რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ქართულ მხარეს აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციისაგან, სავარაუდოდ, რა ხდება მედვედევ-პუტინს შორის და როგორ უნდა დაიცვას თავი ქართულმა მხარემ რუსეთის მხრიდან პერმანენტული ზეწოლისა და პროვოკაციის მცდელობებისაგან, "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
-ბატონო სოსო, აშშ-ის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გეგმავს. თქვენი აზრით, პრაქტიკული თვალსაზრისით, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ქართულ მხარეს კონგრესის მხარდამჭერი რეზოლუციისაგან?
-კონგრესი აშშ-ის მთავარი საკანონმდებლო ორგანოა, ამიტომ კონგრესის მხარდამჭერი რეზოლუციები კონგრესის პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია. ასეთი რეზოლუციები აშშ-ის კონგრესს ძალიან ბევრი მიუღია ისრაელთან, ბალტიისპირეთთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელ პერიოდში, ბუშის მმათველობიდან, ანუ 2000 წლიდან მოყოლებული, ამგვარი რეზოლუციების რიცხვი მრავლდება და უკვე საკმაოდ ბევრია. ამგვარი რეზოლუციებით უფრო სერიოზული გადაწყვეტილებებისათვის პოლიტიკური ფონი იქმნება. მაგალითად, როდესაც უცხო ქვეყნისათვის დახმარების გამოყოფის საკითხი დადგება, ამ რეზოლუციის მატერიალიზაცია სწორედ საქართველოსათვის გამოყოფილი თანხის ოდენობაში აისახება. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სახის მხარდამჭერი რეზოლუციები, მით უფრო გაიზრდება საქართველოს მხარდამჭერ კონგრესმენთა რიცხვი, რაც თავის მხრივ, აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი დახმარებაზე აუცილებლად აისახება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთ გადაწყვეტილებას აშშ-ის მმართველი, ობამას პარტია მოახლოებული არჩევნების წინ იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონგრესის ამგვარი რეზოლუცია ამერიკელი ამომრჩევლის სიმპათიებს პასუხობს და მათი პოზიციის ადეკვატურია. ამერიკის ნებისმიერი პოლიტიკოსი მონიტორინგს უწევს საზოგადოებრივ აზრს მის ქალაქში, შტატსა თუ საარჩევნო ოლქში, საიდაც ის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. საქართველოსთან დაკავშირებით მისაღები რეზოლუცია აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. ნოემბრისათვის დაგეგმილი არჩევნები ამერიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. მთლიანად იცვლება სენატი, ხოლო წარმომადგენელთა პალატა 25%-ით. "რესპუბლიკელები" რევანშისათვის არიან განწყობილი და მათი წინასაარჩევნო რიტორიკა ასეთია – ობამამ დაივიწყა აშშ-ის ერთგული მოკავშირეები, რომლებმაც ამერიკის ფასეულობები აღირეს და ცივილიზებული გზით განვითარებას ცდილობენ. ობამამ აშშ-ის მეგობრები რუსეთთან საეჭვო გადტვირთვის პოლიტიკას შეწირა. რაც უფრო მეტი დრო გადის, ამერიკელი პოლიტიკოსები მით უფრო კარგად ერკვევიან თუ რა არის გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. აშშ-ში სულ უფრო და უფრო პესიმიზმი და ეჭვი ჩნდება გადატვირთვის პოლიტიკის ეფექტურობაში. ფაქტია, რომ ამაში თავისი "წვლილი" თავად რუსეთმა შეიტანა, მაგრამ ეს ვითარების არსს არ ცვლის.
შეიძლება ვთქვათ, რომ აშშ-ის მმართველი პარტია არჩევნებზე საქართველოზე მიღებული რეზოლიციით მიდის, - ანუ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ქალბატონ ჰილარი კლინტონის განცხადებით იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს რუსეთს ოკუპირებული. კონგრესის რეზოლუცია იმას ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს არ მიატოვებს და დაეხმარება. ამგვარი განცხადებები ამერიკაში საზოგადოებრივ აზრს ქმნის. საზოგადოებრივი აზრის მთელი ძალა ჩვენ ჯერ არ გაგვიცნობიერებია. ეს გასაკვირი თუნდაც იმის გამოა არაა, რომ ჩვენი საზოგადოება საბჭოთა ეპოქიდან მოდის და საზოგადოებრივი აზრის ძალა ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვს.
-ამას წინათ, რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი თავისი რუს კოლეგა პოლიტოლოგის დიმიტრი ტრენინის სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც ტრენინი საქართველოსთან შერიგების ვარიანტებს განიხილავდა. მარკედონოვის აზრით, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს გამო დასავლეთთან პრობლემები არ შექმნია, საერთოდ რა საჭიროა საქართველოსთან შერიგება? თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად აფასებს ვითარებას მარკედონოვი?
-მოსკოვის კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელმა ტრენინმა საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა თავისი პერსონალური ხედვა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების შესახებ. მარკედონოვმა ცივი წყალი გადაასხა ტრენინის მოსაზრებებს და განაცხადა - საერთოდ რა საჭიროა საქართველოსთან შერიგებაზე ფიქრიო. საოცარი ისაა, რომ ახლა მარკედონოვს ხელფასს ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკული ფონდი უხდის. მაშინ, როცა იგივე ამერიკა და მთელი ცივილიზებული მსოფლიო პრინციპული წინააღმდეგია ნებისმიერ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის არსებობის და მის აღმოსაფხვრელად და სტაბილური და კეთილმეზობრული განწყობის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს, კიდევ გასარკვევია, ვის ახმოვანებს მარკედონოვი.
-იმავე მარკედონოვის სტატიაში არის საინტერესო მინიშნება -Саакашвили – это всерьез и надолго. თქვენი აზრით, მარკედონოვის ამგვარი დაკვირვება რას შეიძლება ნიშნავდეს?
-რუს პოეტს, სერგეი ესენინს ერთ-ერთ ლექსში ასეთი რამ აქვს ნათქვამი – К лицом к лицу, лица не увидать, большое видется на растояний. ეტყობა, შორიდან მართლაც უფრო კარგად სჩანს. ახლა მარკედონივი ამერიკიდან აფასებს პროცესებს, ამერიკა კი მოგეხსენებათ, საქართველოდან მართლაც ძალიან შორსაა.
-პრეზიდენტ მედვედევის თანამოაზრე და თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იგორ იურგენსი აცხადებს, რომ 10 წელიწადში რუსეთი ნატოს წევრი გახდება. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალისტურია იურგენსის პროგნოზი?
-რუსეთის ნატოში 10 წლის ვადაში გაწევრიანების გეგმა იურგენსის ინსტიტუტმა პრეზიდენტს რუსეთის უახლოესი 10 წლის განვითარების ფარგლებში შემუშავებულ მოხსენებაში წარუდგინა. იურგენსის ეს განცხადება მასხრად აიგდო რუსეთის წარმომადგენელმა ნატო-ში დიმიტრი როგოზინმა. როგოზინმა ამ საკითხისადმი გამოქვეყნებულ სტატიაში პირდაპირ მიუთითა, რომ "ნატო რუსეთს არ ელოდება." ეს ფრაზა პირველად პუტინმა მას შემდეგ თქვა, როცა იგი ბრიუსელში თავისი პრეზიდენტობის დროს პირველი ვიზიტიდან მოსკოვში დაბრუნდა.
მაშინ პუტინმა ნატო-ს გენმდივანს რუსეთის ნატო-ში გაწევრიანება შესთავაზა, მაგრამ მას მაშინვე უთხრეს, რომ მაიმუნობისთვის თავი დაენებებინა, ნატოსთან თანამშრომლობაზე ეფიქრა და არა მასხარაობაზე. ამის შესახებ ნატო-ში ჩვენ ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ორიოდე წლის წინ ბრიუსელში ყოფნისას მოგვითხრო. როგოზინიც ველიკოდერჟავული ნაციონალისტია, მაგრამ ნატო-ში კარგა ხანია მოღვაწეობს, ნატო-ს შიგნიდან იცნობს და კარგად იცის, რასაც ამბობს. რუსეთის პრეზიდენტი, პუტინის ოპონენტი უკეთიშობილესი ქალბატონი, ცნობილი ადამიანის უფლებათადამცველი ლიუდმილა ალექსეევაც რომ გახდეს, ბრიუსელი რუსეთს ნატო-ში მაინც არ მიიღებს. სანამ ალიანსი არსებობს, იქ რუსეთის ადგილი არ არის.
მიკვირს, როგორ არ ესმის ეს თავად ბატონ იურგენსს. ეს რომ რეალური იყოს, მაშინ გაუგებარია, რატომ იკლავს თავს მედვედევი ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნაზე, რომლის მონაწილე რუსეთიც უნდა იყოს. მედვედევმა იცის, რომ ნატო-ში რუსეთის წევრობას პერსპექტივა არა აქვს და იგი ნატო-ს იმგვარი პარალელური სტრუქტურების შექმნას ცდილობს, სადაც გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის გზით იქნება შესაძლებელი. რუსეთს ისეთივე ვითარების შექმნა უნდა, როცა გადაწყვეტილების მიღება მასზე იქნება დამოკიდებული, - როგორც გაეროს უშიშროების საბჭოსა და ეუთო-ში. მოვლენათა ამგვარი განვითარების წინააღმდეგ არიან ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც გერმანია და საფრანგეთია, რომელთაც, სხვათა შორის, უარი თქვეს თბილისში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე.
-ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლება-არგათავისუფლების თემამ რუსეთის საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ვითარება საკმარისზე მეტად დაძაბა და გააბუნდოვანა. თქვენი აზრით, რა ხდება მედვედევსა და პუტინს შორის?
-რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, საზოგადოებისათვის მით უფრო ხილული ხდება აისბერგის წყალქვეშა ნაწილი. მხედველობაში მაქვს, მედვედევსა და პუტინს შორის სულ უფრო ცუდად შენიღბული წინააღმდეგობა. ცდუნების ძალა დიდია. მედვედევს პრეზიდენტობა მოეწონა. მართალია, რეალურად ვითარებას პუტინი აკონტროლებს, მაგრამ პრეზიდენტი მას ჰქვია. პუტინმა კარგად იცის, რომ თუ მედვედევი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი, იგი მას პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორებს. საერთო აზრია, რომ მედვედევი პუტინის სკამის დარაჯია, მაგრამ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მედვედევს სკამის დარაჯის როლი აღარ აწყობს. ეს პუტინმა მშვენივრად იცის და ამიტომაცაა, რომ სულ აქტიურობს. ერთ-ერთმა რუსულმა გაზეთმა გამოთვალა, რომ პუტინი რუსულ ტელეარხებზე სამჯერ უფრო მეტხანს ჩანს, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი.
საპრეზიდენტო კამპანია დაწყებული რომ არ იყოს, პუტინი ციმბირში რუსული მანქანით არ გაისეირნებდა. ასე ავლენს ის რუსულ პატრიოტიზმს, თუმცა, რუსული პრესა წერდა, რომ მანქანას, რომლითაც პუტინმა ციმბირის გზა გაიარა, უკან ტრაქტორი მიჰყვებოდა და პრემიერ-მინისტრის მანქანა ტალახიდან ამოჰყავდა. ერთი სიტყვით, ის რაც ახლა რუსეთში ხდება, ყველაფერი 2012 წლისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მედვედევსა და პუტინს შორის ურთიერთობების გარკვევას უკავშირდება.
-ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მომავალი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლის წლები იქნება. თქვენი აზრით, როგორ უნდა დაიცვას თავი საქართველომ რუსეთის პერმანენტული ზეწოლის მცდელობებისაგან?
-რუსეთის აგრესიისაგან დასაცავად ჩვენ ნერვების გაკაჟება გვმართებს. ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსეთის მხრიდან მომდინარე იაფფასიან პროვოკაციებს. ესკინი და მარკოვი რომ არ შემოვუშვით საქართველოში, ძალიანაც სწორად მოვიქეცით. ახალგორის რაიონში რუსებმა მიწაყრილით გზა გადაკეტეს და ჩვენს მოსახლეობას პრობლემებს უქმნიან. რუსებს ახლა სიზმარშიც ესიზმრებათ, რომ ამ მიწაყრილის გასახსნელად ქართული არმია მივა და შემდეგ მათ ცეცხლის გახნის საბაბი მიეცემათ. შემდეგ, ისევ გამოჩნდება ტალიავინის მსგავსი კომისია, რომელიც იტყვის, მართალია, რუსები საქართველოში 200 წელია პროვოკაციებს აწყობენ, მაგრამ ომი საქართველომ დაიწყოო.
ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ხალხის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლება, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ქვეყნის გაძლიერება უნდა იყოს. ასეთ ვითარებაში რუსულ პროვოკაციებს ეფექტი აღარ ექნება. ამასთან ერთად, საქართველომ ყველა დონეზე უნდა გამოიყენოს საერთაშორისო ასპარეზი. რუსეთის ნებისმიერ პროვოკაციას დიპლომატიურ ასპარეზზე უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენ ჩვენი სიმართლე ყველაზე ჩაბნელებულ კუნჭულამდე უნდა მივიტანოთ. მთელ მსოფლიოს ყოველდღე უნდა ესმოდეს რას უკეთებს რუსეთი საქართველოს. როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს დამონებას. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს კვალიფიციურად და არა ისტერიულად და დილეტანტურ დონეზე ყოველდღე უნდა მიეწოდოს.
კობა ბენდელიანი