”ვის პატრონს, ვაი?!”

”ვის პატრონს, ვაი?!”

"ვაი, შენს პატრონს!" - პრეზიდენტის ამ ფრაზის ადრესატი ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელია - საქართველოს ქალაქების ურბანისტულ-არქიტექტურულ მხარეზე სტატია რომ გამოაქვეყნა "ცხელ შოკოლადში".

მიხეილ სააკაშვილი მოხიბლული არც ამაშუკელის გონებრივ შესაძლებლობებს და განათლების დონეს დაუტოვებია. ციტატა "მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალიდან" მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის "რედისონის" გახსნაზე შეკრებილ აუდიტორიას წაუკითხა.

"ვის რად უნდა შენი კიჩი არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე”. ამაზე ერთადერთი პასუხია - ვაი, შენს პატრონს. მე არ ვსაუბრობ მის გონებრივ შესაძლებლობაზე, არავინ მინდა გავაკრიტიკო, მაგრამ ამას ხომ ჰგონია თავი ძალიან განათლებული, ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, მახინჯები, გამოუსწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება. ამ აზროვნებას ანგრევს "რედისონი" და "შერატონი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ხელოვნებათმცოდნე არ მალავს, რომ ნაწყენია, თუმცა, არა პრეზიდენტის ფრაზით. იმით, რომ სულ სხვა არსის სტატია სულ სხვაგვარად წარმოუჩინეს. არც გამოთქმა "ვაი შენს პატრონს" მიაჩნია პირველი პირის ტერმინოლოგიის შესაფერისად.

"პრეზიდენტმა კრიტიკა არაკორექტული ფორმით გამოხატა. სტატიის აზრი ის იყო, რომ ჩვენი ბათუმი და სიღნაღი ნიცასაც და მონტე-კარლოსაც მირჩევნია. როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი არქიტექტურულ-ურბანული ქალაქების რაღაცად ქცევას, ამას ვეძეხი მე კიჩს - როდესაც შენ არ გაკმაყოფილებს შენი და ცდილობ, სხვას მიამსგავსო. საქართველოში ტურისტი სწორედ რაღაც განსხვავებულისა და ეგზოტიკურის სანახავად ჩამოდის და არა პარიზის სანახავად აღმაშენებელზე. ამ სტატიის ავტორი თურმე ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს და რუსეთის მონად გამომიყვანა, რომელსაც არაფერი მოსწონს. პირიქით, მე მომწონს ჩემი ქალაქი. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მომწონს ჩემი კულტურული მემკვიდრეობა და ვიცავ მას. ის კი ამ კულტურული მემკვიდრეობის სხვისთვის მიმსგავსებას ცდილობს, რადგან ეს არ აკმაყოფილებს", - ამბობს ამაშუკელი.

ხელოვნებათმცოდნის აზრით, შეიძლება არქიტექტურისადმი მიდგომა გააკრიტიკო, მაგრამ ეს კრიტიკა კონსტრუქციული იყოს და არა - აგრესიული.

"კონსტრუქციული კრიტიკა სხვაა და გამწარებული, გაბრაზებული და ცოტა დაბოღმილი პრეზიდენტი, რომელიც მარტში გამოქვეყნებულ სტატიას აფრიალებს და ამბობს, ვაი შენს პატრონს, რუსეთის მონავო, ჩემთვის მიუღებელი და უცნაურია. ალბათ, ყველასთვის შეურაცხმყოფელია, როცა პრეზიდენტი ასე მიმართავს ჩვეულებრივ ადამიანებს", - აღნიშნავს ამაშუკელი.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი კი პრეზიდენტს ზოგადად, კრიტიკის კულტურას უწუნებს.

"ვფიქრობ, ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული აზრის მოსმენა ისე, რომ არ გაცხარდე. ესეც კრიტიკის კულტურის მანიშნებელია - რამდენად ვიღებთ განსხვავებულ აზრს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს დილეტანტის დაწერილი არ არის", - აღნიშნა ნინო ლომაძემ.

კიდევ ერთი "ინტელექტუალის" ნააზრევმა კი პრეზიდენტი "შაყირის" ხასიათზე დააყენა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ზოგადად, დაცინვის მოყვარული არ არის.

მიხეილ სააკაშვილის დაცინვის ობიექტი კინომცოდნე გოგი გვახარია აღმოჩნდა. რადიო "თავისუფლების" ბლოგერს პრეზიდენტმა გაგების დონე დაუწუნა და თვალსაჩინოებისთვის მორიგი ციტატა წაიკითხა:

"დასვენების დღეებში რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო, მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე რას აკეთებდნენ. ბავშვებიც მოიყვანეს. ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ? აქეთ-იქით დადიოდნენ, აი, ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე. აბა სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ? არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის, რა უხარია ამ ხალხს".

"ესენი ვერც ვერასოდეს გაიგებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გოგი გვახარიას სურს, პრეზიდენტმა ის წყარო დაასახელოს ხოლმე, საიდანაც ციტირებს. მისი თქმით, შენიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი წერილს სრულად არ იცნობდა და ციტატას კონტექსტის გაუთვალისწინებლად კითხულობდა.

"მას რომ ეთქვა, აი, "ინტელექტუალი გვახარია წერს რადიო "თავისუფლების" ბლოგზე ამას და ამას", ჩემს ბლოგს ხომ ის ხალხიც წაიკითხავდა, ასეთი ყურადღებით რომ უსმენდა მას სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე. ჰოდა, ბლოგს რეიტინგი გაეზრდებოდა. ამის მერე აღარ იტყოდნენ "გვახარია არარეიტინგულიაო". დავიცვათ სავტორო უფლებები და დავასახელოთ ხოლმე წყარო. ისე, მაინტერესებს, პრეზიდენტები სასტუმროს გახნის ცერემონიალებში რატომ მონაწილეობენ?", - განაცხადა გვახარიამ.

მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტის სიტყვები სამარცხვინოდ და შემაძრწუნებლად მოეჩვენათ.

ალეკო ელისაშვილი კრიტიკაზე პრეზიდენტის რეაგირებით აღშფოთებულია.

"კვალიფიციურ კრიტიკაზე გაკაპასებული დედაკაცივით ლანძღვა ამაზრზენი და შემაძრწუნებელია. ძალიან მაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილი არქიტექტორია?", - ამბობს ელისაშვილი.

ელისო ჩაფიძეს, როცა პირველად ამ თემის კომენტირება სთხოვეს, ხუმრობა ეგონა. იმის მიუხედავად, რომ "რეზონანსის" ჟურნალისტს პრეზიდენტის ამგვარი ლექსიკა არ გაკვირვებია, დიდი ხანია ერთი სურვილი აქვს - მისი ქვეყნის პრეზიდენტი "აკადემიურად მეტყველებდეს".

ნინო წივწივაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა