ვინ და რისთვის მიიწვია კობა დავითაშვილი სტრასბურგში

ვინ და რისთვის მიიწვია კობა დავითაშვილი სტრასბურგში

"გაოგნებული ვარ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიების ოსტატობით, ბარაქალა მათ მონდომებას. კაცმა რომ ჰკითხოს სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს, ოპოზიცია სუსტია და უნიათო, ლამის გულიც კი სწყდებათ, რომ თურმე ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ ამ ვეფხვებს, მაგრამ სინამდვილეში ყველა ჩვენს ნაბიჯს გულის ფანცქალით აკვირდებიან, არიქა, სადმე რამე არ გამოგვეპაროსო", - აცხადებს სტრასბურგიდან დაბრუნებული კობა დავითაშვილი და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის წარდგენილ საკითხებზე საუბრობს.

- მთელი ორი დღე ატრიალეს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში "სიუჟეტი", როგორ ჩავედით რუსეთში და როგორ შევხვდით სერგეი მარკოვს. სინამდვილეში ამ ადამიანს სავიზიტო ბარათები გავუცვალეთ... "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა შეკითხვაც კი დაგვისვა მე და კახას, - ვაღიარებდით თუ არა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად და როცა ჩვენ ვუპასუხეთ, რასაკვირველია ვაღიარებთო - პასუხი ამოჭრეს და ეს შეკითხვა ისე დატოვეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ბუნდოვანი იყო... ჟურნალისტთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს, დავალებას ასრულებენ, მაგრამ ხელმძღვანელობებს მინდა ვკითხო, - ნამუსი რატომ დაკარგეს?!

- სტრასბურგში რა საკითხზე იყავით ჩასული?

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მევლუდ ჩაუშოღლუს შევხვდით და დროებითი საცხოვრებლებიდან საკუთარი ხელისუფლების მიერ დაუნდობლად გამოყრილი დევნილების ბედი გავაცანით. მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლება სხვა ქვეყნის დევნილებზე აღვარღვარებს ცრემლებს, ჩვენს მოქალაქეებს არადაამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრების თავიდან დაწყება.

- ხელისუფლება ირწმუნება, რომ იქ, სადაც უშვებენ საცხოვრებლად, ბევრად უკეთესი პირობები აქვთ...

- თუ ასეა, წავიდნენ და თვითონ იცხოვრონ იქ, სუბელიანი წავიდეს და დასახლდეს. მათ გარეშე ბევრად უკეთესად ვიქნებით.

- კიდევ რა თემებზე ისაუბრეთ სტრასბურგში და თუ შეგპირდნენ მხარდაჭერას ან თუნდაც ამ პრობლემების განხილვას?

- ქვეყანაში არსებულ საშინაო პოლიტიკასაც შევეხეთ, გაყალბებულ არჩევნებს, მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კოდექსის შესახებ; ახალ კონსტიტუციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში მეორე ვადის ამოწურვის შემდგომ დარჩენის შესაძლებლობას აძლევს; თავდასხმებზე პოლიტიკურ ოპონენტებზე, მათი გატაცებისა და ცემის შესახებ; პოლიტიკური პატიმრების; სიტყვის თავისუფლებისა და ხელისუფლების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული კამპანიის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ "იმედისა" და "რუსთავი-2"-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ევროსაბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით; და რაც ყველაზე მთავარია, საუბარი გვქონდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ამ კონფლიქტების მოგვარების გზებზე.

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გაქვთ ჩამოყალიბებული?

- დიახ, და ამას მაშინ გავაცნობთ ქართულ საზოგადოებას, როცა ამ გველეშაპ სააკაშვილს მოვაცილებთ ქვეყნის ხელისუფლებას...

- საზოგადოებაში შეკითხვები გა­ჩნდა თქვენს მიწვევასთან დაკავშირებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა მიგიწვიეს...

- სტრასბურგში მიწვევისა და ჩასვლის პროცედურებთან დაკავშირებით პაატა დავითაია გვეხმარებოდა და ის უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ. მხოლოდ რუსეთის ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ნამდვილად იყო.

- ბოლო დროს კატასტროფულად გაზრდილ ფასებზეც უნდა გკითხოთ...

- ჯერ კიდევ როდის ვთქვი, ეს ყველაფერი მოხდება-მეთქი, ახლა მორიგეობით გამოდიან სააკაშვილი და კვეზერელი და ზღაპრებს გვიყვებიან... ძალიან მაინტერესებს, როდემდე იქნება ჩუმად საზოგადოება. ოპოზიციის ძალა ხალხშია და როგორც კი ამას მიხვდებიან, ჩვენ მათ სამსახურში ვიქნებით.

- წინა წლებში ხომ იყავით მათ სამსახურში, თუმცა ახლა ხელისუფლება და ოპოზიცია ერთხმად ამბობს, ოპოზიცია სუსტიაო...

- იცით რა მაინტერესებს? ჩვენი წინაპარი მუდმივად საშინაო თუ საგარეო ომებში იყო ჩაბმული, მაგრამ არასდროს უთქვამს, დავიღალეთ და მეტი აღარ შეგვიძლიაო... სანამ ამ აზრამდე არ მივა ქართული საზოგადოება, არაფერი ეშველება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ვინ და რისთვის მიიწვია კობა დავითაშვილი სტრასბურგში

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე