაციები. აშკარად ჩნდება კონსოლიდაციის ნიშნები, თუმცა არა ყველას, არამედ ორი-სამი პოლიტიკური ჯგუფის. ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სოციალური ფონი.
ყველანი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან უახლოეს მომავალში ქართულ პოლიტიკაში ბევრი "ცრუ წინასწარმეტყველი" გამოჩნდება და შეიძლება უმართავი პროცესებიც დაიწყოს. აჯანყებაზე ლაპარაკი და მისკენ მოწოდება დღეს დაუშვებელია. ხელისუფლების უბადრუკმა მოქმედებამ, უფრო სწორად კი, უმოქმედობამ, შესაძლოა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც დაარწმუნოს, რომ აჯანყების გარდა სხვა გზა აღარ არსებობს. ამიტომ საკმაოდ მძიმე შემოდგომა გველის. ვაფრთხილებ ყველას, რომ ყურადღებით ვიყოთ და იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ, რაც უკვე დავუშვით! ემოციებს აყოლა ცალკეულ ადამიანსაც და ხალხსაც ძვირად უჯდება ხოლმე. ამიტომ დროა, ავისა და კარგის გარჩევაც ისწავლონ, თანაც პოლიტიკურ ბიოგრაფიებს მიაქციონ ყურადღება და კარგად დაფიქრდნენ, ვინ რა მოტივით ლაპარაკობს და მოქმედებს.
- რას გულისხმობთ, გოგა ხაინდრავას განცხადებებს ხომ არა?
- არა, გოგას არ ვგულისხმობ. შეიძლება, რაღაც საკითხებში განსხვავებული აზრი გვქონდეს, მაგრამ მის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება.
- ბოლო ხანს "ეროვნული ფორუმის" მისამართით ხშირად ამბობენ, ჯერ გაკეთებული საქმე დაგვანახვონ და მერე ილაპარაკონო...
- ვინც ამას ამბობს, ან ბრმაა, ანაც არ უნდა არაფრის დანახვა. მე, ერთი კაცის პირობაზე, საკმაოდ ბევრი მაქვს გაკეთებული, ბოლოს და ბოლოს, "დამოუკიდებლობის აქტზე" მაქვს ხელი მოწერილი. მაგრამ, ჯერ ის იკითხონ, მქონდა კი საშუალება, რომ ამ ქვეყნისთვის უფრო მეტი გამეკეთებინა? ყოველთვის ნაძირალებსა და სულელებს შორის რომ აკეთებენ არჩევანს, ეს ხალხი გვიყენებს პრეტენზიას?
- ბოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვით...
- არ ვმონაწილეობდით და ამით მეტი საქმე გავაკეთეთ, ვიდრე მონაწილეობით გავაკეთებდით. აუცილებლად უნდა ვთქვა, კიდევ რა და როგორ მაქვს გაკეთებული, ბოლოს და ბოლოს, რომ მორჩნენ ამაზე ლაპარაკს. დავიწყოთ იქიდან, რომ კარგი ოჯახი მყავს და კარგ შვილებს ვზრდი; დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გავხდი პროფესორი; საქართველო ვასახელე დამასკოს უნივერსიტეტში.
ბედნიერი ვარ, რომ "დამოუკიდებლობის აქტს" სანიკიძემ მოაწერა ხელი. გაივლის საუკუნეები და ჩემი სახელი დარჩება. არ ვიყიდები, ქვეყანა არ გამიმწარებია, ლარი არ მომიპარავს. არც მეგობრისთვის, არც ოჯახისთვის, არც ქვეყნისთვის არ მიღალატია. ცოტაა ესა? ჩემი პატიოსნება დგას იმაზე, რომ ბევრჯერ შემომთავაზეს ამქვეყნიური სიკეთეები და უარი ვთქვი. მყავს კარგი თანამებრძოლები. უფულოდ ავაწყვეთ ამხელა პარტია. ნახეთ, "ფორუმში" როგორი წესრიგია. ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ასეთი წესრიგი იქნება ქვეყანაშიც.
- თუმცა ეჭვები თქვენ მიმართაც ჩნდება ხოლმე, რომ, მაგალითად, სოროსის ფონდი გაფინანსებთ, რომ ხანდახან, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების თამაშს თამაშობთ...
- ენის ჭარტალსა და ტლიკინს თავი დაანებონ და დოკუმენტი დადონ. ეს არის ჩვენი ერის ავადმყოფობა. საიდან, ვის დაესიზმრა, რა სოროსი?... ამისთვის პასუხი მოეთხოვება ყველას. ან დადონ დოკუმენტი, ან ენას დავუმოკლებ მაკრატლით, ან სეკატორით.
- ჯერჯერობით ოპოზიციაში ორი საკითხი იხილება, ერთია საერთო-სახალხო კრების იდეა, მეორე, საარჩევნო სიების დახვეწისა და ბიომეტრიული პასპორტების შემოღების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების თქვენეული ინიციატივა, პირველ საკითხზე თქვენ მიმართ პრეტენზია გამოთქვა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ...
- მეც მაქვს სასაყვედურო ქალბატონი ნინოს მიმართ. ამ სახალხო კრებას რომ ვიწვევთ, თემატიკა რა არის? რისთვის ვკრებთ ამ ხალხს?
აი, თქვენი გაზეთის საშუალებითაც ვეკითხები, თუმცა პირადადაც ვკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. მიშა არ ვარგა, კი, ბატონო, გავიგე, მაგრამ როგორ უნდა გავუშვათ მიშა, იციან ამ იდეის ავტორებმა? რომ არ ვარგოდა, მე 2003 წლიდან ვიცოდი, ქალბატონი ნინო 2008 წელსღა დარწმუნდა ამაში... ამიხსნან, რისთვის ვკრებთ ხალხს და დანარჩენზე მერე ვილაპარკოთ. ჩვენ რა თემატიკაც შევთავაზეთ ბურჯანაძეს, ის არ უნდა: ეს იყო საარჩევნო გარემო და ქვეყნის მოწყობის წესი.
მორჩა, ჩვენ აღარ მივიღებთ უაზრო და უმიზნო ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორიც იყო 26 მაისს სტადიონზე შეკრება. ხელახლა შევკრიბოთ ხალხი იმისთვის, რომ მერე ისევ შინ გავუშვათ და დედა გვაგინონ ისევ? კი, ჩვენ ვთქვით და დავწერეთ კიდეც, რომ მხარს ვუჭერთ ამ იდეას, ოღონდ გვაქვს ჩვენი მოსაზრება და პირობები-თქო. როგორც ჩანს, კითხვა ეზარებათ საქართველოში, მარტო ენის ჭარტალი უყვართ. მოკლედ, თუ ეს იწილო-ბიწილო არ დასრულდა, ქალბატონ ნინოს შევთავაზებ, რომელიმე არასახელისუფლებო ტელევიზიაში დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და ვილაპარაკოთ.
ბოლოს და ბოლოს, ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ვიდრე ხელისუფლებას ექნება მილიონამდე ყალბი პირადობის მოწმობა, გინდა ტელევიზია გაგიხსნან, გინდა პრესა გაათავისუფლონ, არაფერი გვეშველება, არჩევნების გაყალბებას მაინც შეძლებენ. ვიდრე არ დავითვლით რამდენი ვართ, რა ტელევიზია გვიშველის? ბიომეტრიული პასპორტების მოთხოვნისთვის ხელმოწერების შეგროვება კარგა ხანია დავიწყეთ. ახლაც მეტროს სადგურებთან და საზოგადოების თავშეყრის ადგილებთან გრძელდება ეს პროცესი, მიდით, მეგობრებო და გამოხატეთ თქვენი აზრი.
- საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის პერსპექტივაზე რას იტყვით?
- ეს არის სრული სისულელე. თუ იცით, კონფედერაციას უკვე ტაილანდიც ხომ არ უერთდება? თურქეთი ლამის შემოუერთეს უკვე... არ ვიცი, რას ემსახურება ეს ყველაფერი. გამოდის, ჩვენ შევდივართ თურქულ-თურანულ გაერთიანებაში. რატომ, თურქები ვართ თუ რა? ასეთ კონფედერაციას თუ ვქმნით, სომხებს სამუდამოდ ვიმტერებთ თუ როგორაა საქმე? სააკაშვილის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ხედავთ, რა აქტიურია? დარბის, ვერ ჩერდება...
საერთოდ, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს დიდი ენერგია აქვთ. რაზე გავაკეთო კომენტარი, რომ საქართველოში ჩამოყვანილი ინგლისურის მასწავლებლები 40 ათასი ყივჩაღის ჩამოყვანის ტოლფასია? ისე, ამ მასწავლებლებთან დაკავშირებით რაღაც ეჭვები არსებობს, მაგრამ დაუსაბუთებლად ამაზე ლაპარაკი არ მსურს. ან რომელ ავიაციის განვითარების სტრატეგიაზე ლაპარაკობს? მესტიასა და ამბროლაურშიც უნდა იყოს აეროპორტი, ამაში ვეთანხმები, მაგრამ საკითხავია, ვისთვის აკეთებს ამას, ტურისტისთვის თუ ადგილობრივი მოსახლისთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, ბილეთის ფული არ ექნება? ამ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა ტურიზმს კი არა, სამი სფეროს განვითარებას უნდა დაემყაროს. ესენია: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და განათლება.
ეს ხელისუფლება რასაც ამბობს და აკეთებს, ყველაფერი არის სისულელე, ამაში ვცხოვრობთ და მივეჩვიეთ კიდეც. სამწუხაროდ, არც ხელისუფლებას ახსოვს თავისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა და არც საზოგადოებას. გვქონდა შესაძლებლობა, არჩევანი გაგვეკეთებინა ნაცარქექიასა და ავთანდილს შორის, სამწუხაროდ, ჩვენმა ხალხმა ნაცარქექია არჩია. ორივე ჭკვიანია, გონიერი, ჩვენი ცნობიერების მკაფიო პერსონაჟია, მაგრამ დიდი გასხვავებაა მათ შორის. ნაცარქექიას ღირსების გრძნობა არ აქვს და იდეალებისთვის არ იბრძვის. მხოლოდ იმისთვის იბრძვის, რომ უსაქმოდ ეგდოს და ნაცარი ქექოს.
ავთანდილი კი ღირსეული და მოვალეობის კაცია, მაღალი იდეალებისთვის იბრძვის, არადა, ნაცარქექიობამ წალეკა ეს ქვეყანა. ნაცარქექია კია ჭკვიანი, დევს ატყუებს, მაგრამ ამ ბოლო ხანს, ვაი რომ, დევი აღარ ტყუვდება, ისიც მოჭკვიანდა და ჩვენი დანაყვა ისწავლა. სულ ვცდილობთ, თავი მოვიტყუოთ, რეალობა მოვატყუოთ და 365 დღე თოვლის ბაბუას ველოდოთ, რომელიც ჩვენს სურვილებს აასრულებს და ჩვენს საქმეს გააკეთებს. არ გამოვა ასე, მეგობრებო, ხელი ჩვენც უნდა გავანძრიოთ, თუმცა ჯერ ტვინი უნდა გავანძრიოთ და აზროვნება დავიწყოთ... ახლა დიდი ამბავია ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არადა, ბევრი არაფერი ხდება, ვერ ხედავთ, რა დაბნეულია ხელისუფლება. დააწერინებენ რაღაცას ამ დემეტრაშვილს, მერე ნახავს მიშა, არ მოეწონება, ჰოდა, ისევ ხელახლა იწყება... არ იციან, რა უნდათ, უფრო სწორად, ხელისუფლებაში უნდათ დარჩენა, მაგრამ როგორ დარჩნენ, ეს არ იციან. ისე, ხალხმა ყურები თუ არ გამოიბერტყა, კონსტიტუციის შეცვლა არც დასჭირდებათ, ისევ დარჩებიან ქვეყნის სათავეში.
- ომის საფრთხეს რეალურად მიიჩნევთ?
- რა გითხრათ, სააკაშვილი და პუტინი ერთი ყაიდის ადამიანები არიან, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს იკადრებენ. სააკაშვილი პროვოკატორია, არ მეგულება ქვეყანაში ადამიანი, ხელისუფლების მომხრეც კი, რომელიც იტყვის: - არა, სააკაშვილი მაგას არ იკადრებსო. ასე რომ, მაგის ცხელ თავში როდის რა მოდუღდება, ვინ იცის...
- ავღანეთში ქართველი მეომარი მუხრან შუკვანი დაიღუპა, რის შემდეგაც კიდევ უფრო გამძაფრდა ლაპარაკი იმაზე, მიზანშეწონილია თუ არა ამ ოპერაციაში ქართული შენაერთების მონაწილეობა.
- ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ნამდვილად დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოითხოვ, თუ არაფერი გაეცი. მაგრამ მთავარი კითხვა სხვაა: ავღანეთში ქართული ჯარი რისთვის დგას, საქართველოს ინტერესებისთვის თუ სააკაშვილის ხელისუფლების განმტკიცებისთვის? ჩვენ არ ვართ ისეთი მრავალრიცხოვანი ერი, რომ სხვაგან დაიღვაროს ჩვენი სისხლი, თუმცა ქვეყნის ინტერესებისთვის ესეც შეიძლება დავუშვათ, მაგრამ განა რა უსაფრთხოების გარანტია მივიღეთ თუნდაც აგვისტოს ომის დროს ან ახლა რა უსაფრთხოების გარანტია აქვს ჩვენს ქვეყანას? საქმე ის არის, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობით მიშა ამერიკელებს აშანტაჟებს, მე თუ არ ვიქნები ხელისუფლებაში, სხვა ავღანეთიდან ამ ჯარს გამოიყვანსო. გამოდის, რომ ის კარგი ბიჭი, გვარად შუკვანი, სამშობლოს კი არ შეეწირა, არამედ მიშას. ეს მისი ოჯახის წევრებისთვის ძნელი მოსასმენი იქნება, მაგრამ სიმართლე მწარეა, თუმცა ამის გამო გულწრფელად ვწუხვარ.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)