ვინ უფრო მეტ წიწილას დაითვლის შემოდგომაზე?

ვინ უფრო მეტ წიწილას დაითვლის შემოდგომაზე?

ამ ზაფხულს ოპოზიციონერი ლიდერების დანაპირები ხელისუფლებამ შეგვისრულა: მართალია, ოპოზიციონერები მთელი გაზაფხულის განმავლობაში გვპირდებოდნენ, დასვენებას არ ვაპირებთ, წელს განსაკუთრებულად "ცხელი ზაფხული უნდა მოვაწყოთო", მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ, ხელისუფლება კი მართლაც გვარიანად გაისარჯა... თუ როგორი იყო წელს პოლიტიკური ზაფხული და როგორ შემოდგომას უნდა ველოდოთ - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

- როგორც შარშან და შარშანწინ, ხელისუფლებამ ამ ზაფხულსაც უპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგა. მმართველმა ძალამ ისარგებლა იმ ფაქტით, რომ საქართველოში არ არიან დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, რომ თბილისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გასულია დედაქალაქიდან, რომ ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური აქტიურობა შემცირებულია და თუ რაიმე არაპოპულარული გეგმის განხორციელება უნდოდა, ყველაფერი მოასწრო.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბს ნახევარი წლის განმავლობაში საჯარო განცხადება არ გაგვიკეთებია, უმთავრესად შიდა დისკუსიებით შემოვიფარგლებოდით, მაგრამ ამ ზაფხულს მომხდარმა მოვლენებმა გადაგვაწყვეტინა, საზოგადოებისთვის ჩვენი საერთო ხედვა გაგვეცნო. დამოუკიდებელი მედიასაშუალებებით გავავრცელეთ განცხადება და საზოგადოებას მმართველი ძალის მიერ გადადგმული უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი პოზიცია გავუზიარეთ. გზავნილში შევეხეთ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის, სტრატეგიული ობიექტების გასხვისებისა და დევნილთა მორიგი გამოსახლების საკითხებსა და პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ ურთულეს ვითარებას.

აღვნიშნეთ ისიც, რომ ამ ზაფხულს ახალი ძალით გაჩაღდა ჯაშუშომანიის თამაში, რის შედეგადაც, არა მარტო ქართველებმა, არამედ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, თუ რა ტიპის ფობიები ამოძრავებს ჩვენს ხელისუფლებას. აქცენტი გავაკეთეთ იმაზეც, რომ თავისუფალი მედია ხელისუფლების მუდმივი სამიზნეა. ძალიან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო სატელევიზიო ანძის გადაცემა ადამიანისთვის, რომელსაც არც ფული აქვს, არც ცოდნა და არც ანძის განკარგვის სურვილი. ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ქვეყნისთვის პრინციპული საკითხია სახელმწიფო ინტერესების დაცვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების პროცესში და ხელისუფლებისგან მოვითხოვეთ, ვიწროპოლიტიკური დივიდენდების მოსახვეჭად უარი არ თქვან სერიოზულ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინტერესებზე.

ამ ზაფხულს მერიამაც საკმაოდ იაქტიურა და ელექტროენერგიისა და დასუფთავების "ტყუპ ძმად" გამოცხადებით თბილისელების გული უსაზღვროდ "გაახარა", შემდეგ - საბავშვო ბაღებს შეუწყვიტა დაფინანსება. ერთი სიტყვით, წელს "სატკივარი კიდევ ბევრია"... დამოუკიდებელ ექსპერთა კლუბი აპირებს, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ხშირად გამართოს საჯარო განხილვა, დისკუსია და საზოგადოების კიდევ უფრო დიდ ნაწილს მისცეს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის საშუალება. გვინდა, რომ ეს დისკუსიები ხელმისაწვდომი იყოს მედიისთვის და ხელისუფლებამ იცოდეს, თუ რას ფიქრობენ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. სულაც არ არის საჭირო, რომ ჩვენს ტელეფონებს უსმინონ, ისედაც არ ვაპირებთ ჩვენი მოსაზრებების დამალვას. ექსპერტთა კლუბი იმისთვისაც მზად არის, რომ კონსულტაციები გამართოს და ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან. ჩვენ ვიბრძვით არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ქართული სახელმწიფოს საიმედო მომავლის შესაქმნელად.

- რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ასეთი აქტიურობის დროს ოპოზიციონერები არსად ჩანან?

- ოპოზიციის ნაწილი დამშვიდდა და გადავიდა -ნაციონალური მოძრაობის- მფარველობის ქვეშ.

- "ახალ მემარჯვენეებს" გულისხმობთ?

- იმათ, ვინც საარჩევნო სისტემის არსებული რეალობით კმაყოფილია. აშკარაა, რომ -თავისუფალი დემოკრატებისა- და -თავისუფალი საქართველოს- გარდა, არავინ აქტიურობს.

- "თავისუფალი დემოკრატებისა" და "თავისუფალი საქართველოს" მსგავსად, ლეიბორისტებიც აქტიურობენ...

- ლეიბორისტების აქტიურობა პერმანენტული ხასიათისაა და პოლიტიკური დატვირთვებით არ გამოირჩევა. თან ეს აქტიურობა გამოიხატება მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის სატელევიზიო გამოსვლებით - უბრალოდ, ამ პოლიტიკოსის აზრებს სხვადასხვა ადამიანი გადმოგვცემს. ლეიბორისტების ლიდერს პოლიტიკური ეთერი არა აქვს მონოპოლიზებული, თორემ... ისე, ამ ხელისუფალთა ხელში, რომელთათვისაც სოციალური საკითხები მეასეხარისხოვანი თემაა, ლეიბორისტებს სალაპარაკო თემას რა გამოულევს, მათ 24-საათიანი ეთერის ათვისებაც კი შეუძლიათ. -თავისუფალი დემოკრატები- და -თავისუფალი საქართველო-, ასე თუ ისე, საქმეს რეალურად აკეთებენ.

- რეალურად საქმის კეთებაში რას გულისხმობთ?

- ჩემი აზრით, საქმის რეალურად კეთება, ზაფხულის პერიოდში საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარებაა, რასაც ოპოზიციური პარტიები დღემდე ვერ ახერხებდნენ. ამ ზაფხულს ეს ოპოზიციონერი ლიდერები უფრო გააქტიურებულები არიან. ვნახოთ, რას მიიღებენ შედეგად, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან".

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემოდგომაზე, როდესაც წიწილებს, ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლებაც დაითვლის?

- გარწმუნებთ, შემოდგომისთვის ხელისუფლება ოპოზიციაზე გაცილებით მეტ წიწილას დაითვლის. ვფიქრობ, ხელისუფლება წინასაარჩევნო მზადებას დაიწყებს და პირდაპირ იერიშს მიიტანს პოტენციურ ამომრჩეველზე. ოპოზიციური ძალები კი ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევას, შესაძლოა - ანგარიშსწორებასაც ვერ ასცდებიან. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიციურ ბანაკში შემოდგომისთვის რაიმე სოლიდური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას არ ველი. რადგან არა მხოლოდ სახელისუფლებო, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილიც დაინტერესებული იქნება წინმსწრები შედეგის მქონე ოპოზიციური ძალის ჩაძირვით.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა