უახლოეს 3-4 წელიწადში ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იგრძნობენ ეკონომიკური რეფორმების შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა უცხოური ინვესტიციების შემოდინება, მაგრამ მთავრობამ სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო.
რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფასების ზრდა მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებმა გამოიწვია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ინფლაციის შესაჩერებლად.
"ვცდილობთ მოვძებნოთ ახალი ბაზრები, შევქმნათ პირობები სოფლის მეურნეობის ადგილზე განსავითარებლად", -აცხადებს დავით ბაქრაძე.
დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის შეკითხვაზე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ გასახლებულთა უმრავლესობა არიან ადამიანები, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ კომპენსაცია, თუმცა ამის მიუხედავად, 2008 წელს დაიკავეს შენობები.
"რაც შეეხება გამოსახლების ფორმას, ალბათ ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ფაქიზად მოქმედება იყო საჭირო", -აცხადებს დავით ბაქრაძე.
ინტერვიუში ბაქრაძე საუბრობს ასევე ვეტერანების საკითხზე და აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები წარმოაჩენენ, თითქოს ისინი იცავენ ვეტერანების ინტერესებს, ხელისუფლება კი მათ ებრძვის.
"თუ ვინმე ზრუნავს დევნილებსა და ვეტერანებზე, ეს სწორედ ხელისუფლებაა", -აცხადებს დავით ბაქრაძე. რაც შეეხება ვეტერანების აქციას, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ არსებობს ეთიკური ნორმები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და პროტესტი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა გამოხატონ.
რაც შეეხება ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს ეგვიპტეში ხდება, საქართველოში 2003 წელს მოხდა და ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების დღევანდელ საქართველოსთან შედარება შეცდომა იქნებოდა.
"თუ ვინმეს ამასთან პარალელის გავლება უნდა, 2003 წელი უნდა გაიხსენოს", -აცხადებს ბაქრაძე.
ბაქრაძე ინტერვიუში მედიის თავისუფლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრის გამოთქმის პრობლემა არ არსებობს.
"მე ვიზიარებ ეუთო-ს მისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არის არა მედიათავისუფლების, არამედ მედიაპოლარიზაციის პრობლემა. რომ საინფორმაციო საშუალებები პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით არის გადანაწილებული. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია, გარდა იმისა, რომ დავეხმაროთ ნეიტრალურ და ობიექტურ "საზოგადოებრივ მაუწყებელს", -აცხადებს დავით ბაქრაძე.
მისივე თქმით, ქართულ მედიასივრცეში ზოგიერთი განცხადება ეთიკისა და ზნეობის ფორმებს სცილდება და ამის დასტურია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახში ცხოვრობდა ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.
"კომიკური იქნება, თავი ვიმართლო და ვამტკიცო, რომ ჩემს ოჯახში მცხოვრებ ადამიანს არ ვაჭმევდი. ის მართლაც რამდენიმე თვე ცხოვრობდა ჩვენთან. ჩვენ ვცხოვრობდით წყნეთში, მასი კი საღამოობით მეგობრებთან ერთად თბილისში სურდა გასეირნება და ამიტომ, თბილისში გადმოსვლა არჩია", -აცხადებს ბაქრაძე.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საეჭვო გარემოებების შესახებ "ყველა სიახლის" მიერ დასმულ შეკითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მას არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობს.