ნატო-მ გადაწყვიტა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება და ეს პოზიცია უცვლელია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტში 2008 წელს ნატო-მ მიიღო, უცვლელია.
"საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ შეასრულებს, დააკმაყოფილებს სათანადო კრიტერიუმებს. დაგეხმარებით, რათა კრიტერიუმები იყოს დაკმაყოფილებული, შესრულებული. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან საქართველო-ნატო-ს კომისიის ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნაში მივიღე მონაწილეობა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ნატო-საქართველოს შორის ურთიერთობის გზაზე", - განაცხადა რასმუსენმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს აღიარებს და მყარად უჭერს მხარს.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რაც მათ აიღეს 6-პუნქტიანი შეთანხმებით, 2008 წელს", - აღნიშნა რასმუსენმა.