FEMEN-მა ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია გამართა

FEMEN-მა ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია გამართა

დღეს კიევში ქალთა მოძრაობა FEMEN-მა ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან გამართა. ფემენის აქტივისტებმა საქართველოს ხელისუფლებისგან სამი ბრალდებული ფოტორეპორტიორის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. უკრაინელ ქალბატონებს შიშველ სხეულზე გადახაზული ფოტოაპარატები ჰქონდათ გამოსახული.

"ფემენი" უერთდება საერთაშორისო კამპანიას ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, რომელთაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. FEMEN-ი საქართველოს ხელისუფლებისგან სამი ბრალდებული ფოტორეპორტიორის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს”, - ნათქვამია მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში.

აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. FEMEN-ის აქციის ჩაშლას საელჩოდან გამოსული უცნობი ადამიანი შეეცადა.

როგორც მოძრაობა FEMEN-ის პრესსამსახურმა განაცხადა, თავდამსხმელი საელჩოს თანამშრომელი იყო. "აქციის მიმდინარეობა საელჩოს თანამშრომელმა ჩაშალა, რომელიც FEMEN-ის აქტივისტებს მუშტებით დაერია, შემდეგ კი თავისი მოზღვავებული ენერგია ჟურნალისტებზე გადაიტანა, ის აპარატურის დამტვრევას ცდილობდა", - აღნიშნავს მოძრაობა თავის განცხადებაში.

ქალთა მოძრაობის აქტივისტების აზრით, აქციის დაშლამ ”დაადასტურა საერთაშორისო საზოგადოების ეჭვი, რომ ოფიციალურ თბილისს მედია-ფობია აწუხებს. უცხო ქვეყნის ჟურნალისტებზე ხელის აწევით, დიპმისიის წარმომადგენლებმა გამოხატეს უპატივცემულობა დემოკრატიული პრინციპების - სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მიმართ. ამის საფუძველზე უფრო მეტად გვაღელვებს დაკავებული ქართველი ფოტორეპორტიორების ბედი”, - ნათქვამია FEMEN-ის განცხადებაში.

ღონისძიება საერთაშორისო ჟურნალისტური კამპანია - No pictures - no democracy! მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია korrespondent.net-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა