"ან დასვი შეკითხვა ან სამსახურში არ დაბრუნდე"

"ან დასვი შეკითხვა ან სამსახურში არ დაბრუნდე"

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალური არხების ჟურნალისტებს შეკითხვების დასმას საკუთარი უფროსების ისეთი დაჟინებით სთხოვდნენ, რომ მთელი პრესკონფერენციის მანძილზე ტელეფონები განუწყვეტლივ რეკავდა, საიდანაც გაბრაზებული რედაქტორების ყვირლი ყველა დამსწრეს ესმოდა, დაახლოებით ასეთი ტექსტით - ან დასვით შეკითხვა, ან სამსახურში აღარ დაბრუნდეთო. რამდენიმე ასეთი დიალოგი ამ სტატიის ავტორმა თავად მოისმინა.

იყო ისეთი ზარები, სადაც ხელმძღვანელობა ჟურნალისტებისგან მოითხოვდა, რომ კითხვების დასმა ნებისმიერი ქმედების ხარჯზე მოეხერხებინათ, თუნდაც ამისთვის ივანიშვილის მაგიდასთან მიჭრა დასჭირვებოდათ.

რედაქტორების მიერ შეშინებული ჟურნალისტები კი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დავალება შეესრულებინათ, თორემ პასუხის მოსმენა აშკარა იყო, რომ არავის აინტერესებდა. ბევრი მათგანი შესამჩნევად ნერვიულობდა და ზოგს ხელებიც უკანკალებდა.

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია ზუსტად დაგეგმილ დროს 16:00 საათზე დაიწყო, თუმდა ჟურნალისტების "მობილიზაცია" პოლიტიკაში ახლად წასული ბიზნესმენის რეზიდენციასთან 2 საათიდან ხდებოდა.

მედიის 230-მდე წარმომადგენლიდან კითხვის დასმა, მხოლოდ 30-მდე ჟურნალისტმა მოახერხა. თუმცა ისიც ისეთი ხმაურისა და აჟიოტაჟის ფონზე, რომ ძნელი იყო გაგერჩია, რისი კითხვა სურდა ჟურნალისტს და რას პასუხობდა ბიძინა ივანიშვილი.

პირველი შეკითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დასვა, თუმცა პასუხის მოსმენის ნაცვლად მოდერატორისთვის მიკროფონის წასართმევად ნამდვილი ჭიდაობა გამართა იმ მოტივით, რომ შესაძლო იყო მას დამატებითი კითხვის დასმის სურვილი გასჩენოდა. თუმცა არც მოდერატორს დაზარებია ჟურნალისტთან "შერკინება".

საათნახევრიანი პრესკონფერენცია ზუსტად ასე, მიკროფონის წართმევის მცდელობაში, ყვირილში, ფეხზე წამოხტომასა და შეძახილების ფონზე გაგრძელდა.

ყველაზე აქტიურები ამ მხრივ ნაციონალური არხის ჟურნალისტები და ე.წ სამთავრობო მედია იყო, რომლებიც გამალებით ცდილობდნენ, თუ ივანიშვილს დავუჯერებთ "დავალებული შეკითხვები" ნებისმიერ ფასად დაესვათ.თუმცა საკუთარი შეკითხვის პასუხსაც არ ისმენდნენ.

ჟურნალისტების საქციელსა და პროვოკაციულ ქმედებებს ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ პრესკონფერენცია სათანადოდ ორგანიზებული არ იყო. ივანიშვილის პრესსპიკერი ირაკლი ტრიპოლსკი ვერ ახერხებდა მათთან ურთიერთობას.

მან ხმაურის და აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ ისიც კი თქვა, რომ ის 15 წელია ჟურნალისტიკიდან წავიდა, შესაბამისად არ იცნობს ახალი თაობის ჟურნალისტებს და არ იცოდა ვისთვის უნდა მიეცა კითხვის დასმის საშუალება და ვისთვის არა.

ბოლოს ირაკლი ტრიპოლსკი ჟურნალისტების ქმედებაზე კომენტარსაც აღარ აკეთებდა და მხოლოდ მიმიკებით გამოხატავდა უკმაყოფილებასა და გაოცებას.

მიუხედავად ხმაურისა და იმისა, რომ სამთავრობო მედიის ქმედება დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვსაც კი გამაღიზიანებელი გახდა, რამდენჯერმე მათ შორისაც მოხდა შელაპარაკება. ის ჟურნალისტები, რომლებიც მშვიდად ისხდნენ და ხმაურს ერიდებოდნენ, რამდენჯერმე ნაციონალური არხების რეპორტიორებს შეეკამათნენ და სთხოვეს, რომ მათთვის კითხვის დასმის და პასუხის მოსმენის საშუალება მიეცათ.

ასეთი აჟიოტაჟი პრესკონფერენციის რესპონდენტში დაუფარავ ღიმილს იწვევდა ხოლმე, და ნახევრად დამცინავი ტონით მათ დამშვიდებას ცდილობდა. ძნელი იყო იმის განსაზღვრა ეს ირონიით ხდებოდა თუ გულწრფელად.

აგრესია იყო მოდერატორების მიმართაც და რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა მიკროფონის მოსაპოვებლად. გაუგებარი მიზეზების გამო ჟურნალისტები ცდილობდნენ, მიკროფონი თავად სჭეროდათ ხელში და არა მოდერატორს.

ტელეკომაპნია "რეალტივის" ჟურნალისტმა, ნახევარსაათიანი ხმაურის შემდეგ, როდესაც უკვე მის ყვირილში შეუძლებელი გახდა როგორც კითხვის დასმა, ისე პასუხის მოსმენა, ირაკლი ტრიპოლსკის ნებართვით მიკროფონი ხელში ჩაიგდო და ივანიშვილს შეკითხვა "ბეღურებსა და პინგვინებზე" დაუსვა, რასაც რესპონდენტი იუმორით შეხვდა და არაორაზროვნად დაუწუნა ხელობა... ვანო მერაბიშვილს - მასზე უკეთესი წარმოდგენა მქონდაო. ბოლოს გამოტყდა, რომ პინგვინს მერცხალი ჩაუყლაპავს და არა ბეღურა.

პრესკონფერენციის დაწყებიდან ერთი საათი დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტები ცდილობდნენ, მშვიდად დალოდებოდნენ, როდის მიეცემოდათ კითხვის დასმის საშუალება, თუმცა ბოლო ნახევარ საათში, ზოგიერთ მათგანსაც უმტყუნა ნერვებმა, ატეხილ აჟიოტაჟს ისინიც შეუერთდნენ და ტრიპოლსკისგან შეკითხვის დასმის საშუალებას ითხოვდნენ.

ეს მაინც ვერ მოახერხეს, რადგან ნაციონალური არხების კორესპონდენტები პოზიციებს არ თმობდნენ და როცა სკამიდან ყვირილით ვერ მოახერხეს სასურველი შედეგის მიღება, ფეხზე წამოხტნენ და პირველ რიგში გადანაცვლებით ცდილობდნენ დანარჩენი ჟურნალისტების გადაფარვას.

კონკურენცია ისეთი დაძაბული იყო, რომ ზოგჯერ პროსამთავრობო მედიის წარმომადგენლები ერთმანეთსაც უშლიდნენ ხელს.

განაწყენებული დარჩნენ რეგიონალური მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი საათნახევარი ითხოვდნენ შეკითხვის დასმის უფლებას.

რეგიონალური მედიიდან ეს მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა მოახერხა, თუმცა ისეთი ხმაურის ფონზე, რომ ივანიშვილამდე ხმა ძლივს მიაწვდინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასმული შეკითხვების უმრავლესობა ერთსა და იმავე შინაარსს მოიცავდა და ძირითადად ივანიშვილის რუსეთთან კავშირსა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ მის დამოკიდებულებას ეხებოდა. სამთავრობო მედიის ინტერესი სწორედ ამ ერთი მიმართულებით წავიდა.

სწორედ ამ მიზეზით ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელიც ასევე გაზეთ"რეზონანსს" ჰქონდა, დაუსმელი დარჩა.

დაძაბულობისა და ქაოსის გამო, ირაკლი ტრიპოლსკიმ საათისა და 20 წუთის შემდეგ გამოაცხადა, რომ პრესკონფერენცია დასრულდა და რომ ივანიშვილი მეტ შეკითხვას აღარ უპასუხებდა. თუმცა თავად ბიზნესმენმა ამის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტის კითხვას მაინც უპასუხა - ცხადია, ესენი ის კორესპონდენტები იყვნენ, ვინც კითხვის დასმას ყველაზე მეტი შემართებით და გააფთრებით ცდილობდა.

გუშინ ასევე სერიოზული განხილვის თემა გახდა რეზიდენციაში შესვლის დროს გავლილი შემოწმება, რომელსაც, სიმართლე უნდა ვთქვათ, დაცვა ძალიან დიდი სიფრთხილით და პატივისცემით აკეთებდა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იყო ზუსტად ისეთი ტიპის შემოწმება და უსაფრთხოების ზომების დაცვა, როგორსაც ნებისმიერ სამინისტროში, პარლამენტსა თუ სხვა დაწესებულებაში მისვლის დროს გადიან ჟურნალისტები, შესაბამისად რატომ გააკვირვა ამან სამთავრობო მედია, გაუგებარია.

მითუმეტეს, რომ მათი უმეტესობა იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე მაშინ, როდესაც ნიკოლა სარკოზი ბრძანდებოდა თბილისში, სადაც გაასმაგებული შემოწმება ხდებოდა და არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ იქ მისული ადამიენების.

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც პირველი არხის ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ, ჟურნალისტებს განსაკუთრებული სიმკაცრით ჩხრეკდნენ, ირაკლი ტრიპოლსკიმ ბოდიში მოუხადა იმ ადამიანებს ვისაც ამ ფაქტმა დისკომფორტი შეუქმნა, რასაც პირველი არხის ჟურნალისტი კვლავ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელი ფაქტი.

ზუსტად ისეთივე ხმაურისა და აჟიოტაჟის ფონზე დასრულდა ივანიშვილის პრესკონფერენცია, როგორითაც დაიწყო. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ივანიშვილმა ბოლო შეკითხვასაც ღიმილით უპასუხა და ისე დატოვა საკონფერენციო დარბაზი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლანა ბერიძე

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა