"მეც პატიმარი ვარ", - განაცხადა "საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა რუსთაველის გამზირზე, პატიმრებისადმი სოლიდარობის ნიშნად გამართულ ერთ-ერთ აქციაზე. "წინააღმდეგობის მოძრაობის" თავმჯდომარე ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ქართულ ციხეებში არსებულ რეალობაზე გვესაუბრება:
- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელიც სინამდვილეში "ვარდების გადატრიალება" იყო, ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს ადამიანებმა, რომლებსაც დემოკრატია კი არა, სიკეთე რა არის, ისიც არ ესმით, კარგს ცუდისგან, კეთილს ბოროტისგან ვერ ასხვავებენ. მათ ჩამოაყალიბეს ხელისუფლება, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ბოროტებას სჩადის. ამ ხალხმა შექმნა სახელმწიფო, სადაც ადამიანს წაართვეს ყველაფრის უფლება: ქართველ კაცს - ქართველობის და, პირველ რიგში, სიცოცხლის უფლება. ადამიანებს ხოცავენ, როცა უნდათ და სადაც უნდათ, იჭერენ, როცა უნდათ და რამდენი ხნითაც უნდათ, სვამენ ციხეში. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა ქონების გაჩუქების თვალსაზრისით.
საოცრებაა, როდესაც ვიღაცები სრულიად უცნობ ადამინებს ჩუქნიან სახლებს, კერძო ბიზნესს, საწარმოებს... ქალს წაართვეს მშობიარობის უფლება, ადამიანს მკურნალობის უფლება, კართან მოგკლავენ, თუ ფული და დაზღვევა არ გაქვს. ეს არის ნეობოლშევიკური რეჟიმი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის დამონებას, ამ რეჟიმმა ციხედ გადააქცია ჩვენი ქვეყანა. ბუნებრივია, რომ ხალხი ცდილობს, თავი დაიცვას.
- ხალხი თითქოს ყველაფერს შეეგუა და ბოლო დროს პროტესტს არაფერზე გამოთქვამს.
- ვერ დაგეთანხმებით. ჩვენი საზოგადოება ძალიან დისციპლინებულია, მოწოდებაზე 100 და 200 ათასი კაცი მაინც გამოდის პროტესტის გამოსათქმელად. ისიც ბუნებრივია, რომ "ქუჩის პოლიტიკამ" ვერ გაამართლა, რადგან პოლიტიკოსის დანიშნულება არჩევნების გზით მართვის ინსტიტუტებში მონაწილეობაა. მაგრამ როდესაც ადამიანთა ერთი ჯგუფი მართვის სადავეების უზურპაციას ახდენს, პოლიტიკოსები უჩვეულო გარემოში, ანუ ქუჩაში აღმოჩნდებიან. ბევრმა ვერ გაართვა თავი ასეთ აქტივობას, ვიღაცამ გაართვა, მაგრამ მარტო ვერაფერს გახდა. ასეთ ვითარებაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი მეტ მონდომებას იჩენს.
ასე შეიქმნა "წინააღმდეგობის მოძრაობაც", რომელმაც გააერთიანა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უფლებადამცველები, ცნობილი ადვოკატები, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები. ანუ, ჩვენს ორგანიზაციაში არის ხალხი, რომელსაც საზოგადოება იცნობს და ენდობა. ორგანიზაციის მიზანია ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის. "წინააღმდეგობის მოძრაობა" ქართველების გამოგონება არ არის, მაგალითად, საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში "წინააღმდეგობის მოძრაობები" სხვადასხვა სახელებით კომუნიზმის დროსაც ფუნქციობდა და სწორედ მათი ძალისხმევით ზოგ სახელმწიფოში დიქტატორი მმართველები შეიცვალა.
- რა არის თქვენი ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებები?
- ჩვენი მოძრაობა იბრძვის სამოქალაქო, პატიმრების უფლებების დასაცავად, სამედიცინო სფეროსა და საკადრო პოლიტიკაში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად. იდიოტიზმია, როცა სრულიად უცოდინარ, კვალიფიკაციისა და გამოცდილების უქონელ ახალგაზრდებს ნიშნავენ თანამდებობებზე.
- ამჟამად ქართულ ციხეებში რა ვითარებაა?
- არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით საქართველოში 40 ათას პატიმარზე მეტია, ანუ ყოველ ასი ათას მოსახლეზე 700-ზე მეტი პატიმარი მოდის. ევროპული ქვეყნების აზრი ასეთია - თუ ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, 4-მილიონიან სახელმწიფოს ხუთი ათას პატიმარზე მეტი არ უნდა ჰყავდეს.
ამჟამინდელი ხელისუფლება ვიდრე ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, ამტკიცებდა, - 7 ათასი პატიმარი ქვეყანაში არადემოკრატიულობაზე მეტყველებსო. "ვარდების რევოლუციიდან" შვიდი წლის შემდეგ კი ქვეყანაში 40 ათას პატიმარზე მეტი გვყავს. ხელისუფლების მონაცემებით, ჩვენს საპატიმროებში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იხდის სასჯელს. ჩვენს ციხეებში ამდენი ადგილია და რომ არ ითქვას, ერთ საწოლზე სამი პატიმარი წევსო, რეალურ რაოდენობას მალავენ.
- თუმცა, ტელეეკრანებზე ვხედავთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირობებს აუმჯობესებენ...
- ეს ყველაფერი პიარია, ერთია, რასაც ეკრანზე ხედავს მაყურებელი და მეორე, რაც ციხეებში ხდება. "წინააღმდეგობის მოძრაობის" ცხელ ხაზზე დღეში დაახლოებით 50 სატელეფონო ზარი შემოდის საპატიმროებიდან, ისმის პატიმრების ყვირილი, გვცემენ და მოგვეშველეთო. ახლაც შეგვატყობინეს, რომ ქსნის კოლონიაში 33 წლის მიხეილ ჩაგელიშვილი მძიმე მდგომარეობაშია, აქვს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა, ამას ემატება ჩ ჰეპატიტი, მაგრამ არ გადაჰყავთ საავადმყოფოში.
ქართველი ერის წინააღმდეგ მიზანმიმართული გენოციდი მიმდინარეობს. ჩვენ უკვე გავახმაურეთ, რომ არასასურველი პატიმრები ტუბერკულოზით დაავადებულთა საკანში შეგნებულად შეჰყავთ, რომ ცემის კვალი დაიფაროს და გარდაცვალების მიზეზი გახდეს ტუბერკულოზი და არა ცემა-წამება. "წინააღმდეგობის მოძრაობა" შეეცდება, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, ფაქტები, დაასახელოს გვარები. სამწუხაროდ, ექიმები, იმის ნაცვლად, რომ ჰიპოკრატეს ფიცს იცავდნენ, აყალბებენ დიაგნოზებს.
ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში ყოველდღე კვდება თითო პატიმარი, ციხიდან კი იქ იმიტომ გადაჰყავთ, რომ სიკვდილი აღირიცხოს საავადმყოფოში და არა ციხეში - ყველამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი და გააცნობიეროს, რა საშიშროების პირისპირ ვდგავართ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესები და ამას აუცილებლად მოვახერხებთ, მივმართავთ მშვიდობიან, მაგრამ ძალიან მწვავე და რადიკალურ ზომებს. 25 მარტს, 16 საათზე, ყაზბეგის #42-ში მოვუწოდებთ საზოგადოებას, დადგნენ პატიმრების გვერდით, პატიმრების სიცოცხლის გადასარჩენად.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)