სპარსეთის ყურის კრიზისი რუსულ ”ჭრილში,” ანუ რისთვის შენდება გზები და საავადმყოფოები საქართველოში

სპარსეთის ყურის კრიზისი რუსულ ”ჭრილში,” ანუ რისთვის შენდება გზები და საავადმყოფოები საქართველოში

სპარსეთის ყურეში სიტუაცია სულ უფრო მეტად იძაბება. ირანი უარს ამბობს შეწყვიტოს ატომურ პროგრამაზე მუშაობა და აცხადებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები გააჩნია. თავის მხრივ, შეერთებული შტატები რუსეთს მილიტარისტულ ზრახვებში ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ ირანის მთებში ჩამალულ ლაბორატორიებში ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობენ, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

იანვრის თვეში ამერიკა-ისრაელის ერთობლივი სამხედრო მანევრებიც იყო დაგეგმილი, თუმცა სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მანევრი სახელწოდებით "სასტიკი გამოწვევა 2012" რამდენიმე თვით გადაიდო. როგორც ჩანს საერთაშორისო თანამეგობრობა კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედს არ კარგავს. როგორც მოსალოდნელი იყო, პროცესში რუსეთიც ჩაერთო, ჩვენთვის არასასურველი და დესტრუქციული მიზნით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მანევრების "კავკაზ 2012-ის" ჩატარების თაობაზე გააკეთა განცხადება, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონებს, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ასევე, სომხეთს მოიცავს. სწავლებების მოწყობის მიზეზად გარდა ადგილობრივი საფრთხეებისა, (მოიაზრება საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი აგრესია დამოუკიდებელი ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. ითქვა, რომ მსგავსმა "უჩენიებმა" განაპირობეს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მოსკოვის წარმატება), ასევე სახელდება ამერიკასა და ირანს შორის სავარაუდო სამხედრო კონფლიქტი.

რუსი სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ დროს სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზის უსაფრთხოებასა და უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი არ აპირებს ირანთან ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვას, მათ შორის იარაღის მიყიდვის თაობაზეც, როგორც ეს სირიასთან დაკავშირებით მოხდა. მათი აზრით, სირიაში კონფლიქტის საერთაშორისო დონეზე ესკალაცია სწორედ ამ ხერხით იქნა თავიდან აცილებული.

თუმცა ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ, კონკრეტულად კი იმას, თუ როგორ ხედავენ ამერიკა-ირანის კონფლიქტის ჭრილში რუსი ექსპერტები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მოახლეობული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის პოლიტიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ზახაროვი აცხადებს: "საქართველოში ესესაა ექსპლუატაციაში შევიდა თბილისი-ქუთაისის ახალი ავტომაგისტრალი. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ბეტონისაგან გაკეთებული ასაფრენი ზოლი, რომელიც ამერიკელებმა თავისი თვითმფრინავებისათვის დააგეს (ამერიკელებმა სამუშაოებთან ქართველები არც მიაკარეს). ისინი დიდი ხანია ემზადებიან ირანზე სამხედრო იერიშის მისატანად. ეხლა კი პატარა სტაციონარული საავადმყოფოების მშენებლობა დაიწყეს, რომელთა საველე ჰოსპიტალებად გადაკეთება ადვილად შეიძლება - ესმით, რომ საომარ მოქმედებას დაღუპულები და დაჭრილები მოჰყვება. ირანმა კი გააფრთხილა აზერბაიჯანიც და საქართველოც, რომ თუ მათი ტერიტორიიდან თუნდაც ერთი თვითმფრინავი აფრინდება ირანის მიმართულებით, პასუხი ადექვატური იქნება. დამერწმუნეთ, ეს პასუხი ძალზე მძიმე იქნება. ასე რომ ავანტურა, რომელშიც ხელისუფლება საკუთარ ხალხს ხვევს, საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება", - ამბობს ზახაროვი.

სასაცილო იქნებოდა ზახაროვის განცხადება, სატირალი რომ არ იყოს. სასაცილო იმიტომ, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა 150 მლნ მოსახლეს, ხოლო არმია მილიონ ჯარისკაცს ითვლის, 4,5 მილიონიან ქვეყანაზე გამარჯვებით ამაყობს და შემდგომ ამავე რეგიონში სამხედრო ესკალაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მასთან შესაძლო კონფლიქტს ასახელებს. რაც შეეხება ამერიკელთა მიერ "აშენებულ" ასაფრენ ზოლს, რომელიც თბილისიდან ქუთაისამდეა "გადაჭიმული" და რომლის გარეშეც ამერიკული გამანადგურებლები ჰაერში ვერ აიწევიან, ცნობისთვის ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ:

ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის განკარგულებაში 11 ავიამზიდია. 10 მათგანი უდიდესი ავიამზიდების, ე.წ. "ნიმიცის"  კლასს განეკუთვნება, ერთი იმდენიც რეზერვში იმყოფება. მათ შორის უდიდესის სიგრძე 333 მეტრია, სიგანე - 77. მასზე 6 ათასამდე სამხედრო და მომსახურე პერსონალი იმყოფება. ავიამზიდზე ბაზირებულია 54 გამანადგურებელი ზებგერითი თვითმფრინავი და 26 ვერტმფრენი. აღჭურვილია ატომური რეაქტორით, რომლის საჭირო საწვავით შევსება 20 წელიწადში ერთხელ ხდება. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთი ასეთი "მონსტრი" უკვე სპარსეთის ყურეშია. ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო თვითმფრინავების აფრენა-დაფრენისათვის მხოლოდ ბეტონის გზა არ კმარა. ამას მინიმუმ სანავიგაციო სისტემა და სპეციალური ტექნიკური მომსახურება სჭირდება. გარდა ამისა, იმედია ზახაროვს არ ჰგონია, რომ ამერიკელი მფრინავები იგოეთთან, ხაშურთან ან შროშასთან "დასმულ" თვითმფრინავებს სოკარის ან ვისოლის სადგურებზე გამართავენ საწვავით. აქვე ზახაროვს ინფორმირებულობასაც დავუწუნებთ და ვაცნობებთ, რომ ბეტონის მაგისტრალი ჯერ ქარელსაც არ გასცილებია...

რეალობა რომ უკეთ აღვიქვათ, მოდით, მსოფლიო რუკასაც გადავავლოთ თვალი. ირანს ესაზღვრება ავღანეთი, ერაყი, თურქეთი. ანუ ქვეყნები, რომლებიც "გაძეძგილნი" არიან ამერიკული იარაღითა და სამხედრო ინფრასტრუქტურით. მათ შორის თვითმფრინავებით (თავისივე ასაფრენ-დასაფრენი ზოლებით) და ჰოსპიტალებით.

ჰოსპიტალებზე გაგვახსენდა... აქ უთუოდ იმგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, გორის სამხედრო ბაზაზე შევარდნილი ბოგანო რუსის ჯარისკაცი რომ კვირობდა: "სმოტრი ბლ-დ კაკ ანი ჟილი (შეხედე, ეს საზიზღარი ქართველები როგორ ცხოვრობდნენო)." როგორც ქართული განსხვავდებოდა რუსულისგან ხარისხით, ისევე განსხვავსება ამერიკული მასშტაბები და ხარისხი ქართულისაგან და ძლიერ ცდება ბატონი ზახაროვი, თუ ფიქრობს, რომ ომის შემთხვევაში, ამერიკელები თავის დაჭრილ თანამოძმეებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პანტაპუნტით გახსნილ 8-14- საწოლიან საავადმყოფოებისთვის გაიმეტებენ. ისინი ავღანეთში დაჭრილ ქართველებსაც კი არ აგზავნიან აქ სამკურნალოდ.

ცნობისთვის: 2005 წელს სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფისთვის ამერიკის ბიუჯეტმა 68 მლრდ დოლარი გამოყო...

ახლა სატირალს რაც შეეხება. ეს ყველაფერი სატირალია იმიტომ, რომ ამგვარი აბსურდული და სასაცილო თეორიებითა და ფანტაზიებით რუსეთის მმართველი პირები ცდილობენ, საკუთარი მოსახლეობა (მოდით თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვთქვათ, რომ ამის დამჯერებელი საქართველოშიც ბლომად მოგვეპოვება) ზომბებად აქციონ, საქართველოსგან მტრის ხატი შექმნან და საკუთარი ზრახვები ამით გაამართლონ. ხოლო ჩვენი მთავრობაც ამ პოლიტიკას ისევ ლოკალურ პიარკამპანიებს და საკუთარ დეზინფორმაციას უპირისპირებს.

დავით შალიკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა