ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვლადიმერ პუტინთან ითანამშრომლებს, თუ ის რუსეთის პრეზიდენტი გახდება, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ და ალიანსის წინაშე პუტინის დამსახურებებზე კომენტარი გააკეთა.
"ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ვინ მოიგებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა ბატონი პუტინი რუსეთი-ნატოს საბჭოს შექმნის მთავარი ინიციატორი იყო. მან რუსეთისა და ნატოს ურთიერთობაში ახალ ფაზას დაუდო სათავე და ის უპრეცედენტო მასშტაბებზე გაიყვანა", - განაცხადა აპატურაიმ. მისივე თქმით, პუტინი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარ ქვეყანას ააყვავებს.
"ჩვენის მხრივ ვისურვებდით თანამშრომლობას როგორც მასთან, ასევე რუსეთის ნებისმიერ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან", - დასძინა მან.
ჯეიმს აპატურაი 27 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტს გეგმავს და შეხვედრებს ქვეყნის პირველ პირებთან გამართავს.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.