გიორგი ბარამიძე: ”საქართველო უკვე იქცევა ისე, თითქოს ნატო-ს წევრია“

გიორგი ბარამიძე: ”საქართველო უკვე იქცევა ისე, თითქოს ნატო-ს წევრია“

eurasianet.org

ამ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე გიორგი ბარამიძე ვაშინგტონს სტუმრობდა და მისი ვიზიტის დღის წესრიგის სათავეში, როგორც სჩანს სამხედრო და ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები იყო. საქართველო, რომელიც ახალი ძალების მოზღვავებას გრძნობს ნატო-ს ლისაბონის სამიტის წარმატებისგან, მისი ალიანსში წევრობის საკითხის ხელახლა წამოწევას ცდილობს.

Associated Press-სთან ინტერვიუში, ბარამიძემ განაცხადა რომ მას „სურს შეერთებულმა შტატებმა ზოგადი მონახაზი გააკეთოს იმ ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელია“. საქართველო „უკვე იქცევა, ისე თითქოს ის ნატო-ს წევრია“ - თქვა ბარამიძემ და განაცხადა, რომ თბილისს სურს „საგზაო რუქა“, რომელიც მას წევრობის მისაღებად სჭირდება.

ამ მიზნით მან აშშ-ს რამდენიმე სენატორს ხელი მოაწერინა რეზოლუციაზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუციის პრეზენტაცია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა და სრული ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა დოკუმენტის სათაურია „რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს სენატის დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სიტუაციის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ შეერთებული შტატების პოზიცია და ის თუ როგორ ხედავენ ისინი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას. ამ საკითხზე ალიანსის წევრების პოზიცია სამჯერ მოვისმინეთ და ამ პოზიციის თანახმად ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა“ - განაცხადა ბარამიძემ.

მან ასევე მიიღო საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე საჯარო მხარდაჭერა აშშ-ს წარმომადგენლის ილეანა როს-ლეტინენისგან. მისი ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად:

„შეერთებული შტატები და ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია კვლავ მყიფეა და მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიაწოდოს თავდაცვითი შეიარაღება, რაც მას მომავალში რუსული არმიის ნებისმიერი შეტევის შესაკავებლად სჭირდება“.

გასაკვირი არ არის როს-ლეტინენის პოზიცია: ის ცნობილი ანტი-რუსია და შარშან წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს და ნატო-ს ქვეყნებს რუსეთის შეიარაღების წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მალე ის მსგავსი რამის განხორციელებისთვის ძალიან ძლიერ პოზიციებს დაიკავებს: როდესაც რესპუბლიკელები სენატში კონტროლს მოიპოვებენ, ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება.

ის რომ ბარამიძე შეიარაღების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას გასაგებია: შეუძლებელი არ არის ის, რომ აშშ-მ ამ საკითხზე პოზიცია შეიცვალოს და ეს მხარდაჭერის კონკრეტული ნიშანი იქნება, თუმცა ნატო სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, საქართველოს არ სურს ნატო-ს წევრობის საკითხში იმედგაცრუება, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, ალიანსში სრულყოფილი წევრობის პერსპექტივა სულ უფრო შორეული ხდება. აშშ-ს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებში ნატო-ს საკითხის მთავარ პრიორიტეტად წარმოჩენით, ქართველებს სასოწარკვეთილთა და არარეალისტთა იმიჯი შეექმნებათ.

ჯოშუა კუცერა

ForeignPress

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე