ეგვიპტის მღელვარე რევოლუციის ფონზე, რომელმაც მსოფლიო შეძრა, რევოლუციის გზით მოსული საქართველოს პრეზიდენტი მეტად თავშეკავებული იყო. "მუბარაქისთვის რჩევის მიცემას არ ვაპირებ"...
"რევოლუციების ერთი სქემა არ არსებობს", - ასეთი იყო სააკაშვილის კომენტარები. შესაძლებელია თუ არა საქართველოში მოვლენები ეგვიპტის სცენარით განვითარდეს? რა მსგავსება და განსხვავებაა ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შორის? - ამ კითხვებით პოლიტიკურ ექსპერტს, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს მივმართეთ.
- როცა ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის, მათ წინააღმდეგ ძალას ვეღარ გამოიყენებ. ჰოსნი მუბარაქი ბოლო წუთამდე ებღაუჭებოდა ტახტს, მაგრამ ხალხის ერთსულოვნებამ აიძულა, უკან დაეხია. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი პოლიტიკოსი დაკარგავდა წონასწორობას.
- შესაძლებელია, რომ საქართველოში მოვლენები ეგვიპტისა და ტუნისის სცენარით განვითარდეს?
- ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ღარიბ-ღატაკთა მრავალრიცხოვანი ფენის არსებობა არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური მოტივით დაიწყოს გამოსვლები. თუმცა, ამ შემთხვევაში ვეწინააღმდეგები ისეთ ავტორიტეტს, როგორიც მარქსია, რომელიც ამბობს, რომ პროლეტარიატს არაფერი აქვს დასაკარგი ბორკილების გარდა, მაგრამ ის საუბრობს პროლეტარიატზე და არა უმუშევრებზე, დღეს საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს, მოსახლეობის 1/3 უმუშევარია, შეძლებულებს კი ცვლილებები არაფერში სჭირდებათ.
ღატაკი, უპოვარი ფენისგან აქტიურობას ნაკლებად უნდა ველოდოთ, რადგან ფსიქოლოგიური ანალიზიც გვიჩვენებს, რომ როცა ადამიანი ნაბიჯს დგამს, უნდა იცოდეს, სად აღმოჩნდება, რა ელის წინ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ პრინციპით მიდიან ადამიანები ემიგრაციაშიც. რევოლუციაც ერთგვარი მიგრაციაა, ოღონდ მიგრაცია ირეალობაში. ეს თავდაჯერება მხოლოდ საშუალო ფენას აქვს, რომელსაც სურს, მეტს მიაღწიოს.
კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში იყო მონობაში, მაგრამ რევოლუციები არ ხდებოდა. საფრანგეთის რევოლუციის მამოძრავებელი ძალა, იმდროინდელი ბურჟუაზია, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ბიზნესმენები იყვნენ. ასე რომ, დღეს საქართველოში ვერ ვხედავ ფენას (და არა პოლიტიკოსებს), რომელიც რადიკალური ცვლილებებით არის დაინტერესებული.
- ყურადღებას ამახვილებენ ეთნოფსიქოლოგიურ ფაქტორზეც, იმაზე, რომ ქართველი კაცი თავმოყვარეა და უჭირს ქუჩაში გავიდეს ლოზუნგით: "მშია!"
- რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ეროვნული ხასიათიც არის. ქართველი კითხვაზე: როგორ ხარ? არ გიპასუხებს, მიჭირსო, რადგან ეს არასრულფასოვნების განცდას უჩენს. როცა სიმართლისთვის, ღირსებისთვის იბრძვი, საკუთარ და გარშემომყოფების თვალში მაღლდები, თუმცა, როცა ხალხი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, გაყალბებული არჩევნების გამო იყო ქუჩაში გამოსული, იქ სოციალური მოტივი, საკუთარი ჯიბის პრობლემაც იკვეთებოდა.
- პოლიტოლოგთა ნაწილი ანგარიშგასაწევ ფაქტორად მიიჩნევს იმასაც, რომ ხალხის არაერთგზის გამოსვლამ ქუჩაში კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. ამასთანავე, საზოგადოებას კარგად ახსოვს 1991-92 წლების გადატრიალების მწარე გამოცდილება..
- ამგვარი ვარაუდი უსაფუძვლო არ არის, მაგრამ ხშირად მხოლოდ სტერეოტიპებით, მზა ფორმულებით ვაზროვნებთ. 1990-იანი წლების ტრაგედია დაატრიალა იმან, რომ ორივე დაპირისპირებულ მხარეს იარაღი ჰქონდა, როცა იარაღი არ გაქვს, რით უნდა იომო? ხშირად "სამოქალაქო ომს" ჩაანაცვლებენ ფრაზით "სამოქალაქო დაპირისპირება". მაგრამ რას ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირება? ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური დაპირისპირება სულ არის, ოღონდ ეს სისხლის ღვრაში არ გადადის. ამიტომაც, უკვე გამაღიზიანებელია ლოზუნგი: მოდი, ყველა ერთად დავდგეთ - ყალბი პათეტიკაა. რაც შეეხება არგუმენტს, რომ "ბევრჯერ სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ", ზოგიერთმა ექსპერტმა ისიც დაითვალა, რამდენი ადამიანი გამოვიდა ეგვიპტეში და რამდენი - საქართველოში და როგორია მათი პროცენტული შეფარდება.
კაიროში, სადაც ოცი მილიონი კაცი ცხოვრობს, მილიონი ადამიანი გამოვიდა, თბილისში ჩატარებულ ყველაზე ფართომასშტაბიან მიტინგზე კი ორასი ათასი კაცი იყო. ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის 200 ათასი იგივეა, რაც მარტო კაიროსთვის მილიონი. ასე რომ, საქართველოში პროცენტულად მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ეგვიპტეში. მაგრამ მილიონ მომიტინგესთან იარაღით დაპირისპირება უფრო რთულია, ვიდრე ორას ათასთან. როგორც ჩანს, ჩვენთან ქუჩაში გამომსვლელთა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს ვერ მიაღწია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა არ აღმოჩნდა ისე მტკიცე საკუთარ პროტესტში, როგორც არაბები.
- საქართველოს პრეზიდენტი საკმაო თავშეკავებით შეხვდა ეგვიპტის რევოლუციას და უკრაინასა და მოლდოვაში განვითარებულ პროცესებთან განსხვავებით აღფრთოვანება არ გამოუხატავს...
- არაბულ სამყაროში რევოლუციის ტალღა დემოკრატიული ნიშნით წარიმართა, ხალხი ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა, ამას სოციალური პრობლემები დაერთო. როცა მიგაჩნია, რომ ამ მხრივ შენს სახელმწიფოში ყველაფერი წესრიგშია, მოვლენათა ამგვარ განვითარებას მიესალმები. მაგრამ როცა იცი, ამგვარი პრობლემები შენს მმართველობის სისტემასაც აქვს - ფრთხილობ. სხვათა შორის, ასეთივე ფრთხილი პოზიცია ჰქონდა რუსეთს. ასე რომ, სააკაშვილის პოზიცია ბუნებრივია, რადგან აღიარებს თუ არა იგი, ხალხმრავალი გამოსვლები საქართველოში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ, ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ხმამაღალმა განცხადებებმა, არადემოკრატიულმა არჩევნებმა, წაგებულმა ომმა განაპირობა. ყველა ეს საკითხი სამართლებრივ-პოლიტიკურია.
- პრეზიდენტმა განაცხადა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მის პატივსაცემად მსოფლიოში ყველა რევოლუციას ყვავილის სახელს უწოდებენო და ამ ტალღის აზვირთება იწინასწარმეტყველა.
- ეს ტალღა მართლა გაგრძელდება, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება მას ჯებირს არ დაახვედრებს. ჩემი აზრით, "ვარდების რევოლუციის" არ იყოს, არც არაბულ-აფრიკული რევოლუციებია ადგილობრივი წარმოშობის, უფრო იმპორტირებულს ჰგავს. თუმცა პრეზიდენტისგან განსხვავებით, მეეჭვება, რევოლუციებისთვის მცენარეების სახელებს "ვარდების რევოლუციის" გამო ირჩევდნენ მათი ნათლიები.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)