ამერიკულმა კომპანიამ Greenberg Quinlan Rosner Research "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით 2012 წლის იანვარში პოლიტიკური კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კვლევა 2012 წლის 11-16 იანვარს ჩატარდა და მის ფარგლებში 1200 პირისპირი ინტერვიუ შედგა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთაგან 669 საპარლამენტო "სავარაუდო" ამომრჩეველია (56% აქტივობა).
რესპონდენტებს ჰკითხეს, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?"
იმ ამორჩეველებში, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, პასუხები ასე გადანაწილდა – "ნაციონალური მოძრაობა – 65%, "ქართული ოცნება" – 25%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 4%, "ლეიბორისტები" – 1%, "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები-ალასანია" – 1%, "რესპუბლიკელები" – 1%, "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატორები", "სახალხო პარტია", "მრეწველები" და "დემოკრატიული მოძრაობა" – 0%.
ასევე დაისვა კითხვა - "დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, როგორია თქვენი მასში მონაწილეობის ალბათობა". 79%-ის პასუხია - "თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ", 11%-ის პასუხი – "50/50-ზე", 10%-ის პასუხი - "ალბათ არ მივიღებ."
ცდომილება მთელი ქვეყნის მასშტაბით +/- 2.8%, თბილისის მასშტაბით +/- 5.6% შეადგენს. ამასთან, "სავარაუდო" ამომრჩევლების ცდომილება მთელი ქვეყნის მასშტაბით +/- 3.8%-ია. კვლევის ფარგლებში 6 ფოკუს ჯგუფი თბილისში, ქუთაისსა და თელავში 17-19 იანვარს მუშაობდა.