ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე ჟურნალისტების პროტესტი გრძელდება. საქართველოს შს მინისტრთან ვიზიტმა შედეგი არ გამოიღო, თუმცა ამ შედეგის არც არავის სჯეროდა. საქართველოში საყოველთაო ნიჰილიზმისა და დეპრესიის ხანა დადგა, რომელიც ხშირად მასიურ ფსიქოზში გადადის. ჩვენი იარაღი და პროტესტი მართალი სიტყვაა, შექმნილი უმძიმესი ვითარება კი ყველა მოქმედ თუ ყოფილ ჟურნალისტს კონსტიტუციით მინიჭებულ "დუმილის უფლებას'' ართმევს. "ვერსია'' ახალ რუბრიკაში - "ექსპრესმესიჯი'' - შევეცდებით გავაანალიზოთ ისე პოლიტიკური პროცესი, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო კრიზისის ფონზე მიმდინარეობს და რომელიც, შესაძლებელია, ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. თუ ასე მოხდა, ჩვენ, ჟურნალისტები, ე.წ. მეოთხე ხელისუფლება, ისეთივე პასუხისმგებლები ვიქნებით სავალალო შედეგებზე, როგორც დანარჩენი სამი და ქართული საზოგადოება.
რუბრიკის პირველ რესპოდენტად კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ამჟამად ქართული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეგნებულად შევარჩიეთ. მიუხედავად ვარდების ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას დაშვებული უამრავი პოლიტიკური შეცდომისა, 26 მაისსა და მის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა მისი ბევრი პოლიტიკური ოპონენტიც კი აიძულა, პატივი ეცა იმ პოზიციისთვის, რომლითაც იგი სახალხო კრებასთან ერთად იბრძვის.
- სანამ საუბარს დავიწყებთ, მინდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ დადგა მომენტი, როცა ყველა ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და გადაწყვიტოს - ან ეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება, ანდა გააკეთოს იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია. დღეს პოზიცია - მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ, საკმარისი არ არის. დგება ცხოვრებაში პერიოდი, როცა არ კმარა ის, რომ კარგ ფილმს იღებ, კარგი დირიჟორი ხარ, კარგ წიგნს წერ ანდა კარგ გაზეთს უშვებ... ეს არის ის, რაც ნორმალურ ვითარებაში ევალება ადამიანს, ამიტომაც თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, მეოთხე ხელისუფლებამ საკუთარი ხმამაღალი სიტყვა უთხრას საზოგადოებას, მივმართავ თქვენს კოლეგა ჟურნალისტებს - ნუ უყურებთ ასე მშვიდად იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება და კარგად გაითავისეთ, რომ თქვენ სპეცნაზზე უფრო მეტი ძალა გაქვთ და ეს მართლაც ასეა. გაცილებით ძლიერია ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სიტყვა, ვიდრე სპეცნაზელის მიერ მოქნეული ხელჯოხი. ძალიან ნაცემი ადამიანებიც კი ამბობენ, რომ მათ გაცილებით გაუჭირდათ იმ მორალური ტკივილის მოშუშება, რომელიც მათ მიაყენეს, ვიდრე ფიზიკური ტკივილისა. დღეს რომ ჟურნალისტების ნაწილი არ ემსახურებოდეს ხელისუფლებას და თავის სათქმელს ხმამაღლა ამბობდეს, ანდა ტყუილს მაინც არ ამბობდეს, ასეთი ტრაგიკული ვითარება არ იქნებოდა. დღეს გადამწყვეტი როლის თამაში სწორედ ჟურნალისტებს შეგიძლიათ.
- იქნებ, სწორედ ამიტომაცაა განსაკუთრებული შეტევა თავისუფალ მედიაზე, რომელიც ვარდების რევოლუციისთანავე დაიწყო და ორიოდე დღის წინ ჩემი კოლეგების დაპატიმრებით დაგვირგვინდა. ქალბატონო ნინო, არც მე და არც თქვენ მათ მსაჯულებად არ გამოვდგებით და დიდი იმედი მაქვს, ოდესმე მაინც გავიგებთ სიმართლეს (თუნდაც, ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ), მაგრამ მინდა სულ სხვა კუთხით დავსვა საკითხი - თქვენ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი ბრძანდებოდით და სხვაზე უკეთ შეგიძლიათ შეაფასოთ. როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, ვისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას ფოტოგრაფების (რაც უნდა მაღალი დონის იყვნენ ისინი) თუ სპეცსამსახურის იმ მაღალჩინოსნების, რომლებმაც ვერ უზრუნველჰყვეს საიდუმლო ინფორმაციის დაცვა?
- ევროპაში ვიყავი, როცა ეს ფაქტი გავიგე და რომელმაც სრული შოკი გამოიწვია იმ ევროპელებში, ვისაც ინფორმაცია სახელდახელოდ მივაწოდე. გეთანხმებით, ჩვენ არ შეგვიძლია სასამართლო გადაწყვეტილებამდე ვინმეს უდანაშაულობა ან დანაშაული ვამტკიცოთ, მაგრამ ხელისუფლებამ იმდენად გაიფუჭა ავტორიტეტი, მისი აღარავის სჯერა. თუ საქართველოში ამდენი მაღალი თანამდებობის პირი, ბიზნესმენი, ჟურნალისტი მართლა რუსეთის აგენტია, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე და ამ ქვეყანას, უბრალოდ, მომავალი არ აქვს. თუმცა, ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის აბსურდი, ძირითად და უმრავლეს შემთხვევებში, კადრები სერიალიდან "კუდიანებზე ნადირობა''. აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენს მოსაზრებაში ჟურნალისტებთან დაკავშირებით - როგორ შეიძლება ჟურნალისტს ჰქონდეს განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციასთან რაიმე ოფიციალური შეხება. თუ კანონით ამის უფლება არ აქვს და პრესსამსახურის თანამშრომელმა ან ფოტოგრაფმა სახელმწიფო საიდუმლოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეტალები გაიგო, აქ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგვესმინა ინფორმაცია იმ სახელმწიფო მოხელის დაპატიმრების შესახებ, რომელმაც ან თავისი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, ანდაც სამსახურეობრივი გულგრილობა ჩაიდინა.
ამის შემდეგ კი დასაშვებია ვისაუბროთ იმ ჟურნალისტების ქმედებაზე, ვინც მოპოვებული ინფორმაცია ცუდად გამოყენა. თუმცა, ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება. ამ ქვეყანაში კი ყველა ეს გონივრული მსჯელობა არასერიოზულია, რადგან თავად ხელისუფლების ქმედებებია ალოგიკური - 23 მაისს ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ სახალხო კრებას სერიოზული პროტესტის თავი არა აქვს და არ გვაინტერესებსო. 26 მაისს კი, თურმე, უკვე სახელმწიფო გადატრიალებას ვაპირებდით და "გრუ'' შემოგვყავდა. ან ვანომ დაიჯერა და მოეწონა ეს "ამბავი'' - რა კარგია, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენო, ანდა ამიხსნას ვინმემ, ამ ორი განცხადების ლოგიკა. შეფასების კრიტერიუმი აქ ერთადერთია - როგორც მინდა, ისე გავაკეთებ. დღეს თუ მომინდა, მოღალატედ გამოგაცხადებ და შავ პიარს აგიგორებ, რამდენიმე თქვეში კი პრეზიდენტის ბრწინვალების ორდენით დაგაჯილდოვებ.
- ეს გახლავთ შანტაჟის შეფარული ფორმა, ან მონა ხარ, ან მტერი. თუმცა, ფაქტი ის გახლავთ, რომ ხელისუფლების ამგვარმა ქმედებამ შედეგი გამოიღო - საზოგადოებაში შიშის სინდრომია...
- ქვეყანაში მასიური ფსიქოზია და ეს კეთდება მიზანმიმართულად. დღეს ადამიანებს უთელავენ ყველაზე მთავარს - ღირსებას. არადა, თუ კაცს ღირსება შეელახა, მას დასაკარგი აღარაფერი აქვს. ამ პრინციპით მუშაობენ, ცდილობენ იმდენად შეგილახონ ღირსება, რომ დასაცავი აღარ გქონდეს, აღარაფრისთვის აღარ ღირდეს ბრძოლა. ამ ხელისუფლებას სჭირდება მხოლოდ მონები და არა პოტენციურად ხმის ამომღები ადამიანებიც კი. ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტი ამ ხელისუფლებას ემსახურებოდა და ოდესღაც ჩუმად იყო, მაგრამ მათაც მიადგნენ არა, როცა დასჭირდათ? ამით მათ გვითხრეს, რომ არავინ არის ხელშეუხებელი. ვეთანხმები, ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს, მაგრამ კანონიერად. ამიტომაც ვამბობ, დიდი ხანია, განგაშის ზარებია შემოსაკრავი. ქვეყანა ხელიდან გვეცლება და თუ შევუშინდებით, თუ თავს შევაშინებინებთ, ყველას და ყველაფერს გათელავენ. ნახეთ, როგორი პროცესია - ჯერ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს უნდა გადაუარო და მოსინჯო, ამას საზოგადოება მიიღებს თუ არა, რაც ადვილი იყო, რადგან პოლიტიკოსს ყოველთვის ჰყავს მომხრე და მოწინააღმდეგე, მით უმეტეს მაშინ, როცა მედია წლების მანძილზე მის წინააღმდეგ მუშაობს. ხელისუფლებამ მოახერხა და ჩემზე აგორებული შავი პიარი მიაღებინა საზოგადოების ნაწილს. მერე წამოვიდა სხვებზეც, მერე ინტელიგენცია შემოყარა ამ წრეში, მერე გაძლიერდა და დარტყმები დაიწყო ეკლესიის მისამართით. ყველამ კარგად იცის, პარლამენტის თავმჯდომარეობისას, როგორ ვიყავი გადაფარებული საპატრიარქოს, ვცდილობდი, ზღვარი ყოფილიყო დაცული... ნელ-ნელა შეგვაგუეს და ამიტომაც ერთმანეთისადმი სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, თუ ერთად არ დავდგებით, ეს ბოროტების მანქანა ისე გათელავს ყველაფერს, ახალი, უკეთესი ცხოვრების შანსი აღარ გვექნება.
- ამ მანქანამ, სამწუხაროდ, ინტელიგენციის იმ ნაწილსაც მწარედ "გადაუარა'', ვის გვერდითაც სახალხო კრებაში იდექით. ისინი 26 მაისის მოვლენებში ყველაზე მკაცრად, სამაგალითოდ დაისაჯნენ, დაამცირეს, გაანადგურეს. მათი ყველა ინტერვიუ, რომელიც დარბევის შემდეგ გამოქვეყნდა, ამის ნათელი დასტურია. დღეს, როცა საზოგადოებაში პროტესტის უდიდესი ტალღაა (ცალკე ჟურნალისტებისა და ცალკე მართლმადიდებელ ქრისტიანთა) ეს ადამიანები აღარ ჩანან... რატომ, მათაც ხელი ჩაიქნიეს და დაკარგეს ბრძოლის უნარი, მიაღწია ხელისუფლებამ სასურველ შედეგს?
- კრების შემთხვევაში - არა. ჩვენ, დარბევიდან ორ დღეში შევიკრიბეთ და დღემდე ბრძოლის სულისკვეთებით ვმუშაობთ. საჯაროდ არ ვჩანვართ იმიტომ, რომ ხელისუფლება საამისოდ ყველაფერს აკეთებს. საპატრიარქოს აქციაზეც ვიყავით მე, ნონა გაფრინდაშვილი, თემურ შაშიაშვილი და კრების სხვა წევრები, მაგრამ არც ერთ კადრში არ მოვხვედრილვართ სამების სიუჟეტში. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ფიქრობს თქვენნაირად. ჩვენ გავაკეთეთ არაერთი განცხადება, თუმცა არც ერთი მათგანი არ შუქდება ტელევიზიით, მადლობა უფალს, გაზეთებში მაინც არის საშუალება საზოგადოებას მიაწვდინო ხმა და ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა ვთქვა - არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ და აქტიურად ვმუშაობთ. პირველი ორი კვირა ვარკვევდით, ვინ სად იყო დაკავებული, რომელ საკანში, რომელ საავადმყოფოში იყვნენ დაზარალებულები, აღმოვუჩინეთ დახმარება. თითქმის არც ერთმა საავადმყოფომ უფასოდ არ უმკურნალა და დაზღვევაც კი არ აუნაზღაურეს ადამიანებს. პირდაპირ ეუბნებოდნენ - არასანქცირებულ მიტინგზე იყავით ბურჯანაძესთან და ამიტომ დაზღვევას არ აგინაზღაურებთო. ეს სარჩელები წავა სტრასბურგში, მაგრამ მანამდე ხომ მათ თანადგომა სჭირდებოდა. ძალიან დაგვეხმარნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადვოკატთა კავშირი, არასამთავრობოები იმაში, რომ ეს დაკავებული 280 ადამიანი არ დარჩენილიყო იურიდიული დახმარების გარეშე. ინფორმაცია გაიგზავნა მთელ მსოფლიოში, რამაც შედეგი გამოიღო.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ დახურეთ რეგიონული ოფისები და აპირებთ სერიოზული პარტიული წმენდა ჩაატაროთ სახალხო კრების რიგებში.
- დიახ, დავხურეთ. დასამალი არ არის, რომ ძალიან სერიოზულად გასაცხრილია ჩვენი ორგანიზაციები, ის ნაწილი კრების სტრუქტურებისა, სადაც ხელისუფლებამ შეძლო და ხალხი შემოაგზავნა. ღირსეული ნაწილი კი ჩვენთანაა და ერთი წამითაც არ აპირებს ამ ვითარებას შეეგუოს. ციხიდან გამოდის ხალხი და ისევ ჩვენს გვერდით დგება, რადგან მათ იციან, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. მე პოლიტიკოსი ვარ და, ბუნებრივია, ჩემთვის პოლიტიკური ნაბიჯები მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს რასაც ვაკეთებთ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკა. დღეს ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. სუფთა პოლიტიკა მაშინ იქნება, როცა ამას მივაღწევთ, დაინიშნება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და იმ დღიდან, პირადად მე გადავდივარ სუფთა პოლიტიკურ ბრძოლაზე.
- ევროპაში თუ ესმით, როცა ამ საკითხებზე საუბრობთ, როგორც ვიცი, ახლახან დაბრუნდით ტურნედან, რამდენად გასაგებია ეს ყველაფერი მათთვის და როგორი რეაქცია აქვთ, როცა კარგად გაპიარებული ხელისუფლების დანაშაულებრივ ფაქტებზე ელაპარაკებით?
- ევროპაში რეაქცია არის ძალიან მძიმე. რამდენიმე სერიოზულ გამოცემაში სულ მალე იხილავთ ამ ტურნეს შედეგებს - უკვე გამოქვეყნდა ინტერვიუ სათაურით "გააჩერეთ დიქტატურა'', რომელშიც ძალიან სერიოზული მესიჯებია გაგზავნილი ევროპისადმი. ყველა ამ გამოცემაში, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროპამ ვერ შეამჩნია, როგორ დაიბადა ახალი დიქტატორი, დოკუმენტებითა და კონკრეტული ფაქტებით ვადასტურებ, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არის. თუმცა, როცა ამას ევროპელს ელაპარაკები, უნდა აუხსნა, რადგან ეს ყველაფერი რაც აქ ხდება, მათთვის წარმოუდგენელია. აი, თუნდაც ასეთი ფაქტი მოხდა ახლახან, რომ დააპატიმრეს ბექა პეტრიაშვილი, ჩვენი ვაკის აქტივისტი, რომელიც მოსამართლემ უსინდისოდ გაუშვა სისხლის სამართლის დანაშაულზე - 20 წლის ბიჭი სახლის ლიფტთან დააკავეს და აბრალებენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამაზე გიჟდებიან ევროპელები, არ ესმით, როგორ შეიძლება ეს მოხდეს...
კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით - ეს არის სქემა, რომელიც რუსთავის პოლიციამ ჩვენი აქტივისტების წინააღმდეგ მოიფიქრა - ჩვენს აქტივისტთან ოჯახში მიდის ადამიანი, უკაკუნებს კარზე, უკავია ხელში ყვავილები და კაცს ეუბნება, რომ ეს ყვავილები შენს ცოლს გამოუგზავნა მისმა თაყვანისმცემელმაო. იმ კაცის ადგილას მე მას ხომ დავაგორებდი კიბეზე? თუ უნდათ დამიჭირონ, დანაშაულის წახალისებისთვის, მაგრამ გამაგებინეთ, ხომ უნდა მოიფიქრო ეს უზნეობა? იმ კაცს ჰყავს 25 წლის ბიჭი, რომელიც ისე სცემეს, 26-ში კინაღამ მოკვდა. მისი საქმე მიდის სტრასბურგში. ტელეფონებზე მიდის მესიჯები, რომელსაც ვითომ, მის ცოლს უგზავნიდნენ, შეეშალათ და მის ნომერზე გამოგზავნეს. ეს არის მეორედ მოსვლა, ამორალობა. შეძრწუნებული ვარ. მე ძალიან კარგად მესმის და არ მქონია ილუზია, რომ ჩვენი ბრძოლის გზა იავარდით მოფენილი იქნებოდა, მაგრამ ხომ არასოდეს არ მომსვლია აზრად ვილაპარაკო მათ ცოლებზე, ოჯახის წევრებზე, დედებზე და არც ვილაპარაკებ მათ ოჯახებში რა ცოდვა და უბედურება ტრიალებს იმიტომ, რომ ეს ჩემს ოჯახსა და ხალხს მიაყენებს შეურაცხყოფას. როგორ შეიძლება ცოლ-ქმარს შუაში ჩაუხტე, ოჯახებში შეხვიდე? ეს შეიძლება მოიფიქროს მარტო ბოროტმა ძალამ... არა ვარ ის ადამიანი, ანტიქრისტეებზე ვილაპარაკო, მაგრამ ეს სცილდება ადამიანურობის ფარგლებს და ამას ყველანაირი მეთოდით უნდა ვებრძოლოთ.
- ამასობაში, პოლიტიკური სპექტრი ერთგვარად გადანაწილდა და შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ცალკე ხელისუფლება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დათანხმებული თუ შეთანხმებული პარტიები, ცალკე - ექვსიანი, ცალკე ლეიბორისტები და ქართული პარტია... ფაქტია, პროცესი მიდის, ამ პროცესში, სად არის ნინო ბურჯანაძე თავის პარტიით და სახალხო კრება?
- ჩვენ ვართ კრებაში და ვართ ყველაზე თანმიმდევრული პარტია განცხადებაშიც და ქმედებებშიც. ვმოქმედებთ დასახული გეგმით, გარკვეული კორექტირებები, რა თქმა უნდა, კეთდება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს გადაგვიხვევია იმ პრინციპებისგან, რომელიც გამოვაცხადეთ. კრება დღეს არის ხალხის ის წარმომადგენლობითი ძალა, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის და ხელმძღვანელობს თავისი დასახული გეგმით. დანარჩენი ვინ რას აკეთებს, როგორ იქცევა, ხან - რვიანია, ხან - ექვსიანი, ხან - ექვსს პლუს ერთი და ხან რვას მინუს ორი, ამით ძალიან კარგად სარგებლობს სააკაშვილი. გადავავლოთ თვალი ჩვენს განცხადებებს და მითხარით, რას ამბობს რომელიმე პარტია იმისგან განსხვავებულს, რასაც ამბობს კრება.
2 წლის წინ კრებამ განაცხადა - ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ეს დემოკრატიული არჩევნები ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ, რადგან ამას ჩვენ ხელისუფლება არ მოგვცემს, არც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს და არც მოლაპარაკების მაგიდასთან გამოვა არაფერი, თუ ხალხის ძალა არ იქნება ჩართული. ხომ არ გეცნობათ ეს განცხადება, რაიმეს ხომ არ გახსენებთ? - რა თქმა უნდა, მახსენებს ექვსიანის განცხადებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.... - და მერე? ორი წელი უნდა დაგჭირდეს იმისათვის, რომ რასაც კრება ამბობს, ეს გაიზიარო და მიხვდე, რომ მართალია? ნახეთ, კრების დოკუმენტები დაფუძნებიდან დღემდე... ახლა რა ვქნათ? 2 წელია, ამას ვამბობთ და გვებრძვიან... დიახ, ვამბობთ, დავნიშნოთ არჩევნები, მაგრამ თუ არ იქნება ხალხის ზეწოლა, ხალხის ძალიან დიდი მასა, რომელიც ხელისუფლებას რყევას დაუწყებს, არაფერს არ გადმოგვიგდებენ. ორი წელი დასჭირდათ პარტიებს, რომ აქამდე მოსულიყვნენ და ახლა რა ვქნათ, კიდევ 2 წელი ველოდოთ? - 2 წელი ვერ დაველოდებით, რადგან არჩევნები უკვე დაგვინიშნეს. მერწმუნეთ, შესანიშნავად ჩაატარებენ მას თქვენს გარეშე ისევე, როგორც ეს მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს... - არა მგონია, შეძლონ არჩევნების მშვიდად ჩატარება, ეს ხელისუფლება ისეთ შეცდომებს უშვებს, ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. თუნდაც ის, რაც გააკეთა პატრიარქთან მიმართებაში.
დავანებოთ ყველაფერს თავი და ვთქვათ, რომ ცამდე მართალი იყო პარლამენტი, როცა ის კანონი მიიღო... აქ უპირველესი იცით რა არის? მთავარი ისაა, რომ შეგიძლია იმ პატრიარქს, რომელსაც ასეთი ღვაწლი და ავტორიტეტი აქვს ქვეყნის წინაშე და დელიკატურად გთხოვს, მოვიფიქროთ, იქნებ, სხვაგვარად სჯობიაო, ეუბნები - არა, არ მაინტერესებს შენი აზრი... მერე რა, რომ პატრიარქი ხარ და ეკლესია, არ ვაპირებ, ერთი კვირითაც კი გადავდო საკითხის განხილვა, თუნდაც იმისათვის, რომ დაგიმტკიცო ჩემი სიმართლეო... ყველაფერი ფეხქვეშ გაითელა და ამას ერი დიდხან არ მოითმენს. გამორიცხულია, ისე შეძლონ არჩევნების ჩატარება, როგორც აპირებენ. გამორიცხულია. სიმართლე გითხრათ, ადამიანურად დამწყდა მემარჯვენეებზე გული. ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას რომ გაიგებ და ძალიან გეწყინება, დაახლოებით ასეთი გრძნობა მქონდა, რადგან მიუხედავად ჩვენი ურთიერთობის რთული პერიოდებისა, ადამიანურ დამოკიდებულებას ვინარჩუნებდით და მე ამას ყოველთვის ვაფასებდი. ვერ მიიღებენ იმას, რისთვისაც ეს ნაბიჯი გადადგეს, გამორიცხულია. ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში არიან და პოლიტიკურად ასე ჩაბარება არ ღირდა.
- და ქალბატონო ნინო, გასაგებია, რომ თქვენც არჩევნებს ითხოვთ, მაგრამ მაინც როგორ უნდა მივაღწიოთ ამ არჩევნებამდე, რა რესურსი გვაქვს დღეს თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებით, კონკრეტულად რომ მითხრათ, შეგიძლიათ?
- არჩევნებამდე ეს არის პოლიტიკური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა... აი, ახლა, მომივიდა ეს ფორმულირება საუბრის დროს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი - ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა. ნუ ექნება ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაფიქრებული აქვს - არჩევნების პროცენტები წინასწარ რომ დაგვიწერა მერაბიშვილმა "კომერსანტში'' და საზოგადოებას აჩვევენ, რა იქნება... ბურჯანაძეს 1% აქვს თუ 3%, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის. ყველა კაბინეტში, სადაც შევედი, წინასწარ დამხვდნენ ჩასულები - არ შეხვდეთ ბურჯანაძესო, მარტო ბილეთებში აქვთ იმდენი ფული გადაყრილი, ერთ პარტიას ეყოფა. რატომ იწუხებენ თავს 3%იანი ბურჯანაძისთვის, ხომ ვერ მეტყვით? ვერ გაამართლებენ ამ ყველაფერს საზოგადოებისთვის, ვერ ახსნიან, რომ რომელიღაც პარტიები მარგინალები არიან და ხალხი მხარს არ უჭერს, მათთან შეკრულ პარტიებს კი მაღალი რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა აქვთ. არ გამოუვათ, ნამდვილად, გარწმუნებთ. ყველა ფრონტზე იქნება უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლა, როგორც ქუჩაში, ისე საარჩევნო კომისიებში.
- მესმის, მაგრამ ამ ბრძოლაში დამოუკიდებლად, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გარეშე, ყველას ძალიან გაგიჭირდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციები მიმდინარეობს გარკვეული ტიპის გაერთიანებაზე... თქვენც გთავაზობენ პარტნიორობას თუ კვლავ არჩევნების ბოიკოტს აპირებთ?
- ამ წუთში არჩევნებზე არ ვისაუბრებდი, თუმცა ერთი დეტალი მინდა შევნიშნო - მიუხედავად ლეიბორისტების კრებისადმი დამოკიდებულებისა, როცა მაისის აქციებზე ნახეს, უკან დახევას არ ვაპირებდით, მოზომილი კომენტარები გააკეთეს და სოლიდარობაც გამოგვიცხადეს. რვიანი კი ყვავ-ყორნებივით წამოგვესია... ნაცვლად იმისა, რომ მოსულიყვნენ და სამძიმარი, თანაგრძნობა გამოეცხადებინათ, ჩვენი ჩაქოლვა დაიწყეს, ემანდ, ძალიან არ გაძლიერდეს და პოლიტიკური პრობლემები არ შეგვექმნასო. აი, ამ სამარცხვინო ნაწილიდან ექვსი, დღეს შედარებით უკეთესად მოიქცა და ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სახელით არ გაურიგდა, მთლად არ გაიყიდა. მე ნიშნი კი არ მოვუგე, განვაცხადე - კარგია, რომ კარგად მოიქცნენ-მეთქი. ამათ, ეს ობიექტურად და კორექტულად შეფასება ფაქტისა, ყველა რომ არ გაბითურდა, ისე გაიგეს - ბურჯანაძე ჩვენთან მოდისო და აწიოკდნენ - ჯოხიანებსა და რაგატკიანებს არ მივიღებთო. იცით, მე ჯერ კიდევ მაქვს შერჩენილი კეთილგანწყობა და არ მინდა, ძალიან მწარე რეპლიკა გავაკეთო, მაგრამ ერთს აუცილებლად ვიტყვი - როცა სხვის რაგატკებსა და ჯოხებზე ლაპარაკობთ (მით უმეტეს, იქ რაგატკები არ ყოფილა), საკუთარი ავტომატები და ჰაუბიცებიც არ უნდა დაგავიწყდეთ, ბატონებო. შემიძლია დავამშვიდო ექვსიანი - ნუ შეწუხდება გაფართოვებაზე ჩვენი მიმართულებით, კრებიდან არავინ აპირებს მათთან შეერთებას და არც მათთვის ხელის შეშლას, სხვათა შორის. კრების დაარსების პირველი დღიდან ოპოზიცია, განსაკუთრებით რვიანი, ჩაენაცვლა სააკაშვილს კრების ლანძღვა-გინებაში და ხელს გვიშლიდა მუშაობაში. მათგან განსხვავებით, არ ვაპირებთ ექვსიანს პლუს ხუთი იქნებიან თუ პლუს თხუთმეტი, ხელი შევუშალოთ მუშაობაში. თუ გადააყენებენ ამ ხელისულებას, პირველი მე მივულოცავ. ხოლო თუ გაუჭირდებათ და ეს ხელისუფლება თავპირს დაამტვრევს ანდა დაიჭერს, მათგან განსხვავებით, მივალ და მივეხმარები.
- ქალბატონო ნინო, თქვენ ძალიან კარგად იცით ნაცმოძრაობის ანატომია. რამდენად დასაშვებია ვერსია, რომ დავით ბაქრაძემ და რამდენიმე დეპუტატმა, პროტესტის ნიშნად, არ მიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და სოლიდარობა გამოუცხადა საპატრიარქოს, რამდენად რეალურად გეჩვენებათ ხელოვნურად დაშლილი ნაცმოძრაობის ნაწილის ოპოზიციაში გადაბარგება?
- დავით ბაქრაძე და დეპუტატები საქართველოში არ იყვნენ და ხმაც ამიტომ არ მისცეს, თორემ ზუსტად ვიცი, ბაქრაძე ხმის ამომღები რომ არ არის. თუ ეს პროტესტი იყო, მაშინ იმის ვაჟკაცობაც ეყოთ და ხმამაღლა განაცხადონ. რაც შეეხება ნაცმოძრაობის ხელოვნურ რღვევას, მეტსაც გეტყვით. მიდის ძალიან სერიოზული გადაჯგუფებები სხვადასხვა მიმართულებით. არის მცდელობა, სხვადასხვა დაჯგუფებებმა თავიანთი მომავალი უზრუნველჰყონ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ამერიკაში, ასევე ევროპასა და რუსეთში იგზავნება მესიჯები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალიან მაღალი თანამდებობის პირების მიერ. ისინი ეუბნებიან - პრობლემა არის მიშა, ჩვენ ჭკვიანები და კარგები ვართ, ყველაფერს დაგიჯერებთ და ისე გავაკეთებთ, როგორც თქვენ გინდათ. ახლა ვფიქრობთ, როგორ ჩავაჩოჩოთ, დაგვიჭირეთ მხარი, ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მერე იქნება ყველაფერი კარგად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - მესიჯები იგზავნება რუსეთში, ვაშინგტონსა და ევროპაშიც. არ ვიცი, იცის ეს სააკაშვილმა თუ არა, თუმცა არც ისეთი გულუბრყვილოა, არ იცოდეს და ეს სახეზეც ეტყობა. როგორც ჩანს, ესენი არიან გულუბრყვილოები, გუნდის დანარჩენი წევრები. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისევე, როგორც არ შეიძლება ენდო სააკაშვილს, ასევე არ შეიძლება მათი ნდობაც. პრობლემა ერთი სააკაშვილი კი არ არის, პრობლემაა სისტემა, რომელიც მათ შექმნეს და რომელზეც მიბმულები არიან დიდი ფინანსებით, ძალიან დიდი კომპრომატებით, რომელიც ერთმანეთზე აქვთ, ძალიან დიდი დანაშაულებებით, რომელიც ერთად ჩაიდინეს.
- და შესაძლებელია ამ სისტემის ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდეს და ამით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, როგორც მახსოვს, ამგვარ გარიგებას თქვენ გთავაზობდნენ, ჯერ კიდევ წინა არჩევნებში?
- კი, იყო ასეთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. მცდელობა ექნებათ და თუ ვინმე ამაზე წავა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეს არ იქნება ხელისუფლების, სისტემის შეცვალა, ეს იქნება ერთი ელიტის ჩანაცვლება მეორეთი. სხვათა შორის, ამას ზოგიერთი ოპოზიციონერიც აცხადებდა - ჩვენ კი არ უნდა შევცვალოთ ნაცმოძრაობა, უნდა ჩავანაცვლოთო.
- ირაკლი ალასანიას გულისხმობთ?
- კარგია, რომ გახსოვთ. თუ ვინმეს ამის გაკეთების სურვილი აქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ამის სურვილი რომ მქონოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნებოდი და სხვაზე ნაკლებად არ ჩავანაცვლებდი.
- რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენი და ოქრუაშვილის პარტიის გაერთიანება 26 მაისს წინასწარ იყო შეთანხმებული და თქვენ იცოდით თავდაცვის ყოფილი მინისტრის გეგმების შესახებ?
- შეთანხმებული არ ყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილმა, ნებსით თუ უნებლიედ, სააკაშვილის თამაში ითამაშა. 25 ნოემბრიდან მოყოლებული, სწორედ ის გახლდათ ყველაზე აქტიური მლანძღველი და კრიტიკოსი კრებისა. ქართული პარტიის ყველა ნაბიჯი ჩვენს წინააღმდეგ იყო მიმართული და დარტყმებიც მოგვაყენეს. წარმატებით გამოუვიდათ, რადგანაც ძალიან ეხმარებოდათ ხელისუფლება. ის, რაც მათ იკადრეს, მოვიდნენ კრების აქციაზე, ჩვენთან შეუთანხმებლად ჯერ დააანონსეს პარალელური აქცია და შემდეგ წინა საღამოს, ასევე შეუთანხმებლად გააუქმეს, ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა.
- თუ ხელისუფლებასთან შეკრულები არიან, დღეს რატომღა იჭერენ მათ აქტივისტებს, ფაქტობრივად, მთელი პარტია დაშალეს...
- გამოიყენეს და გადააგდეს. თავი არ უნდა გამოაყენებინო, თორემ, რა თქმა უნდა, გამოგიყენებს და რა წუთშიც დასჭირდება, გამოწურული ლიმონივით ან გადაგაგდებს ან გაგსრესს. ოქრუაშვილს რომ ხელისუფლება პოლიტიკურად აცოცხლებს, ეს ჩემგან არ გესწავლებათ... პოლიტიკურად მკვდარი იყო ოქრუაშვილი იმ ინტერვიუს შემდეგ, რომელიც რუსეთის ტელევიზიას მისცა, მისი გაცოცხლება დაიწყო ხელისუფლებამ, რატომ
- არ ვიცი, კიდევ რაში სჭირდებათ, არც ეს ვიცი. შეკრულია თუ არა ამათთან, 100%-ით ვერ გეტყვით, მაგრამ მისმა ყველა ქმედებამ რომ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი, ფაქტია. ეს მოუვიდა სისულელით, ბოღმით, თუ შეკრული იყო ვინმესთან, ამას მხოლოდ ადამიანურად აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად - არა.
- დაბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ, რა ეტაპზეა, ბადრი ბიწაძის საქმე და რა ბერკეტების გამოყენებას აპირებთ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად?
- საქმე აბსოლუტურად თეთრი ძაფითაა ნაკერი. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საქმეში, რომელიც ბიწაძის დანაშაულს ამტკიცებს. რადგან დაინტერესდით, მოგაწვდით ამ საქმეს და თავად ნახეთ. ჩვენ გამოვითხოვეთ აუდიოვიდეო ჩანაწერი, რომელიც იყო ბრალდების საფუძველია, თუმცა იგი საქმეში მტკიცებულებად არ დევს. ჩვენს მოთხოვნაზე, მოგვეცით დამატებითი მტკიცებულების სახითო, მოსამართლემ მოგვწერა - უფლება გაქვთ, ეს დოკუმენტები მოითხოვოთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ მოგცეთო. აბსურდია, ვერც ერთ ბრალდებას ვერ დაუმტკიცებენ. აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თითოეული დაზარალებული მონაწილის საქმეზე აქტიურად ვმუშაობ და მით უმეტეს, ჩემი მეუღლის საქმეზე ვაყენებ საქმის კურსში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ვაძლევ კონკრეტულ დოკუმენტებს იმისათვის, რომ იცოდნენ - ეს ჩემი ახირება კი არ არის, სამართლიანობისთვის ბრძოლაა. საქმე წავა სტრასბურგში.
მართალია, მანამდე ეს ხელისუფლება აღარ იქნება, მაგრამ ამას გავაკეთებ იმისათვის, რომ საზოგადოებას ეჭვები გავუფანტო. აქვე მინდა გავიხსენო, ერთ-ერთი ნაციონალი მანქურთის განცხადება - ბადრი ბიწაძის ამბავი არ მაინტერესებსო, რომ აცხადებს. აინტერესებთ კი არა, კვდებიან, ისე აინტერესებთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ასე ადვილად ხელს ვერ ახლებენ. აქვე ამბობს, მარტო მე კი არა, როგორც ხედავთ, მათი ოჯახის წევრებსაც აღარ აინტერესებთ ბადრის ადგილსამყოფელიო. იცით, ყველა იქიდან გამომდინარე ფიქრობს, რა ოჯახიც თავად აქვს. შემეცოდა ეს ადამიანი, როცა ასეთი სიტყვები წავიკითხე - საბრალოა, როცა შეუძლია დაუშვას, რომ თუ თავად ამ მდგომარეობაში ჩავარდება (ოღონდ აუცილებლად ჩავარდება და თანაც სამართლიანად), მისი ცოლი მისი მდგომარეობითაც კი აღარ დაინტერესდება. მათი ოჯახებისთვის ეს ნორმაა და შემიძლია მხოლოდ მივუსამძიმრო ამის გამო.
მაია ფურცელაძე
გაზეთი "ვერსია"