პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის ბიზნესმენი და "ნაცმოძრაობაში'' ხელშეუხებელ დეპუტატად აღიარებული კობა ნაყოფია, არჩილ გეგენავას შემდეგ, ერთერთი პირველი აღმოჩნდა, ვისაც მიმდინარე პოლიტიკური გადანაწილების პროცესში დიდი პრობლემები შეექმნა. კულუარული ინფორმაციით, მას ვერ უშველა ვერც იმან, რომ პრეზიდენტის ბიძისა და მისი ბიზნესპარტნიორების ხელდასმული იყო და ვერც იმან, რომ მოსკოვის ელიტაში უდიდესი გავლენით სარგებლობს. როგორც ჩანს, პატრონები საკუთარს იკანონებენ - ჰოდა, რატომღაც, ახლა, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, გაჩნდა პოლიტიკური ნება, კობა ნაყოფიას კომპანიისთვის, რომელიც 37 საბადოს ერთპიროვნული მფლობელი გახლდათ და აქედან მხოლოდ 2ს ამუშავებდა, თითი დაექნიათ... "ვერსიის'' კონფიდენციალური წყარო აცხადებს, რომ კობა ნაყოფიას დიდი პრობლემები აქვს და, შესაძლებელია, სულ მალე მანაც ვანო ჩხარტიშვილის ბედი გაიზიაროს... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მანამდე კი ის, რაც უკვე ღია და საჯაროა და რასაც ყველა ოფიციალური წყარო გვიდასტურებს.
"იმის გამო, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური რეგულირება არ არსებობს, სააქციო საზოგადოება "მადნეული'' ბაზარზე ერთპიროვნული მონოპოლისტია. კომპანიის მფლობელობაში 37 საბადოა, მაგრამ აქედან მხოლოდ ორი მუშაობს. არადა, 37 საბადოს ლიცენზიაში "მადნეულის'' მფლობელ, რუსულ კომპანია "გეოპრომაინინგს'' არაფერი გადაუხდია. ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი სანდრო თვალჭრელიძე "ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ ინვესტორების მოზიდვა თითქმის შეუძლებელია, რადგან ყველა საბადოს ლიცენზიას "მადნეული'' ფლობს'', - ეს არის ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც "ვერსიამ'' სანდრო თვალჭრელიძეს ჩამოართვა და რომელიც "ვერსიის'' N21(498) 2527 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. გაზაფხულზევე განხორციელდა რეფორმა, რის შედეგადაც გოგა ხაჩიძის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტი ჩამოაჭრეს და ალეკო ხეთაგურის ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთეს. ახლად რეფორმირებულ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში კი პირველი, რაც გააკეთეს - "მადნეულისა'' და "კვარციტის'' ლიცენზიებს გადახედეს და აგვისტოს შუა რიცხვებში, რუსულ "გეოპრომაინინგს'' 37ვე საბადოს ლიცენზია ჩამოართვეს.
"მადნეულისა'' და "კვარციტის'' უმოქმედო 37 საბადო და დაკარგული 400 მილიონი წელიწადში "ვერსიაში'' ჯერ კიდევ 6 თვის წინ ვწერდით, რომ 2004 წელს, როდესაც საქართველოს მმართველობაში ახალი ტალღა მოვიდა, ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძე დაინიშნა, რომელმაც "მადნეულის'' კომბინატი 57 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. საქართველოს სპილენძის მარაგის 90%სა და ოქროს მარაგის 100%ს კომპანია "გეოპრომაინინგი'' ფლობდა, რომელიც რუსული კომპანიაა და რომლის დირექტორი გენერალი გენერალოვი იყო: "ხელისუფლებამ შემოიღო ახალი წესი, რაც ლიცენზიების აუქციონის სახით გაყიდვას გულისხობდა. ეს ლიცენზიები "მადნეულს'' უფასოდ გადასცეს. სხვათა შორის, "მადნეული'' ფლობს ლუხუმის საბადოს რაჭაში, დარიშხანოქროს საბადოებს, მაგრამ ეს საბადოები გაჩერებულია. მერწმუნეთ, არც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი კომპანია ვერ მიიღებდა ლიცენზიას 37 საბადოზე და ეს არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
უნდა შეიცვალოს ლიცენზირება, ანუ კონცესიები (სახელმწიფოს მიერ კერძო მრეწველთან, უცხოეთის ფირმასთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მრეწველი, ან ფირმა იღებს გარკვეულ სამრეწველო საწარმოთა და მთამადნეულის ექსპლუატაციის უფლებას - მ.მ.) კი არა, ლიცენზიები უნდა გაიცეს'', - გვიამბობდა სანდრო თვალჭრელიძე. მისი თქმით, იმის გამო, რომ 37 საბადო გაჩერებული იყო, სახელმწიფო ყოველწლიურად, დაახლოებით, 400 მილიონ აშშ დოლარს კარგავდა. თუმცა 400 მილიონის 20% იყო გადასახადები, პლუს როიალტი (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში, წიაღით სარგებლობის უფლების საფასური - მ.მ.) და წლიური დანაკარგი 150 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. ამას ემატებოდა ელექტროენერგიის 51 მილიონი, პლუს 50 000 კაცის დასაქმება და ჯამში, 171 მილიონი - ხელფასის სახით იკარგებოდა. არის თუ არა ქვეყანაში კორუფცია? პასუხი ცალსახაა - არის, ოღონდ, როგორც სანდრო თვალჭრელიძემ აგვიხსნა, ჩვენთან ინსტიტუციონალური კორუფციაა: "თუ კორუფციას ქრთამად ასახავთ, მაშინ ქვეყანაში კორუფცია არ არის, მაგრამ თუ კორუფციას ახსნით, როგორც ზეგავლენის გავრცელებად, როგორც ეს მიღებულია სინგაპურში, ან საფრანგეთში, რასაკვირველია, კორუფცია არსებობს და სახელმწიფოს მხრიდან ლობირებაც სახეზეა... ჩვენთან ინსტიტუციონალური კორუფციის დონე ძალიან მაღალია. არც ერთი დიდი კომპანია არ არსებობს, სადაც ზოგიერთი ჩინოვნიკის ინტერესები გათვალისწინებული არ არის''.
"ვერსიის'' კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მაჟორიტარ დეპუტატს, კობა ნაყოფიას "მადნეულში'' ინტერესი, სანდრო თვალჭრელიძემ მაშინ ასე გვიპასუხა: "კობა ნაყოფიას "მადნეულში'' ჰქონდა აქციათა პაკეტი. თუ არ მეშლება, მას აქციათა 16% ჰქონდა და თავის დროზე, "მადნეულის'' გენერალური დირექტორიც იყო''. ამის შემდეგ, "ვერსიაში'' ჟურნალისტური გამოძიების სერიები დაიბეჭდა, სადაც დეტალურად იყო ასახული, როგორ ჩაიგდო ხელში დეპუტატმა კობა ნაყოფიამ "მადნეულისა'' და "კვარციტის'' საბადოები და როგორ შექმნა "ზარაფხანა''. მართალია, დეპუტატი "მადნეულში'' აქციათა მხოლოდ 16%ს ფლობდა, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი ქონება რამდენიმე მილიონი დოლარით გაზრდილიყო. "ვერსიის'' წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, კობა ნაყოფიაც არჩილ გეგენავას ბედს გაიზიარებს, თუმცა, გამორიცხული არ არის, ბოლნისის მაჟორიტარი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. თუკი გეგენავას რუსეთში მოღვაწე კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი ამოუქექეს, ნაყოფიას "მადნეულისა'' და "კვარციტის'' 37 უმოქმედო საბადოს გამო, გაფლანგულ მილიონობით დოლარს არ აპატიებენ, რომელსაც სახელმწიფო ყოველწლიურად კარგავდა. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, შესწავლის პროცესშია მისი წარსული და კავშირები იმ პოლიტიკურ წრეებთან, რომლებიც ნაცმოძრაობისთვის არათუ მიუღებელია, მტრადაც კი მოიაზრება.
რა ხდება ხელისუფლებაში, რა ტიპის შიდაბრძოლასთან გვაქვს საქმე? რატომ გაუჩნდა ხელისუფლებას ასე უეცრად კეთილი ნება, ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიები დაენგრია, საკუთარი გუნდის წევრი მონოპოლისტები კი "დაესაჯა''? ფაქტი ერთია - პროცესი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. შედეგად, ნაცმოძრაობა პოტენციურ ამომრჩევლებთან მაღალ ქულებს იწერს, რასაც მომავალ არჩევნებში სავარაუდო აქტივების სახით აგროვებს და გამოიყენებს კიდეც და მესამე, ყველაზე მთავარი - ხელისუფლებას არ აქვს არჩევნებში გამარჯვების მყარი გარანტია, ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა დღეს, როცა პოლიტიკურ არენაზე სრულიად ახალი "გამთამაშებელი'' - მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა. შესაბამისად, წილების გადანაწილებით, ანუ მონოპოლიების დაშლით და ამ ქონების საკუთარ წიაღშივე, რამდენიმე, სხვა ადამიანზე გადაცემით, ხელისუფლების შიგნით არსებული ყველა ჯგუფი იხეირებს - თუკი არჩევნებში დამარცხდებიან, ქონების რაღაც ნაწილი აუცილებლად შერჩებათ. რომელი საბადოები ჩამოართვეს "მადნეულსა'' და "კვარციტს''? ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ "მადნეულისა'' და "კვარციტის'' მფლობელებს 37ვე საბადოზე ჩამოართვა ლიცენზია, რაც უდავოდ, პოზიტიური გადაწყვეტილებაა.
მეტიც, ეს ლიცენზიები ათიოდე დღის წინ საკმაოდ სარფიანად გაიყიდა. "ვერსია'' ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ სანდრო თვალჭრელიძეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და ფაქტის შეფასება სთხოვა: - აუქციონი ბოლნისის მადნიან რაიონზე გამოცხადდა, რომელიც უკვე მოიგო ერთერთმა კომპანიამ. გარდა იმისა, რომ "მადნეული'' ფლობდა მადნეულისა და "კვარციტის'' საბადოებს, რომელიც მასთან დარჩა, მასვე ჰქონდა ლიცენზია 37 საბადოზე. ჩემი აზრით, ძალიან სწორად ჩაატარა ტენდერი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საკმაოდ ძვირად - 93,5 მილიონ ლარად გაყიდა ლიცენზია. აქ არის მოთხოვნა, რომ მაქსიმუმ ორ წელიწადში, აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გააკეთოს ტექნიკურეკონომიკური დასაბუთება ოთხ მნიშვნელოვან საბადოზე და დაიწყოს მათი მოპოვება, რაც ძალიან კარგია. პირველი - ბოლნისის რაიონში გაჩნდა კონკურენცია, რადგან სხვა, აბსოლუტურად კერძო მფლობელი შემოვიდა, რომელიც "მადნეულს'' კონკურენციას გაუწევს. შესაბამისად, სამ წელი წადში ბოლნისის რაიონიდან ერთი კი არა, ორი ოპერატორი იქნება და ერთი საბადო კი არა, ოთხი დამუშავდება.
ძირითადად, ეს არის ოქროსა და სპილენძის საბადოები. რაჭაში ჩვენ გვაქვს დარიშხანისა და ოქროს საბადოები, დარიშხანის მარაგები დიდი ხანია, ცნობილია, ოქროს მარაგები კი დათვლილი არ არის. რაჭასვანეთის მაღალმთიანში დიდი სარტყელია, სადაც ჩვენ გვაქვს დარიშხანის, ანტიმოლიუმისა და ოქროს საბადოები. აჭარაში არსებობს ორი ლიცენზია, ერთერთი ეკუთვნოდა "მადნეულს'', სადაც არის სპილენძისა და ოქროს განათება, ოღონდ დიდი საბადოები აღმოჩენილი არ არის. აჭარის ლიცენზიას არავითარი ფასი არ აქვს, თუკი მათში მერისის მადნიანი კვანძი არ შევა, ხოლო მერისის მადნიანი კვანძი სამხრეთ აფრიკულ კომპანიას ეკუთვნის. ჩემი აზრით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ეს ლიცენზიაც უნდა გაასხვისოს და ახალი აუქციონიც გამოაცხადოს.
- "მადნეულისა'' და "კვარციტის'' საბადოების ლიცენზიები კობა ნაყოფიას ეკუთვნოდა...
- არ გეთანხმებით, კობა ნაყოფიას პატარა წილი ჰქონდა. ეს ყველაფერი გენერალოვის ხელში იყო, რუსული კომპანია "გეოპრომაინინგის'' საკუთრება გახლდათ, საიდანაც კობა ნაყოფია გამოუშვეს. კობა ნაყოფია ერთერთი აქციონერი იყო, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მას ნამდვილად არ ეკუთვნოდა. ნაყოფიას რომ გადამწყვეტი სიტყვის უფლება ჰქონოდა, ეს კომბინატი ასეთ ცუდ ეკონომიკურ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდა.
- ხელისუფლებაში წილების გადანაწილება მიდის, ამიტომაც ჩამოართვეს მონოპოლისტ ნაყოფიას მისი კუთვნილი წილი, ასე არ არის?
- არა, ნაყოფია არასდროს მონოპოლისტი არ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რომ მე რუსული კომპანიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ამ საბადოებში 57 მილიონ აშშ დოლარს ვიხდი, რატომ მივცემ მონოპოლისტური მართვის შესაძლებლობას ივანეს, პეტრეს ან კობას? პოლიტიკური მხარდაჭერისთვის 1015%ს დავუთმობ და ის იქიდან მიიღებს შემოსავალს, ოღონდ ჩემი მილიარდების მართვის უფლებას ნამდვილად არ მივცემ.
- უკაცრავად, მაგრამ გენერალოვი თავისი "გეოპრომაინინგით'' კახა ბენდუქიძემ შემოიყვანა "მადნეულში'' და გამოდის, რომ ლიცენზიები ბენდუქიძეს წაართვეს?
- არა, რატომ? რასაკვირველია, მთავრობის უკვე განსვენებული წევრების დავალება იყო, რაც შეიძლებოდა მალე გასხვისებულიყო "მადნეული''. უნდოდათ იმის მაგალითი ყოფილიყო, რომელიც საკმაოდ კარგად გაიყიდა. ეს პოლიტიკურეკონომიკური პროექტი იყო. არ ვიცი, ბენდუქიძეს აქვს თუ არა წილი "მადნეულსა'' და "კვარციტში'', შესაძლოა, თავის დროზე მიიღო კიდეც. სამთავრობო ხელშეწყობა რომ ნამდვილად იყო, ფაქტია, მაგრამ, კონკრეტულად, რა პროცენტულ რაოდენობაზეა საუბარი, არ ვიცი. თუ ქვეყანაში აქტიური, სერიოზული ინვესტორი მოდის, მთავრობასთან მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. კონკრეტულად, რაში გამოიხატება ეს "კარგი ურთიერთობა'', ეს თქვენ გაარკვიეთ''. როგორც ჩანს, ვის რა წილი აქვს და ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ამას ისინი თავად გაარკვევენ, ვინც წლების მანძილზე ამ ადამიანებს ხელს უწყობდა. სააკაშვილის ხელისუფლების პრინციპი - "ბეი სვოიხ, ჩტობი ჩუჟიე ბოიალის!'' - საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო მძლავრად ამოქმედდება და ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაეცემა კითხვას - თუ მადნეულსა და კვარციტში "პაწაწუნა'', სულ რაღაც 16% ჰქონდა, არც მონოპოლისტია და არც არავინ არაფერს ეკითხებოდა, სად და როგორ იშოვა ერთი გაუბედურებული ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მილიარდები?!
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია"