აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 აგვისტოს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 54,86 პროცენტით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. რაულ ხაჯიმბამ მიიღო ხმების 19,83 სერგეი შამბამ კი 21, 04 პროცენტი.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ერთი თვის ვადაში უნდა გაიმართოს. ანქვაბი ცნობილია საკმაოდ პროაფხაზური პოზიციით და როგორც ამბობენ, მისი გაპრეზიდენტება ნაკლებად მისაღები იყო კრემლისთვის. გვესაუბრება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.
- უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთში, არჩევნებს ვერ დავარქმევთ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რასაც იზიარებენ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა: ევროკავშირი, ნატო, ეუთო, ევროსაბჭო და ა.შ. ეს მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ქართველების ეთნოწმენდით ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინაშე. აფხაზეთში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება დევნილების დაბრუნება და მათ მიეცემათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება. აფხაზეთში ჩატარებული ფარსი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ არჩევნები დაარქვა, იყო მხოლოდ და მხოლოდ შეჯიბრება კრემლის მარიონეტებს შორის. ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰქონდათ რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის მხარდაჭერა, საბოლოოდ გაიმარჯვა იმან, ვისაც კრემლში ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი ჰყავდა. თუმცა ის კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა, სხვა კანდიდატებთან შედარებით კრემლისთვის უფრო მიუღებელია.
- გამოდის, რომ ყველაფერი მთლად რუსეთზე არ ყოფილა დამოკიდებული და აფხაზებიც წყვეტენ რაღაცას. გაგახსენებთ, 2004 წლის არჩევნებს, მაშინ კრემლი აშკარად მხარს უჭერდა ხაჯიმბას, მაგრამ გაიმარჯვა ბაღაფშმა.
- გეთანხმებით, აქცენტი ნამდვილად კეთდებოდა ხაჯიმბაზე, მაგრამ გაიმარჯვა ბაღაფშმა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბაღაფში მიუღებელი იყო რუსებისთვის. მან ე.წ. ნაციონალური ლოზუნგებით, იმაზე მეტი გააკეთა კრემლისთვის, ვიდრე ამას გააკეთებდა სხვა კანდიდატი. აფხაზეთში ყველაფერს წყვეტს ოკუპანტი, მარიონეტებს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. სასურველი იქნება, რომ ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ნაკლები დაუთმოს რუსებს, რათა არ მოხდეს აფხაზების სრული ასიმილაცია. ამ საფრთხისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა კი საქართველოს სახელმწიფოზე გადის.
- ბრძანეთ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატები სარგებლობდნენ სხვადასხვა რუსული სტრუქტურის მხარდაჭერით, რომელი პოლიტიკური წრეები უჭერდნენ ანქვაბს მხარს?
- როგორც ვიცი, ანქვაბს მხარს რუსეთის ხელისუფლების პარტიული ნომენკლატურა უჭერდა, ანუ მმართველ პარტია "ედინაია რასიაში" ჰყავდა მხარდამჭერები.
- წინასაარჩევნო კამპანიისას ანქვაბმა განაცხადა, რომ ის შესაძლებლად მიიჩნევს ყოველგვარი პირობების გარეშე საქართველოსთან დიალოგის დაწყებას. რას ფიქრობენ ამის თაობაზე ჩვენს ხელისუფლებაში?
- ჩვენ ამ მიმართულებით სახელმწიფოს დონეზე შემუშავებული გვაქვს "რეინტეგრაციის პროგრამა", რომლის მიხედვითაც აფხაზებს ვთავაზობთ: ფართომასშტაბიან ავტონომიას; ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას; ვეტოს უფლებას აფხაზურ საკითხებში, საქართველოს პარლამენტში მანდატებს და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს გალსა და ოჩამჩირეში. აფხაზებისთვის ეს არის უნივერსალური შეთავაზება. უფრო მეტის შეთავაზება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რაზეც ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ.
- კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა გაცილებით დემოკრატიულად, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ტარდება-ხოლმე.
- ნაურუს, ვენესუელის, ნიკარაგუისა და ზაქარეიშვილის გარდა, ამ პროცესს არჩევნებს არავინ ეძახის.
- ბატონო შოთა, ცნობილია, რომ ამ არჩევნებზე დასასწრებად აფხაზეთში ჩავიდა საკმაოდ ბევრი უცხოელი დამკვირვებელი, მათ შორის: იტალიის პარლამენტის წევრები, ასევე პოლონეთისა და უკრაინის წარმომადგენლები.
- ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით. წინა ე.წ. არჩევნებისას მოხდა ისე, რომ პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი იყო დამკვირვებლად ჩასული. როცა ეს გავარკვიეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით პოლონურ მხარეს მოვთხოვეთ რეაგირება. ამგვარი ფაქტები, ალბათ, მომავლშიც იქნება, თუმცა ეს არ არის სახიფათო სახელმწიფო პოლიტიკისთვის. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ან გაურკვევლობით, ან რუსეთის მოსყიდვის გამო, ამგვარ არალეგიტიმურ პროცესში მონაწილეობას დათანხმდებიან.
- ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არ ცდილობს აფხაზებთან დალაპარაკებას და რომ მთელ ამ კონფლიქტს მხოლოდ ქართულ-რუსული დაპირისპირების კონტექსტში წარმოაჩენს.
- ეს არის უვიცი ადამიანის განცხადებები. აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის 46% ქართველი იყო და 17% - აფხაზი, არსებობდა ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც გაცილებით მეტი უფლებები ჰქონდათ აფხაზებს, ვიდრე ქართველებს. მას შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდა კრიმინალური ძალა, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელ თენგიზ კიტოვანისა და სხვა აგენტების თაოსნობით, ასევე აფხაზეთში მომუშავე რუსული აგენტურის მეშვეობით, დაიძაბა ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. რუსეთი თითქოს არსად ჩანდა, თუმცა აიარაღებდა ორივე მხარეს. ამის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ინსპირატორები და მონაწილეები იყვნენ ამ კონფლიქტისა, აქ სამშვიდობო სტატუსით დააყენეს. ამ ე.წ. სამშვიდობოების ყოფნის პერიოდში მარტო აფხაზეთში 2000 ადამიანი დაიღუპა. წინა ხელისუფლების დეგენერატული ხელშეკრულებების საფუძველზე სწორედ ეს ე.წ. სამშვიდობო ძალები მონაწილეობდნენ ქართველების ეთნოწმენდაში. ან ბრმა უნდა იყოს ადამიანი, ან კიდევ - უსინდისო, ამ პროცესში ნამდვილი მტერი - რუსეთი ვერ დაინახოს.
- თუმცა რუსეთი სამშვიდობო სტატუსს კარგა ხანს ინარჩუნებდა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებშიც.
- ჩვენ ჯერ დავასრულეთ ერთი პროცესი - ეს იყო რუსული ბაზების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. როგორც კი გავიყვანეთ რუსეთის ბაზები საქართველოდან, მაშინვე დავიწყეთ ამ ე.წ. სამშვიდობოების გასვლაზე ფიქრი. ამის თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციაც მივიღეთ. მოვამზადეთ არაერთი შეთავაზება როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის. ასევე გავააქტიურეთ მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზეც. ჩვენმა აგრესიულმა სამშვიდობო პოლიტიკამ რუსეთს სხვა გზა აღარ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ ომი დაეწყო საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, რაც მას არ გამოუვიდა და იძულებული შეიქნა დასჯერებდა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)