უკრაინული მედია კვლავ ცდილობს დაადგინოს, თუ სად გაუჩინარდა კიევი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც უკრაინის დედაქალაქში ბოლოს 2010 წლის დეკემბერში ნახეს.
გაზეთი "სევოდნია" "რეგიონების პარტიის" წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩერნოვეცკი ბათუმში, თავის ვილაზე იმყოფება და ისრაელის მოქალაქეობას ელის. თუმცა უკრაინაში ისრაელის საელჩოში აცხადებენ, მათ ჩერნოვეცკიზე არაფერი იციან.
უკრაინულ გამოცემას პოლიტიკურ წრეებში ისიც აცნობეს, რომ კიევის მერის მეუღლეს, ალინა აივაზოვას გუდაურში და ბაკურიანში ინვესტიციების განხორციელება სურს.
"დიახ, ჩვენ მოგვმართა კიევიდან გავლენიანმა ადამიანმა, რომელსაც სასტუმრო კომპლექსების აშენება სურს", - განუცხადეს "სევოდნიას" ბაკურიანის ადმინისტრაციაში, თუმცა ამ ადამიანის ვინაობა, კომერციული საიდუმლოდან გამომდინარე, არ დაასახელეს.
ასევე, უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის ნიკოლაი ტომენკოს მტკიცებით, ჩერნოვეცკიმ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. თუმცა ამ ინფორმაციას კიევის საქალაქო რადას "ჩერნოვეცკის ბლოკეს" თანათავმჯდომარე დენის კომარნიცკი ბოდვას უწოდებს.
"სევოდნიამ" კორესპონდენტი საქართველოშიც გამოგზავნა, რომელიც კიევის მერის ადგილსამყოფელის დადგენას თბილისში შეეცადა. თუმცა ჟურნალისტმა თბილისის სასტუმროებში ჩერნოვეცკი ვერ იპოვა.
იმყოფება თუ არა კიევის მერი საქართველოში, არც უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ იცის.
"არ ვიცი, იმყოფება თუ არა ლეონიდ მიხაილის-ძე საქართველოში. ზუსტად ვიცი, რომ ბოლოს ის ჩვენს ქვეყანაში 2010 წლის აგვისტო-სექტემბერში იყო", - აღნიშნა ქათამაძემ.