ეუთო-ს ასტანის სამიტზე ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიღება ვერ მოხერხდა, ორდღიანი ფორუმი მხოლოდ მემორიალური დეკლარაციის მიღებით დასრულდა.
ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დეკლარაციის ტექსტი უკვე გამოქვეყნდა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ეუთო-ს ყოველი წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოება დანარჩენი წევრების უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული და ყოველ სახელმწიფოს უსაფრთხოების თანაბარი უფლება აქვს. აქვე აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა კონფლიქტების დასარეგულირებლად.
"აუცილებელია, გააქტიურდეს ძალისხმევა ეუთო-ს რეგიონში არსებული კონფლიქტების დასარეგულირებლად, მშვიდობიანი გზით და სრული პატივისცემით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა, რომლებიც ჩადებულია გაერო-ს წესდებაში, ასევე, ჰელსინკის - აქტში. ახალი კრიზისები თავიდან უნდა ავიცილოთ", - ნათქვამია დეკლარაციაში.
ეუთო-ს წევრი ქვეყნები, ასევე, აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე ყველა უნდა გაერთიანდეს.
"ამ მიზნით უნდა გაერთიანდეს მთელი ევროატლანტიკური და ევრაზიის რეგიონი, ყოველგვარი გამყოფი ხაზების, კონფლიქტების, გავლენის სფეროებისა და უსაფრთხოების სხვადასხვა დონის გარეშე. ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოებთან, შესაბამის ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, რომელთა წევრებიც ისინი არიან და ვიხელმძღვანელებთ თანასწორობის, პარტნიორობის და გამჭვირვალობის პრინციპებით", - ნათქვამია მემორიალურ დეკლარაციაში.
ამასთან, ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ ეუთო-ს მომავალი ხელმძღვანელობა გააგრძელებს მუშაობას არსებულ ფორმატებში და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. დოკუმენტის ავტორები ვარაუდობენ, რომ პროგრესი 2011 წლის 6-7 დეკემბერს, ვილნიუსში ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე გამოჩნდება.
სამიტი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შემაჯამებელი გამოსვლით დასრულდა. 2011 წლიდან ეუთო-ს თავმჯდომარე ლიტვა ხდება.
ამასთან, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ ასტანაში სამოქმედო გეგმა ვერ მიიღეს.
სამიტის დასკვნით დეკლარაციაში საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება იგეგმებოდა, თუმცა რუსული მხარის წინააღმდეგობისა და პროტესტის გამო ეს ვერ მოხერხდა.