ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს?

ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს?

მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, დაიხმაროს ქართველი ხალხი და, ასევე, დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ ნათქვამია "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც შალვა ნათელაშვილის აქციის საპასუხოდ გავრცელდა.

"ქართუ ჯგუფის" პრესსამსახური ნათელაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციის გახმოვანებაში ადანაშაულებს.

"თუკი თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ ძალთა ახლანდელ განაწილებას, არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული ფსევდოოპოზიცია, არსებობს ასევე სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები მათ შორის და ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა. ახლანდელი ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს და საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას - საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც შესანიშნავად მართავს... ნამდვილ ოპოზიციურ მოძრაობას საკმაოდ უჭირს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, მოახლოებული არჩევნების წინ სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ მყარია... ნათელაშვილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მისსავე ინტერესებს ემსახურება",- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილი "აპოლიტიკური ადამიანია და პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნია". "მაგრამ ხომ არსებობს იმის ალბათობა, რომ თუ თვითონ პირადად არ მოიწადინებს პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, ფინანსური ან სიტყვიერი დახმარება აღმოუჩინოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მთლიანად ოპოზიციას? ხომ შესაძლებელია, რომ ნათელაშვილის მიერ ნახსენები 150 მილიონი ივანიშვილმა სწორედ აქეთ მიმართოს? რასაკვირველია, მისი ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევდა ზემოხსენებული ბალანსის მკვეთრად დარღვევას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართუ ჯგუფი" მიიჩნევს, რომ სწორედ ახლანდელ ხელისუფლებას არ აძლევს ხელს არსებული ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე არ დააფინანსოს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარში არ ამოუდგეს.

"სწორედ ამიტომაც, თუკი ნათელაშვილის ადრინდელ განცხადებებს ბეჭდური მედია და მეორეხარისხოვანის ტელეარხები აშუქებდნენ ხოლმე; ამჯერად მისი ბრიფინგის შესახებ სიუჟეტი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ყველა არხმა - რუსთავი 2-მა, იმედმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადასცა",-აღნიშნულია განცხადებაში.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქცია 11 მაისს გამართა, სადაც განაცხადა, რომ რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს ყოველწლიურად 150 მილიონი დოლარით აფინანსებს პირადად და ამით მის ხელისუფლებას აძლიერებს.

"ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის აცხადებს, რომ ნათელაშვილის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი, აბსურდულია და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ერთი თეთრითაც არ დახმარებია.

"ნათელაშვილი, იცის რა, რომ ბატონ ბიძინას კაპიტალის მესამედი რუსეთში აქვს, დახმარებისთვის მიმართავს რუსეთის მთავრობას და პირადად პუტინსაც კი - დაეხმაროს ქართველ ხალხს ივანიშვილის განადგურებაში, რადგან მხოლოდ მისი, როგორც საქართველოს მთავარი მტრის ჩამოშორებით გახდება შესაძლებელი სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მოყვანილია ეკონომიკური ექსპერტების გათვლები, რომელთა მიხედვითაც, სააკაშვილს მსხვილი ბიზნისის გაკონტროლებით წელიწადში 300-400 მილიონის შოვნა შეუძლია, ხოლო "თუ ამას ნათელაშვილის ფანტაზიებსაც დავუმატებთ, ეს ციფრი ალბათ მილიარდამდეც გაიზრდება".

"თუ სააკაშვილი მილიარდერია და იგი ივანიშვილის დაუხმარებლადაც წარმატებით ახერხებს პირადი ანგარიშების შევსებას ბიზნესის დატერორებით და რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ართმევს ქართულ ბიზნესს, მაშინ ივანიშვილის 150-მილიონიანი დახმარება არ სჭირდება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ერთი თეთრითაც არასოდეს არ დახმარებია, მაშინ ნათელაშვილის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი და აბსურდულია. აქედან გამომდინარე, ნათელაშვილს ნაკლებად აწუხებს ივანიშვილის 150-მილიონანი დახმარება და სააკაშვილის ხელისუფლების სიმყარე", - ნათქვამია "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე