ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ღია შეთანხმების ეტაპი იწყება

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ღია შეთანხმების ეტაპი იწყება

ის, რაც ოპოზიციაში ხდება, ბევრისთვის ამოუხსნელი ამოცანაა. თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც პოლიტიკური გამოცდილება არ აკლია, დასკვნების გაკეთება არ უჭირთ. დღეს მხოლოდ ის არის გაურკვეველი, შიდა ოპოზიციური ომი სადამდე მივა და კიდევ ვინ გაიწირება. ფაქტი ისაა - სანამ პოლიტიკაში ძველი სახეები რჩებიან, ხალხის სახელით ვაჭრობა და ფულის აღებ-მიცემა, "მოსულა". მოძრაობა "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი, "ვერსიასთან" პროცესებს აფასებს და მოვლენათა კიდევ უფრო საინტერესო განვითარებას ელის. მეტიც, უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში, კარგად "გართობასაც" გვპირდება.

- ქალბატონო ირინა, როგორ აფასებთ ოპოზიციაში დაწყებულ "კომპრომატების ომს"?

- ახლა უბრალოდ ხდება ის, რომ ე.წ ოპოზიციური მოძრაობა ახალ ფაზაში შევიდა. ეს არის გადამწყვეტის წინა ფაზა. ანუ, როცა უკვე კომპრომატების ომი ოპოზიციის შიგნით იწყება და არა ხელისუფლების წინააღდეგ. ეს ომი, დღევანდელი ხელისუფლების წისქვილზეც ასხამს წყალს და ოპოზიციის სხვა ინტერესსაც ეფუძნება.

- მაგრამ ფაქტია, არც ხელისუფლება უნდა გრძნობდეს თავს კარგ ვითარებაში. ბიწაძემ ხომ მაგალითად, ვანო მერაბიშვილიც ამხილა, რომელიც ფულს ათეთრებს და ოპოზიციას ყიდულობს?

- იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება უკვე სკამზეა და მასთან ერთად ილანძღება ოპოზიციაც, ის მაინც უპირატეს მდგომარეობაში რჩება. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ოპოზიციაში აბსოლუტურად შეუგნებლად მიდის პირველი და მეორე ადგილისთვის ბრძოლა. ეს ახასიათებს ჩვენს ოპოზიციას. მალე ვიხილავთ საპირისპირო მიმართულებიდან წამოსულ კომპრომატებსაც, უკვე ბიწაძისა და ბურჯანაძის მისამართით.

- როგორი იქნება ეს კომპრომატები ან ვინ "დაარტყამს" ბურჯანაძე-ბიწაძეს პირველი?

- ამის ორგანიზებას ალბათ ოქრუაშვილი და მისი გუნდი გააკეთებს. არაა გამორიცხული მესამე და მეოთხე მხარეც ჩაერთოს და ყველაფერი საერთოდ აირიოს. ეს რომ თავგზას ისედაც იმედგაცურებულ მოსახლეობასაც აურევს, ოპოზიციამ კარგად იცის, მაგრამ ისევე არ ანაღვლებს, როგორც ხელისუფლებას. მისი მიზანია, ამ კონკურენციაში უპირატესი მდგომარეობა მოიპოვოს.

რისთვის ემზადებიან? - ეს გამწვავება კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მოახლოვდა დრო სამზადისის, ოღონდ არა ხელისუფლების ცვლილების. მოარული ხმები თებერვალ-მარტში არეულობაზე, რაზეც ოქრუაშვილის გუნდი საუბრობს, ვფიქრობ მართალია, მაგრამ ეს არის არეულობა, რომელსაც გეგმავს სააკაშვილი. მის გადამწყვეტ ნაწილს კი ოპოზიცია შეასრულებს. ეს უკვე ერთმანეთთან შეთანხმებული ქმედებაა. თებერვალში უნდა აირიოს სიტუაცია და ხალხი გარეთ გამოვიდეს. შემდეგ კი, ეს მიტინგი სააკაშვილმა 7 ნოემბრის მსგავსად უნდა დაარბიოს. ახლა განვმარტოთ ვის რა ინტერესი აქვს. სააკაშვილის მიზანი, მერაბიშვილთან ტანდემში ხელისუფლებაში "პუტინისეული დარჩენაა."

ამისთვის მას არა ახალი კონსტიტუცია, არამედ მომავალ პარლამენტში ხმათა ის რაოდენობა სჭირდება, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცებს. ეს ხმები რომ მიიღოს, მას არავითარ შემთხვევაში არ აწყობს მორიგი, მშვიდი საპარლამენტო არჩევნები. "ნაც მოძრაობა" პირველ ადგილზეც რომ გავიდეს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს. იგივე შეიძლება ითქვას ოპოზიციაზეც. როგორი მოღალატეც უნდა იყოს და როგორ სამარცხვინო ნაბიჯებსაც უნდა დგამდეს, არც ოქრუაშვილი, არც თავად ეროსი და არც ბურჯანაძე, ღიად სააკაშვილის პრემიერობას ხმას არ მისცემს. ანუ, ასეთ შეთანხმებაზე არ წავლენ. აქედან გამომდინარე, გავიხსენოთ რა მოხდა ნოემბერში, როცა სააკაშვილმა 7 ნოემბერი ჩაახშო, დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. გვახსოვს ოპოზიციის მაშინდელი ყიჟინაც, გავიმარჯვეთო. ანალოგიური ვითარების გადათამაშებას ცდილობს სააკაშვილი, ოღონდ სავარაუდოდ ახლა უფრო გამწვავებული ვითარება იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ სახელი ოპოზიციას გატეხილი აქვს და ეს აწყობს როგორც სააკაშვილს, ისე ოპოზიციას. სხვა შემთხვევაში კომპრომატების ომი არ დაიწყებოდა, ხალხი დიდი რაოდენობით გარეთ არ გამოვა...

- საინტერესოა, ომი მაინცდამაინც ახლა რატომ დაიწყო? 3 წელი გაჩეჩილაძის საწინააღმდეგო კომპრომატებს ბიწაძე საიდუმლოდ რატომ ინახავდა?

- იმიტომ, რომ დრო ახლა მოდის. ხომ უნდა დაასწრონ მორიგ არჩევნებს? 2012 წელს ის ისედაც იქნება. ამიტომ ეტყობა ეს 10-11 თვე, რაღაც მაგიური ციფრია. ასე არ იყო "ვარდების რევოლუციის" დროსაც? ახლა სავარაუდოდ იგივე ძალა უნდა შემოვიდეს ხელისუფლებაში. კიწმარიშვილიც კი ჩართულია, რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. ის "ვარდების რევოლუციის" თანაავტორია და მასზე მეტი სამეულს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, უკვე ძალიან სასაცილო მდგომარეობაა.

დაიგეგმა შემდეგი: სახელგატეხილი ოპოზიცია ხალხის იმ რაოდენობას ვერ გამოიყვანს, ესკალაცია რომ შექმნას. ამიტომ ხელისუფლება სოციალურ ფონს ამწვავებს ხელოვნურად. ხალხს არც ოპოზიციის დანახვის სურვილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისეთი გაუსაძლისი ვითარება უნდა იყოს, სახლში დარჩენაც აღარ შეეძლოს. ამისთვის ემზადებიან და სწორედ ამიტომ დაიწყო ოპოზიციაში კომპრომატების ომი 3 წლის დაგვიანებით. დარწმუნებული ვარ, ამჯერად ბურჯანაძის მისამართით გაახსენდებათ ის, რაც აქამდე არ "ახსოვდათ". არაა გამორიცხული, "ახლებმა" გაიხსენონ, პარლამენტში პლედი რომ არ გადააფარა. ვინ ვისი ბოსტნიდან და რა მიმართულებით დაიწყებს ქვების სროლას, არავინ იცის. ფაქტია, ეს გადამწყვეტ ფაზაში თებერვლისთვის შევა. ყველაფერი რაც ხდება, ხელისუფლების და ოპოზიციის საერთო თამაშია. რაც კიდევ უფრო მკვეთრი გახდება და უკვე ღია შეთანხმებები დაიწყება.

უკვე მესმის ყურში "გამარჯვებული" ოპოზიციის ყიჟინა, იმის თაობაზე, თუ როგორ დანიშნავს სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და როგორ მიიღებს დათრგუნულ სიტუაციაში, ხმათა უმრავლესობას. 2007 წლისგან განსხვავებით, ამჯერად ოპოზიციაც ცოტას იხეირებს. II, III ადგილზე ვინ გავა, აი, ამის გამო დაიწყო კომპრომატების ომი. რეალური ბრძოლის დრო მოვიდა. ამ შემთხვევაში კი, ტრადიციულად დაბნეულია "ფორუმი," რომელიც კვლავ ვერ ახერხებს პოლიტიკური სახის შექმნას. შეიძლება თვითლიკვიდაციის გამოცხადებაც აღარ დასჭირდეთ, რადგან საქმე ისედაც აქეთ მიდის. აუცილებელია რაღაც პოზიცია გქონდეს. კრებაში მათი პოზიციები მარტივი არაა. მათ ყოველთვის ექნებათ განსაკუთრებული მდგომარეობა და თუ ამის შენარჩუნება სურთ, არავისთან უნდა იყვნენ. მედიატორები კი, არც სააკაშვილს სჭირდება, არც კრებას და არც ოქრუაშვილს. ამ ვერსიას ადასტურებს ისიც, როგორ ჩატარდა კრება, როგორ დარჩა შემდეგ მხიარული და როგორ შემოთვალა ოქრუაშვილმა, ჩვენ ვართ ვინც ვართ, თებერვალში დაგველოდეთო.

- და სწორედ აქედან იწყება ოპოზიციაში დიდი აფეთქებები.

- დიახ, მოწმენდილ ცაზე, არაფრისგან დაიწყო. დღე-დღეზე ველოდები, როდის წამოვა მეორე ნაკადი, ბურჯანაძის მისამართით. ისეთ რაღაცებს გაიხსენებენ, რაც, ამნეზია თუ არ გჭირს, ისედაც უნდა გახსოვდეს. თუ მაშინ შეიძლებოდა ამაზე თვალის დახუჭვა, დღეს რატომ არ შეიძლება? მახსოვს, "უცნობს" გადაცემაში ბურჯანაძე რომ ჰყავდა მიწვეული, ყველაზე რთული კითხვა, რაც დაუსვა, დაახლოებით ის იყო, თუ რისი "ტყაოსანი" დაწერა შოთა რუსთაველმა. არამგონია, ბადრი ბიწაძის ხელში არსებული ინფორმაციები, არავის და მათ შორის ბურჯანაძეების ოჯახს, მაშინაც არ ხსომებოდა... კაცური არ შეიძლება იყოს კომპრომატების დადება. ამიტომ წინ ჯერ კიდევ უფრო საინტერესო მოვლენები გველის. საახალწლოდ კიდევ გაგვახარებენ. იანვარ-თებერვალშიც ბევრი "სიხარულები" გვექნება. პარალელურად, დამძიმდება სოციალური ფონი. მერე კი, როცა ამ შიდა ბრძოლაში გამარჯვებულის შესახებ "დოკუმენტი" შეიქმნება, მის დაძახილზე გამოვა ხალხი. ამას მერე ჩაახშობს მიშა, ოპოზიცია რაღაცის მომიზეზებით უკან დაიხევს და დასცხებს ყიჟინას, რომ სააკაშვილმა წააგო და დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

- ბურჯანაძე-ბიწაძის "მორიგი" მსხვერპლი ვინ იქნება, ვისზე დადებენ კომპრომატებს?

- ნებისმიერზე. თუ ნოღაიდელი ამოიღებს ხმას, კომპრომატები მასზე დაიდება. ნოღაიდელი, რეალურად საკრებულოს არჩევნების შემდეგ გაქრა. შემდეგ, მონატრებული ნოღაიდელი, უკვე პუტინთან ერთად დავინახეთ, მაგრამ ფაქტია, იქაც ბურჯანაძეს მასზე ოდნავ წინ წაწეული მდგომარეობა აქვს. ამიტომ ნოღაიდელი ანკესზე ჰყავთ. საკმარისია მან ცალკე ნაბიჯის გადადგმა მოინდომოს, კომპრომატები წამოვა. ოპოზიციაში, კომპრომატების მოძიება, ძნელი არავისზეა. ვისაც რაღაც არ ახსოვს, ხელისუფლება გაახსენებს. სირცვილის გრძნობა მაინც და მაინც არც ხელისუფლებას აქვს და ამით დიდად არც ოპოზიციაშია ვინმე შეწუხებული. ამიტომ, თუ რამე გამორჩა, ოპოზიციას, შეახსენებენ. ხელშეუხებელი არავინ დარჩება. ალბათ "ფორუმის" გარდა. ისიც იმიტომ, რომ "ფორუმი" თავის საუკეთესო ბაზისს, კარგი მოძრაობის შექმნისთვის ვერ იყენებს. საწყენია, რომ ამ დაბინძურებულ ვითარებაში თავის ადგილს ვერ პოულობს.

- ირაკლი მელაშვილის წასვლაც ბურჯანაძის ფაქტორს უკავშირდება?

- თუ მელაშვილი ბურჯანაძესთან ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, მაშინ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მას უნდა დაეთანხმო, მაგრამ თუ ის მომხრე იყო მერაბიშვილთან ურთიერთობის, მაშინ დათანხმება არ შეიძლება. მე ვიცი რაღაც და ამიტომ ვლაპარაკობ. მეტს არაფერს ვიტყვი. აქ კიდევ ძვირფასი მერაბიშვილის ფაქტორია საინტერესო. ვანო ამ ყველაფერში ლაზიერია. მას ოპოზიციასთან სამედიატოროდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს იმის საჩვენებლად, რომ თუ იქ ვინმე წესიერია დარჩენილი, მაგრამ უტვინო, ეგონოს, განხეთქილების შემთხვევაში ვანო ხალხის გვერდით დადგებაო. განზე დგანან უგულავა და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები, მაგრამ ესეც დროებითია - არ დაგვავიწყდეს, სააკაშვილს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც პრემიერად დაასახელებს. მეორეც, არავინ იცის, ახალი პარლამენტი საპრეზიდენტო ინსტიტუტს რას უზამს. თუ ის პარლამენტის ასარჩევი გახდა, გაუგებარია ამდენი ადამიანი ახლა რატომ წვალობს. ვბრუნდებით იმ ბედნიერ დროში, რომელსაც "ვარდების რევოლუციის" პერიოდი ერქვა. უბრალოდ, ერთი დანაკლისით, რომელიც ცოცხალი აღარაა... ის, რაც ახლა დაიწყო, არის საერთო გეგმა და იმ საერთო გეგმაში ოპოზიციის მხრიდან საკარმიდამოს მოზომვის მცდელობა. შეუძლებელია ვინმეს მოწონებოდა ის, როგორ ჩატარდა კრება. მეც ვიყავი მისული, რადგან მქონდა შიში, რომ ის რაც თებერვალ-მარტში უნდა მოხდეს, ნოემბერშივე მოხდებოდა. იმდენად ხელოვნურად არ მიეცათ კრების შენობაში ჩატარების საშუალება, არ იყო გამორიცხული, დაძაბულიყო ვითარება. ჩემი ბევრი ახლობელი წავიდა იქ უაზროდ დარწმუნებული, რომ რაღაც მოხდებოდა.

სიმართლე გითხრათ, ხალხის რა რაოდენობაც ვნახე, ისიც მებევრა. თუ რამის გამკეთებელი ხარ, 200 კაციც გეყოფა. ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ეს ხალხის სეიორნობას უფრო ჰგავდა, ვიდრე დამუხტულ აქციას. იქ თავი მაშინ გუბაზ სანიკიძემ გამოიჩინა, რომელმაც პერიფრაზირება გაუკეთა ხაინდრავას ცნობილ გამონათქვამს. საოცარი ის იყო, რომ ერთის მხრივ გვეუბნებიან მეტს რატომ ელით, კრებას ვატარებთო, მეორეს მხრივ, ბოლო რეგისტრში ყვირიან, გამოდითო. როცა გეუბნებიან, ვინც სახლში რჩებით, სააკაშვილი გიშვებათ თავზეო, პარალელურად რას გთავაზობენ? - მოდი და მე გიზამო. მაგარი არჩევანის წინაშე დააყენეს ხალხი, სააკაშვილი ხომ გატყუებს და მოდი მე უფრო მოგატყუებო.

- ახლა რა ბედი ელის კრებას, მითუმეტეს, როცა მათ ნაწილი უკვე გამოეყო და დააფუძნეს მოძრაობა პოლიტიკოსების გარეშე?

- დროის გასაწელად დაიწყება ასეთი პატარა უჯრედების შექმნა. ამათ ოღონდ ცოტა ხანს გაჩერების მიზეზი მიეცი და მეტი არაფერი უნდათ. არ გახსოვთ, 2009 წლის აქციების დროს, სააღდგომოდ ყველამ რომ ანგელოზის ფრთები გამოისხა? უცებ გახდა ყველა მლოცველი და დაგვემშვიდობნენ. ისეთი შეგრძნება იყო, რომ აქციიდან გაფრინდნენ, იმდენად ამაღლდა უცებ ყველა. ახლა მიზეზები აღარ სჭირდებათ. წინასწარ არ იცოდნენ, რომ ახალი წლის წინ ესკალაცია საქართველოში წარმოუდგენელია? ჩემი თვალით მაქვს ნანახი სამოქალაქო ომის დროს, რუსთაველის პროსპექტზე ომი მიდიოდა, დოლიძეზე და სხვა ქუჩებზე, ნაძვის ხის სათამაშოების საყიდლად კი დიდი რიგი იდგა. ასეთი ერი ვართ. ამიტომ ახალი წლის წინ, სერიოზულ ცვლილებებზე არავინ უნდა იოცნებოს... თუმცა, თუ ყველაფერი ამ სცენარით განვითარდა, თებერვალ-მარტში არეულობამდე მივდივართ. რის შედეგადაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, სადაც დიდი უპირატესობით გამარჯვების საშუალება სააკაშვილის ძალას ექნება.

მაია თეთრაძე

გაზეთი "ვერსია"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე