ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე ანგარიშსწორება დაიწყო

ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე ანგარიშსწორება დაიწყო

კახეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის დაკავებას ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას უკავშირებენ. ასე ფიქრობს ცნობილი ოლიგარქის ადვოკატი ეკა ბესელიაც. თამაზაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი და ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამასთან, თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, დედოფლისწყაროს გამგეობიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამაც - ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც სოფელ ხორნაბუჯის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობდა. თამაზაშვილის აყვანა, ღარიბაშვილის გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის განცხადებების გავრცელება პარალელურ რეჟიმში ხდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა კი ეს განცხადება მაშინვე დააკმაყოფილა. დედოფლისწყაროში აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილთან სიახლოვის გამო, საჯარო სამსახურიდან წასვლა აიძულეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში დარწმუნებულია ადგილობრივი ოპოზიციაც. ტარიელ ღარიბაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ჟურნალისტებთან საუბარში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც ადასტურებს და აცხადებს, რომ მან განცხადება თვითონ დაწერა, თუმცა მიზეზი არ უკითხავს და მისთვის უცნობია. გამგებელი იქვე დასძენს, რომ რწმუნებული ოჯახური პირობების გამო წავიდა.

"ვერსია" თავად ტარიელ ღარიბაშვილთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა. სოფელ ხორნაბუჯში, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე ღარიბაშვილების საცხოვრებელ სახლში ჟურნალისტებს პასუხობენ, რომ ტარიელ ღარიბაშვილი ადგილზე არ არის.

მისი კუთვნილი კორპორაციული ტელეფონი უკვე მიუწვდომელია. პირად ტელეფონს კი მისი მეუღლე პასუხობს და აცხადებს, რომ არაფერზე საუბარი არ სურთ. იგი განცხადების დაწერის მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს, რომ ტარიელ ღარიბაშვილს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, გულის პრობლემები შეექმნა: "ყველამ თავი დაგვანებეთ, არაფრის თავი არ გვაქვს. ავად არის და ვერ დაელაპარაკებით. წნევა აქვს მაღალი და გული აქვს ცუდად. იცით რაა, მოდი, დაგვანებეთ რა თავი, ხომ შეიძლება. არაფერზე არ გვინდა საუბარი". თამაზ თამაზაშვილი, მეტსახელად "ძიგო" 1997-2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო შს კახეთის სამხარეო პოლიციას 20002002 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ქალაქ დედოფლისწყაროში ცხოვრობს. თამაზაშვილის ოჯახზე რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე "ვერსიას" ვინმე მაია თამაზაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი სმენია: "თამაზი გუშინ ვნახე, მე მეუღლე არ ვარ, მისი ნათესავი ვარ... მაგრამ, არ ვიცი დააკავეს, თუ არა... სამწუხაროა, თუ ასეა"... - აცხადებს მაია თამაზაშვილი.

ოჯახისგან განსხვავებით, თამაზაშვილის დაკავების თაობაზე შეფასებები გაკეთდა თბილისში. ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის, ეკა ბესელიას განცხადებით, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი, უკანონოდ არის დაკავებული. ბესელიას თქმით, თამაზაშვილის დაკავება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება: "თამაზაშვილის დაკავება არის უკანონო, მას იარაღი ჩაუდეს და ამის საფუძველზე, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეში ადვოკატები არიან ჩართულები. მის დაკავებას ვაფასებთ, როგორც უკანონო მოქმედებას და პოლიტიკური დევნის მორიგ თვალსაჩინო ფაქტს. ეს საკითხი რეაგირების გარეშე არ დარჩება".

"ვერსიის'' კითხვაზე, როგორ აფასებს თავად ივანიშვილი, ანდა მისი ადვოკატი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის, ტარიელ ღარიბაშვილის თანამდებობიდან მოულოდნელად წასვლის ფაქტს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. ინფორმაციის დაზუსტებას შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში შევეცადეთ. დაკავების თაობაზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება. დედოფლისწყაროს სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა შენგელია თამაზაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის მიზეზი უცნობია: "არ ვიცი, არ ვიცი, რაზე დააკავეს. ჩვენ არ დაგვიკავებია", - ამბობს შენგელია. სამმართველოს კიდევ ერთი მოადგილე ნოშრევან ნატროშვილი მთელი დღის მანძილზე აცხადებდა, რომ მომხდარი "საიდუმლოა"... როგორც დაკავებულის ახლობლები "ვერსიასთან'' საუბარში აცხადებენ, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზაშვილი თბილისში დააპატიმრეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავების დროს თამაზ თამაზაშვილის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

"ვერსიის" ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ჩხრეკა დედოფლისწყაროში, ძნელაძის ქუჩაზე მდებარე თამაზაშვილის საცხოვრებელ ბინაში, დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იარაღი თამაზაშვილის ბინიდანაც ამოიღეს. მიუხედავად ამისა, შალვა შენგელია "ვერსიასთან" ჩხრეკის ჩატარებას კატეგორიულად უარყოფს. დაკავებულის მეზობლები და ნათესავების ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება ივანიშვილის განცხადებებს უკავშირდება. დედოფლისწყაროში აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ თამაზაშვილის საქმიანობა და მისი წარსული სამართალდამცავი ორგანოებისთვის მანამდეც კარგად იყო ცნობილი. ადგილობრივების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას თამაზაშვილის ამ პერიოდში დაკავება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა უკარნახა. იგივე აზრის არიან დაკავებულის ახლობლებიც. "თამაზაშვილი ჯერ კიდევ შსსს მაღალჩინოსნად მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ნარკობიზნესში. დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდშიც ნარკობიზნესის გარდა, ადგილობრივი სამართალდამცველები ჯართის ბიზნესსაც მისდევდნენ. შირაქისა და ელდარის მინდვრებზე რაც რამ ჯართი თუ სარწყავი მილები იყო, ყველაფერი ძალოვნებმა გაზიდეს და ცხოვრება მოიწყეს...

როგორც ცნობილია, ის 2002 წლამდე, ანუ ვარდების რევოლუციამდე, კახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა და, როგორც ამბობენ, მან ნარკობიზნესით გვარიანი თანხა იშოვა. თავის დროზე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც სწორედ ნარკობიზნესს და მის წილებს დაუკავშირეს. დედოფლისწყაროში დღესაც ბევრს საუბრობენ, რომ იმხანად თამაზაშვილს პროკურატურაში დიდი ფული მიატანინეს. ზოგადად, თამაზაშვილის ფიგურა და მისი საქმიანობა ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა, საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ მანამდე თავისუფლად მოძრაობდა და სწორედ ივანიშვილის გააქტიურებისთანავე დააკავეს", - აცხადებენ დედოფლისწყაროელები. მოგვიანებით, ღარიბაშვილის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამ განმარტება გააკეთა. როგორც გამგებლის პირველი მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი აცხადებს, სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაწერა. პოლიტიკაში წასვლის თაობაზე კი ბიძინა ივანიშვილმა სკანდალური განცხადება მეორე დღეს, 7 ოქტომბერს გაავრცელა. გამგებლის მოადგილის კომენტარის მიხედვით, ღარიბაშვილმა თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვება ჯერ კიდევ ოლიგარქის გააქტიურებამდე ერთი დღით ადრე გადაწყვიტა. ამით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გამორიცხავს ღარიბაშვილის გათავისუფლების კავშირს ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებასთან, ან რაიმე სახის ზეწოლასთან.

"თამაზაშვილი დაახლოებული იყო დედოფლისწყაროს პოლიციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან და კუდის თანამშრომლებთან. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ ძალიან ხშირ და ახლო ურთიერთობაში იყო სამართალდამცველებთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ სფეროდან 9 წელია გათავისუფლებულია. ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ამჩნევდა და დაფარული არავისთვის ყოფილა. თუმცა, მისი ახლა დაკავება რეფორმირებული პოლიციის დიდ მინუსად უნდა ჩაითვალოს. თუკი თამაზაშვილს უკანონო იარაღი მანამდეც ჰქონდა, უცნაურია, რომ სამართალდამცველებმა ის სწორედ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ აღმოუჩინეს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით, ცნობილი ოლიგარქის საწინააღმდეგოდ განხორციელდა. პირადად მე, მის მეზობლად ვცხოვრობ და ხშირად ვხედავდი. თამაზაშვილი ბოლო დროს დედოფლისწყაროში თავისუფლად გადაადგილდებოდა და ფერმერულ საქმიანობას ეწეოდა, მიწის ნაკვეთებს ამუშავებდა. რამდენიმე სუპერმარკეტის მშენებლობაც ჰქონდა დაწყებული და არანაირ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას არ ცდილობდა, ამბობდა, მშვიდი ცხოვრება მინდაო. დაკავების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ მისი ქალიშვილის მეუღლე ივანიშვილის ფონდს ხელმძღვანელობს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ძალადობის გამოვლინებაა და ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ოპერაციას ჰქონდა ადგილი.

ჩანს, ოლიგარქის საახლობლო წრეზე ბინძური მეთოდებით რეპრესიები დაიწყეს. რაც შეეხება ფონდის ხელმძღვანელის მამის გამგეობიდან გათავისუფლებას, ესეც ცინიზმია, როცა გვარწმუნებენ, რომ ტარიელ ღარიბაშვილსაც თანამდებობის დატოვების სურვილი სწორედ ახლა გაუჩნდა. მით უმეტეს, ამ ფაქტის შეფასებისას დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილე თავის მართლებას ცდილობს და უსირცხვილოდ აცხადებს, რომ თურმე, ღარიბაშვილს "ოჯახური პირობების" გამო, განცხადება ივანიშვილის გამოჩენამდე ერთი დღით ადრე დაუწერია. უდავოა, რომ ღარიბაშვილს წასვლა აიძულეს, ანდა იმდენად დააშინეს, რომ თავის გარიდება არჩია. დედოფლისწყაროს გამგებელს მინდა ვკითხო, თუ ღარიბაშვილი მართლაც თავისი სურვილით წავიდა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მაშინ აგვიხსნან, რწმუნებულს გულის პრობლემები რატომ შეექმნა და რატომ არიან მისი ოჯახის წევრები ასე შეშინებულები?", - აცხადებს "ვერსიასთან'' საუბარში პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს'' დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი.

"ვერსიის" ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ სიღნაღის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე დაიწყო. ინციდენტი გასული წლის 14 დეკემბერს, დედოფლისწყაროს სასამართლოს შენობაში მოხდა, რა დროსაც სოფელ წითელწყაროს რწმუნებულმა ადგილობრივ ინტერნეტგამოცემა "ქიზიყის'' რედაქტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აიძულებდა, მისი მისამართით გარკვეული ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავოს.

ილია მარტყოფლიშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა