"ქართულ საზოგადოებას დღემდე მწარედ ახსოვს, სამასი ათასი კაცი გამოიყვანეს ქუჩაში და უკან გაუშვეს. ეს ძალიან ცუდი ჟესტი იყო, ხალხს იმედი დაუკარგეს და ახლა, როცა საზოგადოების გამოფხიზლებაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, ამ იმედის დაბრუნებაზე უნდა ვიმუშაოთ..." - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კი "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი წევრი ნოდარ ჯავახიშვილი და ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებთან ერთად, ხელისუფლების მილიარდიან ვალებზე საუბრობს.
- ისეთი ხელისუფლების პირობებში, როგორიც ჩვენ გვყავს, იმდენი პრობლემა არსებობს, რომ საპროტესტო ტალღა უნდა ბობოქრობდეს, მაგრამ არ არის ასე. არადა, ქვეყანა მილიარდიან ვალებშია ჩაფლული, რომლის გადახდას თქვენს თაობას აუცილებლად მოსთხოვენ... საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის სოფლის მეურნეობით არსებობდა. ჩვენ ინტენსიურად გავდივართ საქართველოს რეგიონებში და იქაურობა დაცლილია. მხოლოდ მოხუცები არიან შემორჩენილი. განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა რაჭაში, ქართლში, კახეთში, მთიანეთზე არაფერს ვამბობ. სამმილიონნახევრიან საქართველოში ერთი მილიონი ადამიანი თბილისში ცხოვრობს, ნორმალურია?!. ალბათ უყურეთ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას, ქრისტიან-დემოკრატებმა კოჭი რომ უგორეს სააკაშვილს. ჩახვაძემ სპეციალურად შემოაგდო ელიტური კორუფციის თემა და როცა პრეზიდენტი ჩაეძია, ყველანი აქ ვსხედვართ და მითხარი, რომელია კორუმპირებულიო, მაშინვე უკან დაიხია. ამისთვის სხედან იქ გიორგი თარგამაძე და მისი თანაპარტიელები, თორემ ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, პარლამენტში ვერც იქნებოდნენ... ვერ უთხრეს, ყველა კორუმპირებული ხართო. სააკაშვილი მერაბიშვილსა და ადეიშვილს ხომ არ დაიჭერს? ვერც მერაბიშვილი და ადეიშვილი შეძლებენ მის დაჭერას... ჩემნაირებსა და თქვენნაირებს კორუფციის საშუალებას არ აძლევენ და მათი ლოგიკით, გამოდის, რომ კორუფცია არ არის.
- ბატონო ნოდარ, დიდი ინტერესი იყო მინისტრების ხელფასებთან დაკავშირებითაც...
- როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, შევარდნაძეზე მეტი ხელფასი მქონდა, რადგან ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელი ორგანო იყო, თუ არ ვცდები, 500-600 ლარი მქონდა, მაგრამ როცა გოცირიძე მოვიდა პრეზიდენტად, 20 ათასი ლარი დაინიშნა... მართალია, ბანკი დამოუკიდებელი ორგანო იყო, მაგრამ სინდისიდან დამოუკიდებელი კი არ ვიყავი. მაშინ ხალხს 37 ლარი ჰქონდა პენსია... ახლაც დაახლოებით იგივე სურათია, მინისტრები ათასობით ლარის ოდენობის ხელფასებსა და პრემიებს იღებენ, ხალხი კი პრაქტიკულად სიღატაკის ზღვარზეა, მაგრამ ამათ არაფერი შეხებიათ. მართალია, იურიდიულად ეს კორუფცია არ არის, მაგრამ მორალურად არის დანაშაული, რომელიც დანაშაულად არ ფიქსირდება, იმიტომ, რომ კანონია მანკიერად შედგენილი. გასდით და აკეთებენ... ვინმემ გამცეს პასუხი, რატომ აქვთ მათ ამხელა ხელფასები, ჩვენზე ოცჯერ მეტს აკეთებენ?!.
- იქნებ, ისინი ჩვეულებრივ მუშაკთან შედარებით ოცჯერ მეტად აზროვნებენ?..
- მაშინ გამოდის, რომ დანარჩენები დებილები ვყოფილვართ... არ გეხუმრებით, მართლა ვამბობ და ყველანი უნდა გაყარონ სამსახურებიდან... ესენი ჩინოვნიკებისთვის მაღალი ხელფასების დანიშვნაში ამერიკასა და იაპონიას ეჯიბრებიან, იქაც ასეთი ანაზღაურება აქვთო, კი ბატონო, ასეა, მაგრამ ნახონ ერთი, ჩვეულებრივ მუშაკებს რამდენი აქვთ ანაზღაურება... ან საბანკო პროცენტი ნახონ რამდენია, ხალხს რომ ყვლეფენ და ნერვიც არ უტოკდებათ...
- ბოლო დროს პრეზიდენტმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სოფლის მეურნეობა დააყენა. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ამ სფეროს გადარჩენა?
- სანამ ბაკურ კვეზერელი იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააკაშვილს აზრადაც არ ექნება ამ საქმის მიხედვა, ეს მხოლოდ ბჟუტურია. კვეზერელი არის კაცი, რომელიც შარშან ზაფხულში ზუგდიდში ნიანგების გამრავლების ინიციატივით გამოვიდა. მხოლოდ ამ წინადადებაზე ეტყობა ხელისუფლებას, რომ ქვეყანას ემასხრებიან.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)