გიორგი ცაგარეიშვილი - უშბას განათება პრეზიდენტის ბოდვითი იდეაა

გიორგი ცაგარეიშვილი - უშბას განათება პრეზიდენტის ბოდვითი იდეაა

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნიკიტა ხრუშოვის მსგავს "ბოდვით იდეებში" ადანაშულებს.

ამის შესახებ ცაგარეიშვილმა პრეზიდენტის მიერ უშბის განათების იდეასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს იდეა პრეზიდენტს გამოქვაბულში გამართულ მთავრობის სხდომაზე დაებადა და ახლა გაახმოვანა.

"ასეთი იდეა შეიძლება მხოლოდ გამოქვაბულში დაიბადოს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და ნიკიტა ხრუშოვის "ბოდვითი იდეები" გაიხსენა.

კერძოდ, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ხრუშოვს სურდა რამდენიმე მდინარე კასპიის და არალის ზღვებში გადაემისამართებინა და ასევე, სურდა ციმბირში სიმინდის ყანები მოეყვანა.

"ჩვენ პრეზიდენტს ფეხსაცმლის გახდა და ტრიბუნაზე დარტყმაღა დარჩა, ალბათ ამასაც სისრულეში მოიყვანს თებერვალში, პარლამენტში რომ მოვა", - დასძინა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა საერთოდ არ იცის უშბის სიმაღლე და არც ის ფაქტი, რომ უშბა საკმაოდ რთული დასაძლევი სიმაღლეა. შესაბამისად, ცაგარეიშვილს აინტერესებს როდის გამოავლენს ხელისუფლება იმ ალპინისტს, რომელსაც უშბაზე ასვლას და იქ განათების ბოძების დამაგრებას დაავალებენ.

"ამ ქვეყანაში ყველაფერი განათებულია, ყველას გონება განათებულია და ახლა უშბაღა დარჩა გასანათებელი. ამის მერე ალბათ თეთნულდს გავანათებთ, შემდეგ შხარას და შხლელდას", - დასძინა გიორგი ცაგარეიშვილმა.

უშბის განათების შესახებ პრეზიდენტმა 8 იანვარს, მესტიაში განაცხადა.

უშბა მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე, ორთავიანი მწვერვალია და იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4700 მეტრია. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები გულის და უშბის. უშბაზე პირველად, 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძე ავიდა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე