დაიწყება თუ არა გამოძიება სექს-სკანდალზე?

დაიწყება თუ არა გამოძიება სექს-სკანდალზე?

"შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით,  ჩვენ  ისე ვიცხოვრებთ, როგორც ხალხი ცხოვრობს", - მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ეს დაპირება, "ვარდების რევოლუციის" მე-7 წლისთავზე, კიდევ ერთხელ, საპნის ბუშტივით, სამარცხვინოდ და ხმაურით გასკდა.

ქართველი მაღალჩინოსნების კოჰორტის ევროპის გულში - ვენაში ბოჰემურ გასეირნებას, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები - თბილისის მერის, გიგი უგულავას პირველი ვაჟიშვილის დაბადებას ეძღვნებოდა, მეორე, არანაკლებ სკანდალური თავგადასავალი მოჰყვა ამჯერად, ლისაბონში, სადაც 19-20 ნოემბერს ნატოს სამიტი გაიმართა.

როგორც პორტუგალიური ვებგვერდი www.ionline.pt გაზეთ ჩორრეიო და მანჰას-ის პუბლიკაციაზე დაყრდნობით იუწყება, ეს სკანდალი ლისაბონის სასტუმრო "ტიარაში" 19 ნოემბერს მოხდა. იქ მყოფმა საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებმა პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში "ტიარაში" (სადაც თითოეულ ნომერში ცხოვრება 380-დან 450 ევრომდე ღირს) 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი აიყვანეს და ორგია გამართეს. ქართულ დელეგაციას რამდენიმე სომეხი დელეგატიც შეუერთდა. პორტუგალიის პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო და სამართალდამცველებმა ეს ფაქტი ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დაარეგისტრირეს.

სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბრისას გაზეთ ჩორრეიო და მანჰას-ის რედაქტორის მოადგილემ, არმანდუ პერეირამ განაცხადა: "გამომცემლობამ ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაციის წევრებმა სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები მიიწვიეს და წვეულება მოაწყვეს, იმ პოლიციელებისგან მოიპოვა, რომლებიც სასტუმროში დელეგაციების უსაფრთხოებას იცავდნენ და უნებლიეთ გახდნენ მეძავებთან დაკავშირებული ინციდენტის  თვითმხილველები. სწორედ მათგან შევიტყვეთ, რომ ქართველების ხმაურმა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეაწუხა. ინციდენტზე ოფიციალური საქმე არ აღძრულა... პორტუგალიაში ეს ლეგალურია".

გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს სასტუმრო "ტიარას" ადმინისტრაცია. სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა კონცეიშაო რიბეირომ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია". თუმცა, გაზეთის რედაქტორის მოადგილის საბოლოო კომენტარი ასეთია: "მესმის, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია უარყოფს ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ ის, რაც გამოვაქვეყნეთ, სიმართლეა".

ამ საკითხზე მმართველი გუნდის წევრები ბუნდოვან, ურთიერთსაწინააღმდეგო კომენტარს აკეთებენ:  ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი რუსულ კვალს ხედავს,  დეპუტატი პავლე კუბლაშვილი უკბილოდ ხუმრობს: "შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ამ ინციდენტამდე ქართველმა დეპუტატებმა თითო-თითო ჩვილი ბავშვი შეჭამეს". საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს "ამ ინციდენტზე არაფერი სმენია", ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ "ყვითელი მედიის მიერ გავრცელებულ არასერიოზულ ინფორმაციაზე კომენტარს არ გააკეთებს"...

ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ სექსსკანდალს საზოგადოების მძაფრი რეაქციის ფონზე, არაერთი თანამდებობის პირის სკამი, რეპუტაცია და კარიერა ეწირება, ყველას ახსოვს, რა მოჰყვა თვით რუსეთშიც კი ქვეყნის გენპროკურორის, იური სკურატოვის საეჭვო ყოფაქცევის ქალბატონებთან მეგობრობას.

24 ნოემბერს პარლამენტის სესიაზე ვიცე-სპიკერმა ვეფხვაძემ მომხდარზე მოკვლევის დაწყება  მოითხოვა.

რა გაგრძელება მოჰყვება ამ ყველაფერს ჩვენს სინამდვილეში, როცა ზნეობა და მორალი მოდური აღარ არის? დაიწყება თუ არა ამ საქმეზე გამოძიება? - ეს იქნება ტესტი ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. მოჰყვება ამ ყველაფერს გაგრძელება თუ ყველაფერი ერთდღიანი აღშფოთებისა და შეშფოთების საგნად დარჩება და ხვალ, ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის თავსდატეხილი კიდევ უფრო დიდი ქარტეხილების ფონზე, ყველას შარშანდელი თოვლივით დაავიწყდება?

ნინო კვიტაშვილი

P.S. მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ, პრეზიდენტის მრჩეველს, ალანა გაგლოევას:

- მე არ ვყოფილვარ ლისაბონში. არც ის ვიცი, ვინ იყო.

- სკანდალზე, რომელიც ლისაბონში, სასტუმრო "ტიარაში" მოხდა, არაფერი გსმენიათ?

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ქართულ დელეგაციას, რომელიც ნატოს სამიტზე ლისაბონში ჩავიდა, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "ტიარაში" 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი აუყვანია და დიდი წვეულება მოუწყვია...

- იცით რა, არ მგონია, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან ქართულ დელეგაციაში 80 კაცი არ იქნებოდა.

გიორგი კანდელაკი, საპარლამენტო ასამბლეაში ნატოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი: - მე ლისაბონში კი არა, ვარშავაში, კონგრესმენებთან და სენატორთან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი, სადაც ქართულ დელეგაციას ვხელმძღვანელობდი.

- კი მაგრამ, თითქმის ყველა ინტერნეტსაიტზე წერია, რომ თქვენ ლისაბონში იმყოფებოდით...

- მე უკეთ ვიცი, სადაც ვიყავი და იქ რა წერია, არ მაინტერესებს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე