რუსეთი ოპონენტების ლანძღვაზე გადავიდა, რადგან სათქმელი არაფერი აქვს, ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომელი გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ეხება.
ნალბანდოვის თქმით, გაერო-ს რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ადგილნაცვალ ყველა პირს აქვს უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება და არ შეიძლება, ეს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
"მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეზოლუციაში ჩადებულია ისეთი პუნქტები, როგორიც არის ძალისმიერად დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობა და ადგილნაცვალ პირთა ქონებების დაცვა", - განაცხადა ალექსანდრე ნალბანდოვმა.
მისივე თქმით, გაეროს მიერ ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ რუსეთის პოზიცია გასაკვირი არ უნდა იყოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს 64-ე ასამბლეის რეზოლუციას კონტრპროდუქტიულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მათ დასავლელ პარტნიორებს, ადრე თუ გვიან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამიოუკიდებლობის აღიარება მოუწევთ.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ გაერო-ს რეზოლუციას ისედაც რთულად მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებზე შესაძლოა, გართულებები მოჰყვეს.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 7 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.