"რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოდან თავისი ჯარის გაყვანა"

"რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოდან თავისი ჯარის გაყვანა"

პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ სამი წლის გადასახედიდან 2008 წლის აგვისტოს ომს და თუ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება?

- უპირველესად, იმ ადამიანების ხსოვნას უნდა მივაგოთ პატივი, ვინც შეეწირა ამ ომს, იმ მეომრების ხსოვნას, ვინც გმირულად იბრძოლა და დაიღუპა. ომის სამი წლის თავზე თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ამ ომმა ვითარება გაცილებით გაართულა როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ასევე ოსებისა და აფხაზებისთვის. შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? - დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლებოდა. ეს მჯერა იმიტომაც, რომ თავის დროზე თვითონ ვიყავი ჩართული აფხაზეთთან მოლაპარაკებების პროცესში. მახსოვს, 2005-2006 წლებში სრულიად ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ აფხაზებთან დაგვეწყო რეალური სამშვიდობო პროცესი. ამას სჭირდებოდა გარკვეული შეთანხმების მიღწევა და იმ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერა, რომელშიც მკაფიოდ ჩაიწერებოდა, რომ ქართველები საბრძოლო მოქმედებებს არ განვაახლებდით, აფხაზები კი აღიარებდნენ დევნილთა დაბრუნების უფლებას.

ეს დოკუმენტი რეალურად არსებობდა და უნდა ხელმოწერილიყო, მაგრამ სააკაშვილის ემოციური გადაწყვეტილებებისა და წინდაუხედავი სამხედრო რიტორიკის გამო ეს შეთანხმება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ რუსეთის ხაფანგში აღმოვჩნდით. იმ მდგომარეობაზე, რაც ამ ტრაგედიის შემდეგ გვაქვს, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება პირადად საქართველოს პრეზიდენტს, რომლის მოვალეობაა ამგვარი განსაცდელი აარიდოს ქვეყანას. ეს იყო სუვერენული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია, რომლის ხელშემწყობად, ნებსით თუ უნებლიეთ, სწორედ სააკაშვილი იქცა. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარის შემდეგ, ანუ ბოლო სამი წლის განმავლობაში, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების, ასევე მთელი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ სახელმწიფომ ესეც ვერ მოახერხა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხარე უპატრონოდ არის მიტოვებული. მაღელვებს, რომ ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, მოიხსნა პასუხისმგებლობა ამ ხალხზე, არ აინტერესებს იქ რა ხდება..

- როგორ შეაფასებთ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს, რომელიც მან ტელეარხ პიკ-ის, "რაშა თუდეის" და რადიო "ეხო მასკვის" ჟურნალისტებს მისცა?

- მედვედევს ახალი არაფერი უთქვამს, ეს ის პოზიციაა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებისგან ბოლოს სამი წლის განმავლობაში ვისმენთ. რაც შეეხება ომზე პასუხისმგებლობას, ეს იყო დაუფარავი აგრესია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რის შედეგადაც დღეს უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერც მედვედევი გაექცევა და ვერც პუტინი. დრო მოვა და საქართველო შეძლებს, დაიბრუნოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი. როდესაც ასე მოხდება, მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე ზემოქმედებაც გაცილებით დიდი იქნება და ისიც იძულებული შეიქნება, შეასრულოს მედვედევ-სარკოზის შეთანხმება. რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოდან თავისი ჯარის გაყვანა.

- ეს როდის მოხდება? ფაქტია, საქართველოს ხელისუფლება თითქმის აღარც ახსენებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

- ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში, მით უფრო, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ძაბავს სიტუაციას რუსეთთან და ნაბიჯს არ დგამს ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის. მაგალითისთვის გავიხსენებ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების საკითხს, რომელსაც არ იყენებს ეს ხელისუფლება. არადა, არსებობს რეალური შანსი, რომ სწორად გათვლილი ნაბიჯებით მოვახერხოთ და დავიბრუნოთ რუსეთის ბაზარი.

თავის მხრივ, რუსეთი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს იმ ტრაგედიის შედეგების ლეგალიზაციას - მას საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს არასდროს დაუჭერს. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა არ ჩანს, ეს თვითონაც მშვენივრად იციან და ამიტომაც ცდილობენ, აღარც გაიხსენონ. თუმცა ვიმედოვნებ, რომ როდესაც ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვლება, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესაძლებლობაც გაჩნდება. რა თქმა უნდა, უცებ მეგობრები ვერ გავხდებით, სულ რაღაც სამი წლის წინ ისინი ბომბავდნენ ჩვენს ტერიტორიას, ხოცავდნენ ადამიანებს, ამიტომ შერიგების პროცესი იქნება ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი, რადგან ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რუსეთთან ეს ანტაგონისტური დამოკიდებულება კიდევ 10 წელიწადს გაგრძელდეს. ამასთანავე, აფხაზებისა და ოსებისთვის კიდევ უფრო თვალნათელი იქნება ის უპერსპექტივობა, რასაც მათ რუსეთის ოკუპაცია უქადის. ყველაფრის გათვალისწინებით ქართველის, ოსისა და აფხაზისთვის საუკეთესო გზად დიალოგი და შერიგება რჩება, ოღონდ ეს ვერ მოხერხდება ამ ხელისუფლების პირობებში, რადგან დიალოგის გზა სააკაშვილისთვის არ არსებობს.

- ბოლო ხანს რუსეთში ალაპარაკდნენ ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთის გაერთიანების თაობაზე.

- დღის წესრიგში შეიძლება ნებისმიერი საკითხი დააყენო ხელოვნურად, მაგრამ რეალურად საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ეს შეუძლებელია. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება. ამ გაერთიანების საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ საფრთხეს, რომ თუ ხელისუფლებამ კვლავაც განაგრძო ეს უგუნური პოლიტიკა, არ მოგვეცემა აფხაზ და ოს ხალხთან დიალოგის დაწყების საშუალება, მეტიც - საქართველოში გაიზრდება დაპირისპირება, გაიზრდება ავტორიტარული რეჟიმის ტოტალიტარულ რეჟიმში გარდასახვის საშიშროება, შედეგად კი საქართველო ახალ სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ აიცილებს. ამიტომაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, არჩევნების გზით შევცვალოთ ეს რეჟიმი.

- როგორ?

- მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო აქტიურობით. თუ მილიონი ადამიანი დადგება ერთად და მოითხოვს ცვლილებებს, ჩვენ ვაიძულებთ სააკაშვილს უარი თქვას არჩევნების გაყალბებაზე. მე დავდივარ რეგიონებში და ვხედავ, უკანონო, პოლიციურმა რეჟიმმა როგორ დააშინა ხალხი, მათ ეშინიათ ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამო, მაგრამ ეს შიში აუცილებლად დაიძლევა, თუ ყველა გავაცნობიერებთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო ღრმა ჭაობში აღმოვჩნდებით. ღირსების განცდით არაერთი ასეთი და უარესი სირთულე დაუძლევია ქართველ ხალხს.

- რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ღირსებაზე უღირსი ხალხი ლაპარაკობსო.

- სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად აღარ ვაფასებ. ეგ ნათქვამი თავად სააკაშვილის ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა. არ შეიძლება, პრეზიდენტი ასე მოიხსენიებდეს და შეურაცხყოფდეს საკუთარ მოქალაქეებს. მისი დიდი შეცდომა სწორედ ის არის, რომ მას განსხვავებული აზრის მოსმენაც კი არ შეუძლია. ამან გამოიწვა ყველა ის უდიდესი შეცდომა, რაც დაუშვა.

- ბატონო ირაკლი, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ინფორმაციას, რომ თქვენს პოლიტიკურ კოალიციაში, ე.წ. ექვსიანში ჩრდილოვან მთავრობას აყალიბებთ.

- ეს იყო "ნაცმოძრაობის" მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა მერე ელაპარაკათ, რომ თურმე ჩვენ უკვე თანამდებობებს ვინაწილებთ.

- ინტერნეტით გავრცელდა სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და მათი ხელქვეითები ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ლაპარაკობენ.

- ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუცველი და უსაფრთხოებამორყეულია. როდესაც პრეზიდენტის, შს მინისტრის და ა.შ. სატელეფონო საუბრები ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის, ეს ქვეყნისთვის ნამდვილად უბედურებაა. ამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ გავაკეთებ, ვინც მოისმენს, ის თვითონ გამოიტანს დასკვნას. წესით, მსგავსი რამ ნორმალურ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ხელისუფლება ჯერ გამოიკვლევდა ჩანაწერების ნამდვილობას, შემდეგ კი დადგებოდა შს მინისტრისა და იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც სახელმწიფო კომუნიკაციას უზრუნველყოფს და ვისაც მისი დაცვა ევალება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა