მიხეილ დევდარიანი - როგორც აღმოჩნდა, კონსტიტუციის დარღვევა ყველას აწყობს

  მიხეილ დევდარიანი - როგორც აღმოჩნდა, კონსტიტუციის დარღვევა ყველას აწყობს

არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა განმარტა, თუ რატომ აღარ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ვადების შეცვლასთან დაკავშირებით .

"როგორც აღმოჩნდა, კონსტიტუციის დარღვევა ყველას აწყობს. ჩვენი წინადადება პოლიტიკური მოთამაშეებისა და საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ლამის ქვეყანა დაიქცა და სახელმწიფოს მტრად გამოგვაცხადეს. თუ არჩევნების ოქტომბერში ჩატარება ყველას აწყობს, მაშინ ჩატარდეს ოქტომბერში", - განუცხადა დევდარიანმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე განმარტებით, "ახალი თაობა-ახალი ინიციატივის" მიერ მომზადებულ სარჩელში აქცენტი საპრეზიდენტო ვადის შეცვლაზე იყო გაკეთებული და არსებობდა შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასამართლოს ქვეყანაში არსებული სიტუაცია გაეთვალისწინებინა.

"ჩვენი სარჩელი უფრო იმისკენ იყო მიმართული, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები შემდგომში აღარ მომხდარიყო. საპრეზიდენტო არჩევნების ვადების გასაჩივრება კი საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგაც შეგვეძლება", - აღნიშნა დევდარიანმა.

ორგანიზაციამ ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სარჩელს სასამართლოში აღარ შეიტანს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" გუშინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას გეგმავდა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის.

გარდა ამისა, დევდარიანის თქმით, დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. მისი განმარტებით, სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს.

საკონსტიტუციო სარჩელით, არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მაის-ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას კი 2013 წლის იანვარში ითხოვდა.

მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო კი 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა