”იმ თანხის დათვლა, რაც პიარზე იხარჯება, თითქმის შეუძლებელია”

”იმ თანხის დათვლა, რაც პიარზე იხარჯება, თითქმის შეუძლებელია”

თანამედროვე საქართველოში ყველაზე გავრცელებული, პოპულარული სიტყვაა "პიარი". რა როლს ასრულებს ეს მაგიური სიტყვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა გვესაუბრება:

- თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად პიარტექნოლოგია საკმაოდ გავრცელებული ინსტრუმენტია და მას დიდი წარმატებით იყენებენ სააკაშვილი და მისი თანამოაზრენი. ისინი ქირაობენ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც სწორედ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების გაპიარებაზე მუშაობენ.

სამწუხაროდ, ასეთი პიარი ხშირად ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს. სწორედ პიარის დამსახურებაა, რომ ყველაზე სერიოზულ ამერიკულ გაზეთებშიც კი იწერებოდა და იწერება სტატიები საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის არნახულ წარმატებაზე. როგორი რთული მდგომარეობაა ჩვენს სასამართლო სისტემაში, ყველამ ვიცით, მაგრამ ეს რეფორმა მსოფლიოში მაინც გაპიარდა. ასე რომ, პიარტექნოლოგიები მუშაობს და ბუნებრივია, ხელისუფლება ცდილობს, ის სათავისოდ გამოიყენოს.

- ბატონო ლადო, ყველაზე ცუდი ის არის, რომ პიარის ტყვეობაში ექცევა მოსახლეობის დიდი ნაწილი.

- პიარტექნოლოგია თავის თავში არც ბოროტებას გულისხმობს და არც ტყუილს. პიარტექნოლოგიის საშუალებით, საზოგადოებას უნდა გააცნო ინფორმაცია, რასაც აკეთებ და ეს კარგი კუთხით დაანახვო. ავიღოთ მაგალითად დანა: დანით შეიძლება პურიც დაჭრა და კაციც მოკლა. პოლიტიკოსის წესიერებასა და მის ნებაზეა დამოკიდებული, პიარტექნოლოგიას კეთილი მიზნებისთვის გამოიყენებს თუ - პირიქით.

დღეს პიარტექნოლოგიების წყალობით საქართველო წარმატებულ ქვეყნად არის აღიარებული თითქმის მთელ მსოფლიოში, ამგვარი პიარით მონუსხულია ყველა, განსაკუთრებით კი - რუსეთი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, რუსეთის პროგრესულ ძალებს ჰგონიათ, რომ საქართველო მართლა წარმატებული ქვეყანაა. არც არის გასაკვირი: რუსეთში ისეთი ამაზრზენი რეჟიმია შექმნილი, რომ ისინი ყველაფერს შენატრიან.

საქართველოს შესახებ ლამაზად შეფუთულ ტყუილს ბევრი იჯერებს. აქ კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით: ეს არის ჩვენი დიასპორის არაადეკვატურობა. გული მტკივა, როდესაც ტელევიზიით გვაჩვენებენ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც პრიმიტივიზმს განასახიერებენ. ისინი ან ძალიან კარგად ცხოვრობენ დასავლეთში და საქართველოზე თითქმის არაფერი იციან, ან იმავე პიარტექნოლოგიის ტყვეები არიან. ფაქტია, რომ ჩვენი დიასპორა არ ცხოვრობს იმ ადამიანების ტკივილით, ვინც საქართველოშია.

დავიჯერო, ყველა ახლობელი ან ნათესავი, ვინც აქ დატოვეს, ბედნიერია?! ქართულ დიასპორას არც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩამორჩებიან - ახლახან საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამ შეხვედრამ სულ აღფრთოვანებითა და ტაშ-ფანდურით ჩაიარა. საინტერესოა, სავალუტო ფონდში ასე როგორ დაჩაჩანაკდნენ: არ იციან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, გასული წლის მონაცემებით, საქართველო მეორე ადგილზეა ინფლაციის დონით, ხოლო პირველ ადგილზე ყირგიზეთია - ქვეყანა, სადაც 2010 წელი სამოქალაქო დაპირისპირების უმძიმესი პერიოდი იყო. არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთ პრიმიტივიზმამდე დავიდეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც პიარტექნოლოგიების ნაყოფია.

- თქვენც ხომ არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და სხვა ორგანიზაციებს სულაც არ სურთ საქართველო წელგამართული ქვეყანა იყოს?

- ასეთი თეორია მართლა არსებობს, მაგრამ მას არ ვიზიარებ. მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკმაოდ გამჭვირვალე ორგანიზაციებია, მათი მიზანია, მთელ მსოფლიოში იყოს ეკონომიკური სტაბილურობა. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი: ამ ორგანიზაციებშიც მუშაობენ ბიუროკრატები, რომლებსაც ერთადერთი ინტერესი ამოძრავებთ: კარიერაში წინსვლა. შეგახსენებთ ერთ ფაქტს:

2005 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოდან გააგდო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, ძალიან კარგი სპეციალისტი, რომელიც მოითხოვდა რეალური რეფორმების გატარებას საქართველოში. სავალუტო ფონდის ისტორიაში ძალიან იშვიათი რამ მოხდა:

კაცს კარიერა გაუფუჭეს. ეს ორგანიზაცია მაღალპროფესიულია, მისი მიზნებიც სწორია, მაგრამ იქაც ადამიანები მუშაობენ. როცა ხედავენ, რომ ძალიან წარმატებულ სპეციალისტს გაუფუჭდა კარიერა, სხვა ვეღარ ბედავს სიმართლის თქმას. სათქმელი კი ბევრია. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოგიყვანთ: რამდენიმე კვირის წინ ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 9 პროცენტით გაიზარდა, ერთი კვირის თავზე კი სააკაშვილმა თქვა, რომ ზრდა იყო 10 პროცენტი, არადა, სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს მეოთხე კვარტალის მონაცემები გამოქვეყნებული არ ჰქონდა. გეკითხებით, რა იციან იანვარში რა მოხდა, თუ მეოთხე კვარტალის მონაცემები ჯერ კიდევ უცნობია? ესეც პიარია, მაგრამ პრიმიტიული პიარი, რომელსაც მოსახლეობის ერთი ნაწილი მართლაც იჯერებს.

- მივუბრუნდეთ პიარკომპანიებს, თუ გაქვთ კონკრეტული ციფრები, რა თანხა იხარჯება მათ დაფინანსებაზე?

- ძალიან ძნელია კონკრეტულ ციფრებზე ლაპარაკი, რადგან გარდა იმისა, რომ დაქირავებული ჰყავთ ლობისტური კომპანიები, არსებობს სხვა მექანიზმიც: ლობისტები ჰყავთ დაქირავებული სხვადასხვა უწყებაში, ისინი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ეს ადამიანები არიან ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ამა თუ იმ სამინისტროს კონსულტანტებად ჰყავთ დაქირავებული, მაგრამ ისინი სერიოზულ ლობისტურ საქმიანობას ეწევიან. ამიტომ ამ ხარჯების სრულად გამოთვლა თითქმის შეუძლებელია.

- მიხეილ სააკაშვილი ხშირად ლაპარაკობს საქართველოს სინგაპურად გადაქცევაზე...

- როგორც იტყვიან, პრეზიდენტმა "ჩაიხვია" და ვეღარ გამოდის ამ იდეის ტყვეობიდან. სხვათა შორის, სააკაშვილი ბოლო ხანს იყენებს ტერმინს "დემოკრატიული სინგაპური", ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, რადგან სინგაპური ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანაა. სხვათა შორის, სინგაპურს უკვე ბევრი რამით ვგავართ, არა მარტო მაღალი ფასებით, არამედ იმით, რომ ჩვენთანაც ავტორიტარული რეჟიმია, ჩვენთანაც შეიმჩნევა მისწრაფება, რომ ეს რეჟიმი იყოს მრავალწლიანი. ამას ადასტურებს სააკაშვილის განცხადება, "ნაციონალური მოძრაობა" სულ ცოტა, 50 წლით არის მოსულიო, ერთხელ 70 წელიც კი ახსენა. მგონი, ესეც სინგაპურის გავლენაა, მოკლედ, თანდათან მართლაც სინგაპურს ვემსგავსებით!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე