გუბაზ სანიკიძე: "სააკაშვილის ხელისუფლებაა ლეგიტიმური და ეს კრება არ არის ლეგიტიმური?!"

გუბაზ სანიკიძე: "სააკაშვილის ხელისუფლებაა ლეგიტიმური და ეს კრება არ არის ლეგიტიმური?!"

წარმომადგენლობით სახალხო კრებას ქართული ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა. საინიციატივო ჯგუფმა კი კრების გამართვამდე ერთი დღით ადრე, 24 ნოემბერს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მიმართა და შეახსენა, რომ ყველა კანონისა და წესის თანახმად, უკანონო ბრძანების შესრულება დანაშაულია. "საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაგვყოს, ერთ მხარედ - პოლიცია და ჯარი აქციოს, ხოლო მეორე მხარედ - ხალხი.

თქვენ ეს არ უნდა დაუშვათ. თქვენ წინ უნდა აღუდგეთ ჩვენი ხალხის დანაწევრებას და დაპირისპირებას" - ნათქვამია წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. მოვლენების როგორ განვითარებას ელიან კრების წევრები, ამ საკითხზე გვესაუბრება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე:

- ბატონო გუბაზ, სერიოზული ყოყმანის შემდეგ "ეროვნულმა ფორუმმა" გადაწყვიტა, სახალხო წარმომადგენლობით კრებას შეერთებოდა...

- მიგვაჩნია, რომ არ უნდა გაუფასურებულიყო სახალხო კრების იდეა, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებასაც ბოლო ხანს მაყურებლის როლის თამაში და პასუხისმგებლობისგან გაქცევა დასჩემდა. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ვუჭერდით ამ იდეას მხარს, მიგვაჩნდა, რომ რაღაც-რაღაცები სხვაგვარად უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არა უშავს...

"ფორუმმა" გაამარტივა პრობლემა და იმოქმედა ცნობილი პრინციპით: "ჩემი მოწინააღმდეგის მოწინააღმდეგე ჩემი მოკავშირეა". ბოლოს და ბოლოს, იმის გარკვევაც მაინტერესებს, ამ ქვეყანაში ხალხი მზად თუ არის რეალური ცვლილებებისთვის. თითქმის ყოველდღე ვხვდები რიგით ადამიანებს და ვხედავ მათ გააფთრებულ დამოკიდებულებას ამ ხელისუფლების მიმართ. საინტერესოა, ეს ხალხი თუ მოახერხებს პროტესტის ხმამაღლა გამოთქმას. გარდა ამისა, საზოგადოებაშიც იყო ოპოზიციის ერთობის შეკვეთა. მოკლედ, კრებაში ვმონაწილეობთ და ვიკისრებთ პასუხისმგებლობას როგორც გამარჯვებაზე, ასევე დამარცხებაზე.

- რას ელით, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

- ამ პროცესის წარმატება ხალხზეა დამოკიდებული.

- რას აპირებთ?

- წინასწარ ვერ ვიტყვი. კრებაზე გაიგებს ყველა ყველაფერს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ სამოქმედო სტრატეგია არსებობს...

- სპორტის სასახლეში შეკრებისას ბრძანეთ, ხალხმა დიდი ქართული შეთქმულება უნდა მოაწყოსო, რას გულისხმობდით?

- შეთქმულებაში იგულისხმება იმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ხდება საქართველოში. ვერ ხედავთ, საქართველო ლამის სიკვდილის პირასაა. შეთქმულება შეიძლება იყოს ორგვარი: ფარული და აშკარა. ჩვენ უნდა მოვაწყოთ ღია შეთქმულება იმ ძალადობის წინააღმდეგ, რასაც ეს ხელისუფლება ეწევა ქართველი ხალხის მიმართ.

- ძალადობას ძალადობით დაუპირისპირდებით?

- არავითარ შემთხვევაში, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, თუმცა საბოლოოდ ძალადობას აირჩევს ხელისუფლება. ჩვენ არადანის პოზიციას დავიკავებთ.

- კრების ინიციატორთა თქმით, მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იქნება. უკვე იმდენჯერ დაიწყო საპროტესტო მოძრაობა ამ ქვეყანაში მაგ მოთხოვნით და იმდენჯერ დასრულდა კრახით...

- კრება აპირებს სერიოზული დოკუმენტების მიღებას. მოდი, დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებებს და მერე ვისაუბროთ.

- ფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტები ლეგიტიმური იქნება?

- მოიცა რა, სააკაშვილის ხელისუფლებაა ლეგიტიმური და ეს კრება არ არის ლეგიტიმური? ნუ გავიწყდებათ, ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ქართველი ხალხი...

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კრება არის რუსული პროექტი...

- მეტი რა აქვთ სათქმელი? ეს არის მაგათი ბოლო არგუმენტი, მაგრამ რამდენჯერ უნდა თქვან ერთი და იგივე და ვერაფრით დაამტკიცონ? "ეროვნული ფორუმი" რუსულ პროექტში არასდროს მიიღებს მონაწილეობას. არავითარი რუსული პროექტი ეს არ არის. ისე, მაინტერესებს, სააკაშვილი ვისი პროექტია? ამბობენ, ამერიკულიო, მაგრამ რაც პრეზიდენტი გახდა, სულ რუსეთის საქმეს აკეთებს. ისე, ეგ მგონი, უფრო სიშლეგის პროექტია.

ვინმემ იცის, ეს ქვეყანა საით მიდის, ტერიტორიული მთლიანობისა და სოციალური პრობლემები როგორ გვარდება, არის კი ეს ხელისუფლება ამ პრობლემების გადამწყვეტი? სააკაშვილი მატყუარა და ფლიდი ადამიანია, მასხარა, რომელიც ატყუებს ქართველობას.

- და მშვენივრად ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას...

- სამწუხაროდ. და ეს არის საზოგადოების პრობლემა. სააკაშვილი ამას კარგად ხვდება. ასეთი პოზიცია აქვს, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ და აბა, დამიშალეთო. გახსოვთ, რომ თქვა, ოპოზიციაში რომ ვიყო, სამ თვეში ჩამოვშლიდი ამ ხელისუფლებასო, ამით ბევრი რამ აღიარა. ამით თქვა, დასამხობი და გასაშვები ვარ, უბრალოდ, ამას თქვენ ვერ ახერხებთო. ყაჩაღებად და მეკობრეებად იქცნენ. ექიმებს, მასწავლებლებს რა დღეში ყრიან, ვნახეთ. საწყალი ბიზნესმენები რას იტანენ.

- თუმცა ნატოს სამიტის შედეგების მიხედვით, საგარეო ასპარეზზე საკმაოდ წარმატებულია ხელისუფლება...

- რას ეძახით წარმატებას? ნატოს სამიტზე მოხდა მეტად საინტერესო ამბავი, რუსეთი და ნატო ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამათ კი რამდენიც უნდა იძახონ, გავიმარჯვეთო, მტკნარი სიცრუეა...

- თუმცა ამბობენ, რომ ამ დაახლოების ფარგლებში შეიძლება საქართველოს პრობლემებიც მოგვარდეს...

- გააჩნია, როგორ და ვის ხარჯზე მოგვარდება, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ეს საქართველოს ხარჯზე მოხდება?! საქართველო აღარ არის ნატოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა, ჩვენ შეიძლება ხურდად დავჭირდეთ ვინმეს. ჩვენ ვართ ჩიხში მოქცეული, მიყრუებული პროვინცია. საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო ფუნქციადაკარგული ქვეყანაა და ეს არის მიხეილ სააკაშვილის ბრალი.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა ქართული ოპოზიციისთვის სერიოზული დარტყმა იყო.

- რატომ იყო დარტყმა? რომ შეხვდა, ჩვენთვის რა შეიცვალა? ხანგრძლივი ხვეწნა-მუდარის შემდეგ შეხვდა, როგორც იქნა... დიდი ამბავი!

- ეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერა?

- ხელისუფლება ცდილობს, ასე წარმოაჩინოს, მაგრამ ვინც ამას ყლაპავს, დაე, ყლაპოს... იმას ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს შეხვედრა. არ ვიცი, ამ შეხვედრით თუ გამოიკვებებიან ამ ზამთარს ან თუ გათბებიან... ვის აინტერესებს, ვის შეხვდება სააკაშვილი? - აინტერესებს მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდას. ბუშს რომ ხშირად ხვდებოდა, რა მოიგო ამისგან საქართველომ? გავიგეთ, რომ მხარს უჭერენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მერე რა შედეგი მოჰყვა ამას, გოჯით მაინც წავიწიეთ წინ ამ მიმართულებით?

- ბოლო ხანს გაისმა განცხადებები ვადამდე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე.

- შეიძლება დანიშნონ კიდეც. ხელისუფლების მოტივაცია ის იქნება, რომ კიდევ ერთხელ გააპოს შუაზე და გააჩანაგოს ოპოზიცია. ამ საარჩევნო გარემოში "ნაცმოძრაობა" არის დაუმარცხებელი ორგანიზაცია. მილიონი გაყალბებული ხმა რომ გიდევს ჯიბეში, როცა გინდა, მაშინ დანიშნავ და მოიგებ არჩევნებს.

- თუმცა თქვენ იყავით ინიციატორი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასთან კონსულტაციების დაწყებისა...

- ვიყავით და დღესაც ეს უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, მაგრამ ამ პროცესის წარმატების წარმართვას პირი არ უჩანს, როგორც ჩანს, გარედან კარგად უნდა მიუბრახუნო, რომ ეს ხალხი გონს მოვიდეს. კრებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ქვეყანას რას ვუპირებთ. სჯობს, არჩევნებით გავუშვათ ეს ხელისუფლება, მაგრამ კითხვა ასე ისმის - ექნება კი აზრი ამ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ხელისუფლება ისევ ხაფანგს დაუგებს ოპოზიციას, რომელშიც ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ საკუთარი ნებით გაებმება?

თუ ისევ ვანო მერაბიშვილმა ჩაატარა არჩევნები, ბუნებრივია, ოპოზიცია წააგებს. მე ასეთი განწყობა არ მახსოვს ხალხში, ეს არის გამძვინვარებული ხალხი. იფიქროს ამაზე ხელისუფლებამ, ვიდრე დროა, თორემ აქ ისეთი ამბები შეიძლება დატრიალდეს, ყველა და ყველაფერი წალეკოს. მშიერ ბუნტზე საშიში არაფერია, ამასთანავე, რეალური საფრთხე არსებობს.

ატყობთ, რა ხდება, როგორ გაიზარდა თვითმკვლელობათა რიცხვი, თავს იწვავს ხალხი, მაღალი სართულებიდან ხტება, შიდაოჯახური დაპირისპირებებია, ძმა ძმას არ ინდობს და ბიძა - ძმისწულს, ეს კარგი ცხოვრების გამო არ ხდება. თუ მარტივად შევხედავთ, ეს ერთი მხრივ არის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პრობლემა, მაგრამ თუ სიღრმისეულად განვიხილავთ, ეს საზოგადოების კრიზისია. საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ასეთი ხელისუფლება.

უფრო სწორად, არ უნდა მიუშვას ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში. ახლა გაიძახიან, არ გვეგონა, სულელი თუ იყოო. კი მაგრამ, ტელევიზორში არ ჰყავდათ ნანახი? მოვრჩეთ თავის მოტყუებას და რეალობა შესაბამისად შევაფასოთ. კონფორმისტების საზოგადოებაა ქართველი საზოგადოება, ყველაფერი სანახევროდ რომ ეხერხებათ - ვაჟკაცობაც, ლაჩრობაც, სიყვარულიც, სიძულვილიც...

თან მორწმუნეები არიან, თან კუდიანებთან დარბიან სამარჩიელოდ. ასე არაფერი გამოვა. მიშა არის ამ ყველაფრის შედეგი, მიზეზი კი ჩვენ - ყველანი. ლეგენდებსა და მითებში ცხოვრებას უნდა მოეშვან ქართველები. ნურც ოპოზიციისგან მოითხოვენ ამას, ყველამ თავისი წილი საქმე გააკეთოს... ყველამ თავის თავში უნდა დასძლიოს ნიჰილიზმი და შიში. თუ არადა, ირბინოს მიშამ შიშველ-ტიტველმა, არიგოს დაპირებები, ვინც ამას მიიღებს, მაგის შემდეგ პრეზიდენტად ეყოლება მურვან ყრუ, მერე - შაჰ-აბასი, მერე - ჯალალედინი და ა.შ.

- გუბაზ სანიკიძე როგორ მოიქცევა, პოლიტიკიდან წავა?

- მე პოლიტიკოსობის გარეშეც გუბაზ სანიკიძე ვიყავი და მომავალშიც ვიქნები. ბევრისგან განსხვავებით, პროფესია მაქვს და ჩემი საქმის პროფესიონალიც ვარ, ვიღაც-ვიღაცებივით შრომის წიგნაკი პოლიტიკოსობით კი არ გამიხსნია. ისე, ამას წინათ ვნახე, ჟურნალისტი ბავშვებს დასდევდა კითხვით - პირველ მსოფლიო ომში რამდენი ქვეყანა მონაწილეობდაო, ნეტავ, თვითონ იცის? ან პარლამენტში რომ ჩამოიაროს მაგ კითხვით, არ უნდა? თუ ატყობთ, მიშას სულ რევოლუცია რომ ელანდება, ეგ, სხვათა შორის, კარგად აჩვენებს მაგის ფობიებს.

იტალიის ისტორიაში მოხდა ასეთი რამ: თუ არ ვცდები, პიემონტი და ტოსკანა ებრძოდნენ ერთმანეთს, ერთი დღის განმავლობაში იბრძოლეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაჯაბნა მოწინააღმდეგე. მეორე დღესაც უნდა განეგრძოთ ბრძოლა, მაგრამ დილით აღმოაჩინეს, რომ ორივე ჯარი გაქცეულიყო. თურმე ორივეს ეგონა, რომ დამარცხდა და შეშინებული გაიქცა. დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვართ ქართული ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, ორივეს ეშინია, ოღონდ რისი, რომ ჰკითხოთ, ვერ გიპასუხებენ.

- ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურები ახალი ჯაშუშური ქსელების გამოაშკარავებაზე მუშაობენ, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება ოპოზიციის რიგი ლიდერების დაკავების მიზეზიც გახდეს...

- რა უბედურებაა, ღამღამობით ვკითხულობ ციცერონს, დილით კი ვანოს და მის დამქაშებს ვუსმენ. ისე, ამდენი ჯაშუში რომ ჰყავს ქვეყანას, როგორც ჩანს, რაღაც პრობლემებია... კი ბატონო, დაგვიჭირონ, გამოაცხადონ, რომ მე და კახა შარტავა ჯაშუშები ვართ, მიშა კი დიდი ქართველი მამულიშვილია. მაგათ იმ ფილმების მესამე და მეოთხე სერიაც გადაღებული ექნებათ, თან არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილზე, ადეიშვილსა და უგულავაზეც იღებდნენ უკვე ფილმებს.

მიშას ჯაშუშობაზე არა, მაგრამ მისი ფსიქიკის პრობლემებზე, ალბათ, გადაიღებენ, მაგას დიდი მტკიცება არც დასჭირდება, მოკლემეტრაჟიანი ფილმი ეყოფა ან კიდევ მულტფილმი. არ ეტყობა, რომ დალაგებული არ არის? რომელი პოლიტიკოსი იცით პუტინისა და მაგის გარდა, შიშველი რომ დარბოდეს ოქტომბრის ბოლოს. ერთი მახსოვს, იანძი თუ ხუანხე გადაცურა 62 წლის ასაკში მაო ძე დუნმა, მაგრამ მაო, მაო იყო. ბოლო ხანს ოპერა როგორ შეუყვარდა, ატყობ?.. მუშაც არის და ხელოვანიც...

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე