"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ახლახან დაბრუნდა უცხოეთიდან, მას მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
დაესწრო ტრადიციულ საუზმეს ამერიკის პრეზიდენტთან...
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. მომეცა საშუალება, ტრადიციულ საუზმეზე მელაპარაკა ამერიკის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან. პირადად ამერიკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შეფასება, მან ისაუბრა ეგვიპტეში არსებულ ვითარებაზეც. ითქვა, რომ მსოფლიოში დასრულდა ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის ხანა, დასრულდა ავტორიტარიზმი. ეს ნათლად გაცხადდა ამერიკის ოფიციალური პოზიციით ეგვიპტის მიმართ. ამასთანავე, ამ შეხვედრებისას გამოჩნდა ისიც, რომ საქართველოს აქვს შანსი, შეიქმნას ისეთი ინსტიტუტები, რომელიც მისცემს ადამიანებს საშუალებას, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნება თავისუფალ არჩევნებში.
თუ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ბრიტანეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარს უჭერენ საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. დიდი მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად დაიწყო საქართველოში. მაკკეინთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან შეხვედრისას გამოიკვეთა სამი საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც უახლოეს მომავალში აუცილებელია. ესენია: საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება, მედიის თავისუფლება და პოლიციის დეპოლიტიზაცია.
სააკაშვილმა უნდა მოახერხოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ახალი პოლიტიკური ძალისთვის მშვიდობიანად გადაცემა. საყოველთაო თანხმობაა იმაზეც, რომ უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ის დადებითი რეფორმები, რომლებიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. მკაფიოდ ითქვა ისიც, რომ სააკაშვილი არ არის ის ლიდერი, რომელსაც შეუძლია ქვეყანა წაიყვანოს პროგრესისკენ. მან თავისი რესურსი ამოწურა. ამაზე ვისაუბრე ამერიკელებთანაც, ბრიტანელებთანაც და ვიტყვი, რომ კატეგორიულად გამოირიცხება საქართველოში პუტინიზაციის შესაძლებლობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის უკვე წარსულია.
- ბევრი მიიჩნევს, ამ შეხვედრებით წარმოჩნდა, რომ სწორედ თქვენ შეიძლება იყოთ ამერიკის ფავორიტი მომავალ არჩევნებში. როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის მომავალი ლიდერისთვის დასავლეთის მხარდაჭერა?
- იმის მიხედვით, რა სტრატეგიული პარტნიორობაც გვაკავშირებს დასავლეთთან, თუ როგორი დახმარება მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ბუნებრივია, მომავალ ლიდერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამერიკასა და ევროპასთან ლეგიტიმური და სანდო ურთიერთობები, თუმცა, ამასთანავე, უნდა იყოს ლიდერი, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, ურთიერთობის მოგვარებას შეძლებს. ჩვენ უნდა გვქონდეს დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც მოერგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი იყო ის, რომ ვერ გავიაზრეთ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, არ გვქონდა გეგმა, ამიტომაც ვერგებოდით ხან რუსეთის, ხან ამერიკის, ხან ევროპის გეგმებს. ამიტომაც იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა ზედაპირული და წარუმატებელი. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ეროვნული სტრატეგია, სწორედ ამაზე უნდა ააგოს მომავალმა ლიდერმა თავისი საქმიანობა.
- პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ნათლად მიგვანიშნა, რომ ის 2013 წლის შემდეგ არსად აპირებს წასვლას და სწორედ ამას ნიშნავდა აქცენტირება 2015 წელზე...
- ჩემთვის უმნიშვნელოა, რას გულისხმობდა სააკაშვილი. ის იმდენად არათანამიმდევრულია, რომ უაზრობაა მისი გამოსვლის გაანალიზება. ერთი რამ ცხადია, სააკაშვილმა დაგვანახვა, რომ არავითარი გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად, სოფლის მეურნეობაში პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად მას და მის მთავრობას არ აქვთ. საერთოდ, სოფლის მეურნეობა შვიდი წლის განმავლობაში პირველად გაახსენდათ, არადა, ეს დარგი სრულიად გაპარტახებულია. დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის 80 პროცენტზე მეტი შემოდის საზღვარგარეთიდან.. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას რაც შეეხება, საბოლოოდ, ამაზე გავლენა ექნება იმას, თუ რას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, სხვა ყველაფერი იქნება დამხმარე ფაქტორი. თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, ბუნებრივია, ავტორიტარული მმართველობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ასეთ შემთხვევაში სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს აუცილებლად ელოდება ეგვიპტური დასასრული.
- ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სააკაშვილმა 2009 წლის საპროტესტო აქციები დაასახელა...
- სააკაშვილის ხელისუფლების გამორჩეული ნიშანია, პრობლემები სხვას გადააბრალოს. საქართველოში 2007 წლიდან დაიწყო ინვესტიციების მაჩვენებლის ვარდნა, ამის მიზეზი კი არის ის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა არის აბსოლუტურად გაუაზრებელი. ეკონომიკის მინისტრი ცხრაჯერ შეიცვალა, მაგრამ არც ერთს ჰქონდა წარმოდგენა, როგორ უნდა განვითარებულიყო ეს დარგი. ვერ შეიქმნა საშუალო ფენა, გაიზარდა ელიტური კორუფცია, შეიქმნა და გაძლიერდა მონოპოლიები...
- ელიტურ კორუფციაზე ილაპარაკეს ოპოზიციონერმა პარლამენტარებმაც პრეზიდენტთან დებატებისას, თუმცა მის კითხვაზე, მოეყვანათ ამის კონკრეტული მაგალითები, ვერაფერი უპასუხეს...
- ძალიან უცნაური იყო, რომ ამ კითხვაზე ვერავინ უპასუხა. მე ვიტყოდი, რომ ელიტური კორუფციის ღერძი არის თვითონ სააკაშვილი, რომელიც ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს ჩვენი ბიუჯეტიდან სრულიად უკონტროლოდ, პრეზიდენტის მოგზაურობებში იხარჯება გაცილებით მეტი ფული, ვიდრე სოფლის მეურნეობაში. ელიტური კორუფციაა ის, რომ იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი პირადად არის ჩართული აღებ-მიცემობაში და წყვეტს, ბიზნესს რა თანხა უნდა წაართვან ე.წ. საპროცესო გარიგებებით. კორუფცია არის ის, რომ პირადად მე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ვითხოვ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ 2010 წლის განმავლობაში რამდენი საპროცესო გარიგება შედგა და აქედან ბიუჯეტში რა თანხა შევიდა, მაგრამ ხელისუფლება ამ ინფორმაციას ჯიუტად არ გვაწვდის.
აქვე უნდა შევეხო სოფლის მეურნეობას, რომელზეც ვითომ ამდენი ილაპარაკა სააკაშვილმა, არადა სწორედ მან, თავისი უაზრო პოლიტიკით, მიზანმიმართულად გაანადგურა ხორბლის მოსავალი. 2003 წელს ხორბლის ისეთი მარაგი გვქონდა, რომ ვაკმაყოფილებდით ჩვენი ბაზრის 35 პროცენტს, დღეს კი 5 პროცენტსაც ვერ ვაკმაყოფილებთ. წელს დროულად არც შემოტანაზე იზრუნეს, ამიტომაც გაიზარდა ასე პურის ფასი. 7 წლის განმავლობაში ბიუჯეტის 1 პროცენტს ვერ ასცდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება, ამჯერადაც 64 მილიონია, დამატებით 150 მილიონს ჯერ მხოლოდ დაგვპირდა. გარდა ამისა, ერთი სტრატეგიული დოკუმენტიც არ არსებობს, როგორ ხედავს მთავრობა ამ დარგის განვითარებას.
ახლა ეს ბურების თემა გახადეს აქტუალური, ეს არის საკითხისადმი ინფანტილური მიდგომის კიდევ ერთი ფაქტი, რომ ვიღაც უცხოელი ჩამოვა და ააშენებს ჩვენს ქვეყანას. ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტს ასეთი ცუდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხსა და მათ შრომისმოყვარეობაზე. ჩვენ შევიმუშავეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, მივიჩნევთ, რომ უპირველესად საჭიროა ხელი შევუწყოთ ფერმერული და გლეხური კოოპერაციების შექმნას, იქ გაერთიანებულ ადამიანებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს და უპირველესად მოაწესრიგოს სარწყავ-საირიგაციო სისტემა.
- ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ძვირი ჯდება და ამის ფუფუნება ჯერ ქვეყანას არ აქვს...
- იცით რა, ამ ქვეყანას იმის ფუფუნება არა აქვს, საცალფეხო ხიდი გააკეთოს 80 მილიონად, არც იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იფრინოს პირადი თვითმფრინავით. სოფლის მეურნეობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგი, სადაც ფულის ჩადება მთელი ეკონომიკის განვითარების საფუძვლად შეგვიძლია ვაქციოთ.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)