საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ანაკლიაში მისი სტუმრობისას მომხდარ შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტთან ფოტოსურათის გადაღების მსურველი ერთ-ერთი ქალი სააკაშვილთან მიახლოებისას წაიქცა და წყალში ჩავარდა . მიხეილ სააკაშვილმა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, საზოგადოების რეაქცია გააკრიტიკა.
”22 წლის ანუკი წერდა "ფეისბუქში", რა საშინელება იყო ის ქალი ანაკლიაში. კომუნისტურად, როგორ გაექანა და ჩავარდა ზღვაში. ატყდა "ფეისბუქზე" ერთი ამბავი - დასცინიან, ხა-ხა-ხა, სხედან კაფეებში და ბოდიში, ებანძებათ ეს ქალი. სინამდვილეში, თავის თავში მონახონ პრობლემა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ”ფეისბუქს”, ასევე სხვა ინტერნეტ საიტებს ხშირად ეცნობა, უყურებს ყველანაირ ტელეარხს და თოქშოუს.
”ვაღიარებ, რომ გამონათქვამები ხანდახან ზედმეტები მომდის, მერე ვნანობ, რომ სჯობს არ მეთქვა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ ერთი, ყველას, მათ შორის მეც, გვაქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ ყველას აზრს”, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ბავშვებში მის პოპულარობაზეც ისაუბრა და იხუმრა, რომ 3-4 წლის ბავშვებს ხმის უფლება რომ ჰქონდეთ, ”ნაციონალები” სულ ხელისუფლებაში იქნებოდნენ.
”მე პირადად, ყველაზე პოპულარული ვარ ბავშვებში. ჩემი მთავარი ელექტორატი ბავშვებია. თუ გამომიჩნდა შანსი, რომ პარლამენტში გავიტანო კანონი, აუცილებლად სამ, ოთხი წლის ბავშვებს უნდა მივცეთ საარჩევნო უფლება. მაშინ სულ "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს. ვხუმრობ, ამას ნამდვილად არ ვაპირებ”,-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ანაკლიაში სტუმრობისას მოქალაქეებმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ზღვის სანაპიროზე, ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ქალი პრეზიდენტთან მიახლოებისას წაიქცა და წყალში ჩავარდა. ეს შემთხვევა ტელეკამერებმა დააფიქსირეს.
იხილეთ ვიდეო