ამერიკელი პოლიტოლოგის, ზბიგნევ ბზეჟინსკის აზრით, თუ გამართლდა პროგნოზები აშშ-ს გავლენის შესუსტების შესახებ, ეს ხელ-ფეხს გაუხსნის რუსეთს, რომელიც შეეცდება, დომინირება გააგრძელოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
როგორც ბჟეზინსკი ჟურნალში Foreign policy საავტორო სტატიაში წერს, რუსეთი აშშ-ის გაურკვეველ პერსპექტივებთან დაკავშირებით, ოცნებებს არის მიცემული და მოსკოვი სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებს და ამჟამად დამოუკდებელი სახელმწიფოებს უცქერს.
”1991 წლიდან საქართველომ აშშ-სგან 3 მლრდ დოლარი მიიღო, მათ შორის ერთი მილიარდი რუსეთთან ომის შემდეგ. თუ აშშ დასუსტდა, ის საქართველოს ამ მასშტაბით დახმარებას ვეღარ გაუწევს” - წერს ბჟეზინსკი.
ამერიკელი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ აშშ-ს გავლენის შესუსტების შემთხვევაში, საქართველო დაუცველი დარჩება რუსეთის მხრიდან პოლიტიკური მუქარისა და სამხედრო აგრესიის წინაშე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორია მოსკოვს იმიტომ აინტერესებს, რომ ამ გზით ევროპა ალტერნატიული მარშრუტით გაზს იღებს. მისი თქმით, რუსეთი შეეცდება, იმპერიული ტრადიციების აღდგენის მიზნით, კონტროლი აღადგინოს ბელორუსსა და უკრაინაზე.
ბჟეზინსკი აშშ-ის დასუსტების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც აკეთებს პროგნოზს. კერძოდ, მისი თქმით, ტაივანი ჩინეთის წინაშე დაუცველი იქნება და ამ ორი ქვეყნის გაერთიანება კიდევ უფრო დაჩქარდება.
სამხრეთ კორეა დილემის წინაშე დადგება: შეურიგდეს ჩინეთის ბატონობას, ან გაამყაროს კავშირები იაპონიასთან. შეირყვევა ბალტიისპირეთის, განსაკუთრებით კი ლატვიის უსაფრთხოება. თუ ავღანეთიდან ამერიკული ჯარები ნაჩქარევად გამოვლენ, ეს ქვეყანა დაიშლება, ”თალიბანი” აღორძინდება და საერთაშორისო ტერორიზმი საიმედო თავშესაფარს იპოვის.
პაკისტანი რადიკალურ, სამხედრო-ისლამისტურ სახელმწიფოდ გადაიქცევა ან კვაზისახელმწიფო იქნება ცენტრალური მმართველობის გარეშე.
”ეს გვემუქრება: ბირთვული იარაღით აღჭურვილი საველე მეთაურებით, ანტიდასავლური, ირანის ტიპის მთავრობებით, არასტაბილური ცენტრალური აზიით. ამავე დროს ძალადობა ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთშიც იფეთქებს”,- წერს ზბიგნევ ბჟეზინსკი. მისი თქმით, ამერიკის დასუსტება ახლო აღმოსავლეთში ისეთ ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს, რომლებიც პოლიტიკურ სტაბილურობას დაარღვევენ.
მომზადებულია Foreign policy-ს მიხედვით.