საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
30-წუთიან გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ცალმხრივი ინიციატივით, რომ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს გამოიყენებს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ინიციატივა დაძაბულობას განმუხტავს და შესაძლებელს გახდის სერიოზული მოლაპარაკებების წარმართვას.
"საქართველოს მთავრობას ყოველთვის ესმოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს ხელშეკრულება მკაფიოდ კრძალავს ძალის გამოყენებას, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ნამდვილად იღწვის რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაჭრელად, დღეს ცალმხრივი ინიციატივით გამოვდივართ, რათა გამოვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად; რომ ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციის და გაერთიანების განსახორციელებლად. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი თუ რუსეთის შეიარაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანთა უფლებების დარღვევას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, ახალი შემოჭრის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიის იმ 80%-ზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სათანადო წერილებით გაერო-სა და ეუთო-ს გენერალურ მდივნებს, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს.
"ამ წერილებში მკაფიოდ იქნება გაცხადებული, რომ ჩვენ არ გვინდა ძალის გამოყენება ჩვენი უკანონოდ დაყოფილი ქვეყნის გასაერთიანებლად - არც საოკუპაციო ძალების და არც მათი მარიონეტების წინააღმდეგ, მაშინაც კი, თუნდაც გაერო-ს წესდება ამის უფლებას გვაძლევდეს. ჩემი პირობა აქ, თქვენს წინაშე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფოს ცალმხრივ დეკლარაციას. ეს ინიციატივა არ არის ადვილი ქვეყნისთვის, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია და 500 ათასი იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს ითვლის. მე მზად ვარ ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგისთვის ჩემს რუს პარტნიორებთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ნახევარსაათიანი გამოსვლა მიხეილ სააკაშვილს ევროპარლამენტში ტაშით შვიდჯერ შეაწყვეტინეს.