ნოვოდვორსკაია: უნდა გახსოვდეთ, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობის სურვილზე უარი არ უთქვამს

ნოვოდვორსკაია: უნდა გახსოვდეთ, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობის სურვილზე უარი არ უთქვამს

საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავების სკანდალური ისტორიის მიზეზებსა და მომხდარზე რუსეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების სავარაუდო რეაქციაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ რუს ადამიანის უფლებათადამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა.

- ქალბატონო ვალერია, როგორ შეაფასებდით საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავების ფაქტს? თქვენი აზრით რასთან გვაქვს საქმე?

- თქვენ, საქმე გაქვთ რუსეთთან. ბოლოს და ბოლოს თქვენ უნდა გაერკვეთ იმაში, რომ საქმე გაქვთ ძალიან ბოროტ მტერთან, რომელიც თქვენდამი კეთილგანწყობილი მხოლოდ მაშინ იყო, როცა მისი პროტექტორატის ქვეშ იყავით. როგორც კი რუსეთმა საქართველოზე კონტროლი დაკარგა, მან საქართველო შეიძულა. საქართველო ისეთი ქვეყანა არ აღმოჩნდა, როგორადაც რუსეთი მას მიიჩნევდა. რუსეთი ქართველ ხალხს მომსახურე პერსონლად, პლიაჟზე მწვადის შემწვავად, ჩოხაში მოცეკვავე ადამიანებად განიხილავდა, რომელიც მის საკურორტო სეზონსა და დასვენებას უზრუნველყოფდა. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ორიენტაცია დასავლეთზე აიღო, რეფორმების გატარება დაიწყო და სტალინის ძეგლიც აიღო, რუსეთი გაოგნებული დარჩა. დროა მიხვდეთ, რომ რუსეთს დემოკრატიული და რეფორმირებული საქართველო არ სჭირდება.

სულ არ მაინტერესებს რუსი მზვერავების ვინაობა. ვიცი, რომ მათთვის არავის არასდროს არაფერი უსწავლებია. რა სადაზვერვო მონაცემები უნდა მოეპოვებინათ მათ საქართველოში, როცა საქართველოს ხელისუფლება არაფერს მალავს. ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩასვლა, აეროპორტში ვიზის მისაღებად 50 დოლარის გადახდა და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენა. ჩემი აზრით, ჯაშუშების მთავარი ამოცანა შიდა ოპოზიციის მხარდაჭერა იყო. საბჭოთა უშიშროების, მილიციის ყოფილ თანამშრომლებსა და კორუმპირებულ ადამიანებს უნდა შეექმნათ იატაკქვეშეთი, რომელიც ოპოზიციას ზურგს გაუმაგრებდა. ამგვარი ჯაშუშების მუშაობა მოღალატეების არსებობის პირობებშია შესაძლებელი. საქართველოსთვის მოსკოვზე მეტად საშიში ქვეყანაში მოღალატეების არსებობაა.

ახლა რუსეთი ბევრს იხმაურებს იმაზე, რომ საქართველოში უდანაშაულო ხალხს იჭერენ, ქვეყანაში ტერორია, მიმართავენ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას და თბილისში კოვალიოვს გამოაგზავნიან. საქართველოსთვის რუს ჯაშუშებზე მეტად სახიფათო ისეთი ოპოზიციონერები არიან, როგორიცაა ნინი ბურჯანაძე და ცოტნე გამსახურდია, რომლებიც თავისი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მზად არიან საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინონ.

- როგორ შეაფასებდით მომხდარზე ოფიციალური მოსკოვის რეაქციას? რუსეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს ჯაშუშების ისტორიით სურდა რუსეთ-ნატოს დაახლოებისთვის ხელის შეშლა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა ჯაშუშობის დამადასტურებელი ფაქტების დალოდება კი არჩია, მაგრამ მომხდარი მაინც "პოლიტიკურ ფარსად" შეაფასა...

- როგორც იტყვიან, ქურდს ქუდი ეწვის. ქურდი ყოველთვის ამტკიცებს, რომ იგი არაფერ შუაშია და სხვები არიან ქურდები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგა ხანია ცირკის დასად გადაიქცა. ისინი დილიდან საღამომდე იმას ჩივიან, რომ რუსეთი არავის უყვარს. მაგრამ გაუგებარია, ვის და რისთვის უნდა უყვარდეს ისეთი რუსეთი, როგორიც ის დღესაა. რუსეთისთვის რამეში ხელის შეშლა უკვე შეუძლებელია, ვინაიდან ყველამ იცის რას წარმოადგენს იგი, მაგრამ ითმენენ. ითმენენს გაზის, ნავთობის, იარაღისა და მისივე გასაღების ბაზრის გამო. სამწუხაროა, რომ ლისაბონის ნატო-ს სამიტისაგან რუსეთს არ გამოაძევებენ, არადა, ფაქტია, რომ იგი სწორედ ამას იმსახურებს.

- როგორც ითქვა, ჯაშუშები საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს სწავლობდნენ. თქვენი აზრით, რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს სამხედრო პოტენციალის შესწავლა? შეიძლება ვივარაუდოდ, რომ რუსეთი საქართველოსთან კიდევ ერთი ომისთვის ემზადება?

- ჩახმახი შემართული უნდა გქონდეთ. თეთრ სახლში ბუში არა ზის. ოვალური კაბინეტი ობამას აქვს დაკავებული. რუსეთი იმედოვნებს, რომ ობამა რუსეთის მხრიდან საქართველოს დაპყრობის მეორე მცდელობის შემთხვევაში საქართველოს დასახმარებლად არც ხომალდებს და არც თვითმფრინავებს არ გამოგზავნის.

ვითარებაში, როცა რუსეთის არმია იმდენად სუსტია, რომ შესაძლოა მან ქართული ჯარიც ვერ დაამარცხოს და რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოს სამხედრო პოტენციას სწავლობს, თქვენ ფხიზლად უნდა იყოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობის სურვილზე უარი არ უთქვამს.

- თქვენი აზრით, რა დამოკიდებულება ექნება ჯაშუშების სკანდალთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებას? მას შემდეგ რაც რუსი ჯაშუშები აშშ-ში "ჩავარდნენ", საზოგადოება ცოტა მაინც არ გამოფხიზლდა?

- არა, არ გამოფხიზლებულა. საზოგადოება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, უწიგნურია და საერთაშორისო საქმეებში არაფერი გაეგება. რუსეთში არსებობენ ოპოზიციონერთა პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებსაც საქართველოში ჯაშუშების ისტორია არ მოეწონებათ, მაგრამ თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რუსეთი იმპერიული ქვეყანაა და რუს დემოკრატსა და ლიბერალებსაც იმპერიული მენტალობა აქვთ. რეალურად, რუსეთში საქართველოს დამცველი ბევრი არავინაა. რუსი ჯაშუშების საქართველოში დაკავების ფაქტი რუსეთის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაში საქართველოსადმი უკმაყოფილებას და წყენას გააღრმავებდა. სააკაშვილთან საუბარი არ სურს არა მარტო მედვედევს, არამედ რუს დემოკრატ-ლიბერალთა უმრავლესობას. კასიანოვ-ნემცოვსაც არ უყვართ პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი საქართველოსთან ომს მხარს არ დაუჭერენ. რუსეთის საზოგადოებაში ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფს თუ შეაწუხებს საქართველოში რუსი ჯაშუშების გახმაურებული სკანდალი.

ამიტომ ვამბობ, თქვენ რუსული საზოგადოების იმედი იმის გამო არ უნდა გქონდეთ, რომ რუსული საზოგადოება მონაა და თანაც გაუნათლებელი. მონები იმპერიაში ცხოვრებას არიან მიჩვეული და ჰგონიათ, რომ მათ, ოქროს თევზი, ვინმემ ლანგარზე უნდა მიართვას.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე