ვალერი გელბახიანი - "ივანიშვილმა გვერდით ისეთი სუბიექტები დაიყენა, რომლებზეც იტყვი, მკვდარი გააცოცხლაო"

ვალერი გელბახიანი - "ივანიშვილმა გვერდით ისეთი სუბიექტები დაიყენა, რომლებზეც იტყვი, მკვდარი  გააცოცხლაო"

საჩხერის რაიონში არსებულ ვითარებაზე "კვირის პალიტრა" საჩხერის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, ამჟამად ძებნილ ვალერი გელბახიანს ესაუბრა:

- ვვარაუდობდი, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საჩხერეში მისი დაფინანსებული ყველა ჰუმანიტარული პროექტისა თუ პროგრამის გაჩერებას გამოიწვევდა. ვიცი, რომ ყველა პროგრამა შეჩერდა, მათ შორის საავადმყოფოში უფასო მკურნალობა. მოსახლეობის ნახევარი თუ არა, 1/3 (ობლები, სოციალურად დაუცველები, რომელთაც ასევე ეხმარებოდა) ღვთის ანაბარა დარჩა. ამ პროგრამების შეჩერება ელექტორატზეა გათვლილი. კვლავ ამუშავდება შიშის მანქანა, საჩხერეში ბევრი უმუშევარი დარჩება, ვინც მუშაობს, იმასაც სამსახურიდან გაგდება დაემუქრება. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულია საჩხერის ელექტორატის დაახლოებით 40% და რაიონში, რომელიც ივანიშვილისადმი დადებითად იყო განწყობილი, მისგან გამიჯვნის პროცესი დაიწყო. მოხსნეს პოლიციის უფროსი, რომელიც ივანიშვილის დანიშნული და მხარდამჭერი იყო.

- როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს საზოგადოების იმ ნაწილის იმედგაცრუება მოჰყვა, ვინც მისგან უფრო აქტიურ, შემტევ პოლიტიკას ელოდა.

- ერთ-ერთი ასეთი იმედგაცრუებული მეც ვარ. როდესაც ბატონი ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, ყველაზე მეტად მე, ემიგრანტს უნდა გამხარებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნების საშუალება მომეცემოდა. თანაც მეამაყება, რომ ჩემი მშობლიური კუთხის შვილი გამოჩნდა საქართველოს მხსნელად, მაგრამ  გავოგნდი, როდესაც ივანიშვილმა სადემარკაციო ხაზის გავლება დაიწყო. როდესაც პირს პარტიული ლიდერის კი არა, ეროვნული გმირის სტატუსი აქვს და მთელი ერი იმედით უყურებს, ისეთი ნაბიჯი უნდა გადადგას, რასაც ერი სთხოვს. ბიძინა ივანიშვილს ყველა პოლიტიკური ძალა გვერდით უნდა დაეყენებინა, ერი გაემთლიანებინა და ეთქვა, მთელი საქართველო ჩემთან არისო. ამით ხელისუფლება უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, არ განხორციელდა ფორმულა "ყველა ერთის წინააღმდეგ".

ივანიშვილმა გვერდით ისეთი სუბიექტები დაიყენა, რომლებზეც იტყვი, მკვდარი (პოლიტიკურად) გააცოცხლაო. წარმოგიდგენიათ, რამდენი მხარდამჭერი დაკარგა, როდესაც მიიერთა  ალასანია-რესპუბლიკელები და სხვებს უარი უთხრა "ქართულ ოცნებაში" მიღებაზე. რატომ არ უნდა ვიყოთ ყველა მონაწილე იმ ქართული ოცნების აღსრულებისა, რომელსაც მან ხელი მოჰკიდა? პარტიული კუთვნილების გამო რატომ უნდა იყოს ერთი ქართველი მაინც, რომელსაც ამ ბედნიერების აღსრულებაში მონაწილეობის უფლება არ ექნება?! ამის თქმისთვის, თუ უნდათ მისაყვედურონ. მე ამას გულისტკივილით ვამბობ. 

ბატონ ბიძინას ვუდასტურებ პატივისცემას და ამას საჩხერელების სახელითაც ვამბობ, მეამაყება, რომ საჩხერელი კაცი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რაზეც დღეს თუ არ ვილაპარაკეთ, ხვალ შეიძლება გვიან იყოს.

არ მინდა, ბატონი ბიძინას ამოცანა მანდატებისთვის ბრძოლა იყოს. არადა, ასე ჩანს. ამ რეალობით 25%-ზე მეტს ვერ აიღებს. 

- საინტერესოა, რას იზამს ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილის კოალიციაში არ მოხვდება.

- ივანიშვილს ხმებს წაართმევენ "ნაციონალური მოძრაობა" და ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც არ იქნებიან მის გვერდით.  ხმები, ძირითადად, წავა სამი სუბიექტის: ლეიბორისტების, ქრისტიან-დემოკრატებისა და ახალი პოლიტიკური ცენტრისკენ, რომელიც შესაძლოა ბურჯანაძის, ძმები გაჩეჩილაძეებისა და "ეროვნული ფორუმის" მონაწილეობით შეიქმნას. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი სერიოზული ფრთა იქნება და 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს. თუ ასე მოხდა, 5 პოლიტიკური სუბიექტი შევა პარლამენტში, სადაც სულ 77 მანდატია განკუთვნილი პარტიებისთვის.

- კულუარებში ლაპარაკია ქრისტიან-დემოკრატებისა და "ახალი მემარჯვენეების" ალიანსზეც.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა