"მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციურ ჩარჩოს, ვერც ცუდს, ვერც - კარგს ვერასოდეს შეეგუება", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება.
- საზაფხულო პოლიტიკური ანტრაქტის შემდეგ, პოლიტიკოსთა ნაწილი ცხელ შემოდგომაზე ალაპარაკდა. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები?
- არა მარტო პოლიტიკაში, ყველა სფეროში შემოდგომის დადგომისთანავე, ცხოვრება აქტიურდება. ამიტომაც მიკვირს, როცა ივლის-აგვისტოში იწყება თითქმის ისტერიული კამპანია: სად არიან პოლიტიკოსები? რატომ არაფერი ხდება? ეს იმას ჰგავს, 250 სერიისგან შემდგარი სერიალის ჩვენება მოულოდნელად, 247-ე სერიაზე რომ შეწყვიტონ. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ცხოვრებამ ამგვარი დატვირთვაც შეიძინა - გულის გადაყოლების თუ დროის მოკვლის საშუალებად იქცა არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, ხალხისთვისაც. ამიტომ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ცხელი იქნება თუ ცივი შემოდგომა, მთავარია, რა შედეგს მოიტანს აქტიურობა.
მე ამ შემოდგომისგან განსაკუთრებულს არაფერს ველი, ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნებით და თუ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე არ მოხდა ის, რასაც ველოდით, შემოდგომის დადგომა ამ საქმეს ვერაფერს უშველის.
- რატომ განვითარდა მოვლენები ამგვარად? ვისი ბრალია: პოლიტიკოსების, ამომრჩევლის, თუ ყველამ თანაბრად უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობის ტვირთი?
- როცა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია მხოლოდ ერთი მოთამაშის - ხელისუფლების, ოპოზიციის, მოსახლეობის თუ საგარეო ფაქტორების ბრალი იყოს ყველაფერი. დღევანდელ მძიმე ვითარებამდე მიზეზთა მთელმა თაიგულმა მიგვიყვანა: ჩვენი პოლიტიკური მეხსიერება ხანმოკლე აღმოჩნდება ხოლმე. რესპუბლიკელებისთვის, ისევე როგორც "ალიანსი საქართველოსთვის" შემავალი სხვა პარტიებისთვის მთავარი სამიზნე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, რაც კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის. ზოგმა პასიურ ბოიკოტს მიმართა, ზოგმა კი ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნებში მონაწილეებს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეგვქმნოდა. ვიდრე პოლიტიკოსები და ამომრჩეველი თითს ერთმანეთისკენ ვიშვერთ, - არაფერი გამოვა.
- თქვენ ახლახან ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდით. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპაციის სამართლებრივი აღიარება მოითხოვა.
- არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილი იყოს... რომ არა ვაშინგტონისა და ევროკავშირის ქვეყნების მტკიცე პოზიცია, დღეს საქართველო ერთი მესამედით ნაკლები ტერიტორიით იქნებოდა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. მე სხვა რჩევა და სხვა თხოვნა მქონდა ამერიკელ კონგრესმენებთან. ვუთხარი ის მწარე სიმართლე, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს ქართველი სამხედროების წარგზავნით ერაყსა და ავღანეთში.
- ქართველები ამ ქვეყნებში სხვის ომში იბრძვიან, 1980-იან წლებში ისინი ავღანეთში ერთხელ უკვე იბრძოდნენ სხვა სახელმწიფოს დროშის ქვეშ... გამართლებულია მსხვერპლი?
- მსხვერპლი არასოდეს არის გამართლებული, მაგრამ ზოგჯერ გარდაუვალია. არც საქართველოში არაერთი შიდა კონფლიქტის დროს დაღვრილი სისხლია გამართლებული... უაღრესად სამწუხაროა, რომ ქართული კონტინგენტი მეომრებს კარგავს, ჩვენ ლიბერალური პარტია ვართ და ვიცით მშვიდობის ფასი, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია: არ მიმაჩნია, რომ ჩვენი ჯარისკაცები სხვის ომში იბრძვიან, რადგან მსოფლიო ისეთი ერთიანი, ინტეგრირებულია, რომ ხშირად საქართველოში მშვიდობის საკითხი, შესაძლოა, ჩვენგან დაშორებულ კუთხეში გადაწყდეს. და კიდევ - დღეს საქართველოში უამრავი უცხოელი დამკვირვებელი დგას ცხელ წერტილებში, ამიტომ პოზიცია, რომ არ გვაინტერესებს, რა ხდება მსოფლიოში, სხვის ომში მონაწილეობას არ მივიღებთ, არასწორია.
სხვა საქმეა, რომ "მანია გრანდიოზათი" შეპყრობილმა სააკაშვილმა სამხედრო კონტინგენტი მაქსიმალურად გაზარდა, რასაც ჩვენგან არავინ ითხოვდა. რატომ უნდა იყოს საქართველო ამ სამხედრო კამპანიაში ჯარისკაცების რაოდენობით მესამე თუ მეოთხე სახელმწიფო? ზედმეტი მონდომებით, ყოყოჩობით სააკაშვილის ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება.
- სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეეძლო მისი მესამედ გაპრეზიდენტების საკითხი რეფერენდუმზე გაეტანა და მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერასაც მიიღებდა...
- სააკაშვილის აბსურდული გამოსვლების კომენტირება შეუძლებელია; ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ოფიციალურად სააკაშვილის მიერ არის ინიცირებული. ახლა კი იმაზე დაიწყო საუბარი, რომ პრეზიდენტი უუფლებო არ უნდა იყოს, იმხელა სასახლეში დასასვენებლად კი არა, სამუშაოდ უნდა შევიდეს. მთავარი კი ის არის, სააკაშვილი და კონსტიტუცია აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, აი, პარკები და შადრევნები კი მასთან ასოცირდება. სააკაშვილი ვერასოდეს შეეგუება კონსტიტუციის ჩარჩოებს, ვერც ცუდს. ვერც - კარგს.
დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები კი ქვეყნისთვის მორიგი სირცხვილი და თავის მოჭრაა. და თუ დღეს პარლამენტი პრეზიდენტის ზედმეტი უფლებამოსილების გამოა ქმედუუნარო, ამ ცვლილებებით, პრემიერის გაზრდილი უფლებების გამო იქნება ხელფეხშეკრული. პრეზიდენტი და პრემიერი კი ძალაუფლებას მშვიდად გადაინაწილებენ. ხელისუფლება ბოროტად სარგებლობს იმით, რომ მოსახლეობის 90 პროცენტს საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი არ აინტერესებს, რადგან, ლუკმაპურის შოვნით არიან დაკავებული.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)