რატომ იქნება ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია საქართველოსთვის "უბედურება''

რატომ იქნება ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია საქართველოსთვის "უბედურება''

"რეგიონების მოსახლეობა ინფორმაციულ იზოლაციაშია!'', "რაიონებში ბავშვები სკოლას ვერ ამთავრებენ!'', "სოფლებში ახალგაზრდების უმრავლესობა ალკოჰოლზეა დამოკიდებული!'' - მანანა ნაჭყებიას ეს სამი წინადადება ალბათ საკმარისია იმისთვის, რომ გავიაზროთ, როგორია სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების ყოფა. "მემარჯვენეების'' ლიდერი "ვერსიას'' უმხელს, რატომ არ აქვთ რეგიონებში ახალგაზრდებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება. პროფესიით ფილოლოგი პოლიტიკოსი, ამ პრობლემის გადაჭრის გზებსაც გვთავაზობს და იმ ფაქტებისა და ემოციების შესახებაც გვესაუბრება, რომელიც "ახლებმა'' საქართველოს კუთხეებში მოგზაურობისას ნახეს და განიცადეს:

- ცხოვრების იდეალური პირობები არც ქალაქშია, მაგრამ სოფლებში ადამიანებს წყლის, გზის, გათბობის... განათლებისა და სხვა სიკეთეების მიღებას კი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან. სამწუხაროდ, საქართველოში, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ პრიორიტეტად სოფლებში სკოლების რაოდენობის შემცირება განიზრახა. ეს ოპტიმიზაციად ინათლება, მაგრამ შედეგი ასეთია - დღეს არის სოფლები, სადაც ბავშვები სკოლაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრს გადიან. ცუდია ისიც, რომ სხვადასხვა საფეხური დატოვეს სხვადასხვა სკოლაში. ამის გამო, ბევრი ბავშვი, 9 კლასის მერე იძულებულია, სწავლა სხვა სოფელში გააგრძელოს. ამ დროს, მშობლებს უმცროსი ბავშვებიც იმ სკოლაში შეჰყავთ, სადაც უფროსმა უნდა ისწავლოს. ამან კი ის გამოიწვია, რომ საბაზო საფეხურების სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, რის გამოც, ისინი მალე შეიძლება დახურონ კიდეც.

- ასეთი საშიშროების წინაშე რომელი რეგიონის სკოლები დგას?

- ზუსტი ინფორმაცია ხელთ არ მაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს შეეხო "ოპტიმიზაციის პროცესი'' და თითქმის ყველგან არის სოფლები, სადაც ბავშვები 8-10 კმ-ს ფეხით გადიან. პრობლემაა განათლების ხარისხიც. გაირკვა, რომ სტუდენტების 66% ემზადებოდა რეპეტიტორებთან. ზოგადად, რეპეტიტორების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მათთან მომზადება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ სკოლაში მიღებული განათლება არაა საკმარისი ეროვნულ გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღწევად. სოფელში მაცხოვრებელი ბავშვები იძულებულები არიან რეპეტიტორებთან რაიონულ ცენტრებში იარონ.

- სოფლებში ბევრ ოჯახს აქვს რეპეტიტორის თანხის გადახდის საშუალება?

- არა და, რეპეტიტორებთან მომზადებას მასიური ხასიათიც არ აქვს. განათლების რეფორმების შედეგად, მოხერხდა გარკვეული წარმატებების მიღწევა სკოლებში დისციპლინის განმტკიცების თვალსაზრისით. კარგია ისიც, რომ გამოცდებს ბავშვები სკოლებში ჩააბარებენ. ამან ბავშვი მართლაც დააბრუნა სკოლაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სკოლაში განათლების დაბრუნება. არადა, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა. ამიტომ უნდა მივაღწიოთ, რომ სკოლაში სწორედ რეპეტიტორის დონის, ანუ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი ასწავლიდეს.

- კი, მაგრამ რეპეტიტორების უმრავლესობა ხომ სკოლის მასწავლებლები არიან? უბრალოდ, თავისივე მოსწავლეებს არ ამზადებენ.

- გეთანხმებით, ასეა. მეტიც, ზოგჯერ ვაწყდებით ფაქტებს, როცა საკუთარი საგნის მასწავლებელი არის რეპეტიტორი და ეს დაფარული პროცესია. სოფლებში კი, სხვაგვარადაა საქმე - ბევრი პედაგოგი სკოლაში დროს აღარ კარგავს და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი სკოლას სწყდება. პრობლემაა მასწავლებლების კვალიფიკაციაც. წინა და ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პედაგოგისთვის რეპუტაცია შეერყია. ზოგადად, პედაგოგობა გახდა არაპრესტიჟული. მით უმეტეს, რომ ანაზღაურებაც დაბალია.

- რატომ? სერტიფიცირების პროცესი საშუალებას იძლევა, პედაგოგის ანაზღაურება გაიზარდოს.

- დიახ, ვერ ვიტყვი, რომ განათლების სამინისტრო ამ მხრივ ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ მომატებული ანაზღაურებაც კი, ძალიან მცირეა. მასწავლებელთა მომზადება, ფინანსურად და მეთოდურად, თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს საჭირო თანხები, სპეციალური სახელმძღვანელოები, ინტერნეტი... მაღალკვალიფიციური მასწავლებლების არსებობა ბევრ პრობლემას გადაუჭრის რეგიონების მოსახლეებსაც. ისინი იძულებული აღარ იქნებიან, რეპეტიტორებთან ატარონ ბავშვები. ძალიან დამთრგუნველია, როცა სოფლებში გვეუბნებიან - აღარც ვოცნებობ, რომ ჩემი შვილი უმაღლეს განათლებას მიიღებს, იმიტომ, რომ ამას ფული სჭირდება და ამის საშუალება ჩემ ოჯახს არ აქვსო. მთელ მსოფლიოში კია ძალიან ძვირადღირებული უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ საკუთარი ჯიბიდან, სწავლის საფასურს იშვიათად იხდის ვინმე. ამაში მათ ფონდები, გრანტები...

ეხმარება.

ჩვენც თუ ამ მიმართულებით არ წავედით, საქართველო, განათლების თვალსაზრისით, გახდება ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა. პრობლემაა, ზოგადად, განათლების დაფინანსებაც. 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში, 1 სულ მოსახლეზე მხოლოდ 65 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი თანხა იხარჯება მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს თანხა 1000, 1200, 1500 დოლარს აღწევს. არადა, ხელისუფლება აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტი განათლებაა. უნდა ვაღიაროთ, ბოლო წლებში გაიზარდა განათლებაზე გამოყოფილი ხარჯები. არ ვართ იმ ტიპის ოპოზიციური ძალა, რომელსაც არაფრის დანახვა შეუძლია. კარგია ისიც, რომ ერთიანი გამოცდების ცენტრი შეიქმნა და მისაღები გამოცდები გამოვიდა უმაღლესი სასწავლებლებიდან გარეთ. ამას ვხედავთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს არის მხოლოდ მინიმუმი, რომელზეც სახელმწიფო არ უნდა შეჩერდეს. 2011-2012 წლის ბიუჯეტებს შორის ზრდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ სერიოზული ცვლილებების გატარება გაჭირდება. გარდა ამისა, გამოყოფილი თანხის უფრო მეტად ეფექტური ხარჯვაც შეიძლებოდა, პირველ რიგში, საკუთარ კომფორტზე რომ არ ეზრუნათ.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად იმას, რაც ჩემი აზრით, დანაშაულია - მათემატიკის ინსტიტუტი ისეთ შენობაში გადაიტანეს, სადაც სამუშაო პირობები არ არის. სამაგიეროდ, ინსტიტუტის შენობაში თავისი ცალკეული დეპარტამენტები გადაანაწილეს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნეს. დღეს საქართველოში 2000-მდე საჯარო სკოლაა და მხოლოდ 10-15% თუ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს. სოფლის სკოლების უმეტესობა ჩამონგრევის პირასაა. ეს თვალშისაცემია განსაკუთრებით გურიაში, სადაც წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაა. თუმცა, გამონაკლისი, არც სხვა რეგიონებია.

- განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ალბათ ახლა გეტყოდნენ, რომ ყველაფრის ერთბაშად გამოსწორება შეუძლებელია და თვალსაჩინოებისთვის, "მომავლის კლასებსაც'' მოგიყვანდნენ, რომელთა რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით, იზრდება.

- და ჩვენ შეიძლება 5 თითიც გვეყოს, ასეთი კლასების ჩამოსათვლელად. ეს ვერ შექმნის ამინდს. მოდით, ეს თანხები იმაში დავხარჯოთ, რომ ყველა სკოლაში შეიქმნას მინიმალური პირობები, მოსწავლეს ჰქონდეს ცოდნის მიღების, სახელმძღვანელოების შეძენის საშუალება. სხვათა შორის, ეს კიდევ ერთი უმძიმესი პრობლემაა რეგიონებში. 5-6 ბავშვი 1 წიგნით სწავლობს. ამიტომ "ახალი მემარჯვენეები'' გამოვდივართ ინიციატივით - თუ სახელმწიფო, კონსტიტუციით იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, რომ საშუალო განათლება მისცეს ყველა მოზარდს, მაშინ სავალდებულო 9 კლასის განმავლობაში საჭირო სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგოს მოსწავლეებს. ამას კატასტროფულად დიდი თანხა ნამდვილად არ დასჭირდება. მით უმეტეს, განათლებაზე გამოყოფილი ხარჯები, პრაქტიკულად, მომავალში ჩადებული ინვესტიციაა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ასეთი მიდგომა არ აქვს და პოლიტიკურ სიბეცეს იჩენს, როცა აცხადებს, თითქოს არაა საჭირო, ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს უმაღლესი განათლება ჰქონდეს.

- მაგრამ, ალბათ, არც ისაა საჭირო, სახლში ყველას უმაღლესის დიპლომი ედოს. სწორედ ამ მიდგომამ არ გამოიწვია ბევრ სფეროში არაპროფესინალების არსებობა?

- იმის გამო, რომ ჩვენი უმაღლესი განათლების ხარისხი დაბალი იყო, არ უნდა ვუბიძგოთ ახალგაზრდებს, არ ჩააბარონ უმაღლესებში. პირიქით, სტიმულირება უნდა მოხდეს, რომ განათლება მიიღონ, პროფესიული იქნება ეს თუ უმაღლესი. სხვათა შორის, ხელისუფლებისთვის არც პროფესიული განათლებაა პრიორიტეტი და ამას ამტკიცებს, განათლების ბიუჯეტიდან ამ მხრივ გამოყოფილი მხოლოდ 1%. იცით, რატომ ამბობს ხელისუფლება, უმაღლესი განათლება საჭირო არ არისო? - ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის და იმიტომ. მაგრამ ჩვენ ხომ საბოლოოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკაც განვითარდეს. თუ ასეა, ერთდროულად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესები, თორემ ხვალ სამუშაო ადგილები იქნება და პროფესიონალებს ვეღარ ვიპოვით. დღეს უკვე პრობლემაა პროფესიონალი აგრონომისა და ვეტერინარის მოძებნა. თუმცა, კონკრეტულ სპეციალობებზე როგორ ვისაუბრო, როცა რეგიონებში, ბავშვები საჯარო სკოლებსაც კი ვერ ამთავრებენ. ეს ხშირია ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სოფლებში. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ოჯახებს სჭირდებათ მუშახელი. გულგრილად ვერ ჩავუვლი ხოლმე, მაგალითად, ბაზარში მომუშავე ბავშვს, ვეკითხები, სკოლაში რატომ არ ხარ-თქო და იქვე მდგომი მშობელი მპასუხობს, ძალიან გვინდა რომ ისწავლოს, მაგრამ თუ არ მოგვეხმარა, გაგვიჭირდებაო. ასეთი არჩევანის წინაშე ბევრი ოჯახი დგას. სამწუხაროდ, ამაზე ხმამაღლა და ღიად არავინ საუბრობს. არც იმაზე, რომ სოფლებში, ახალგაზრდობის უმრავლესობა, კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგას - ალკოჰოლზე არიან დამოკიდებულები. სოფლებში არ არის ადგილი, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან, ნახავენ ფილმს, ისწავლიან ხალხურ ცეკვას, სიმღერას. 21-ე საუკუნეში, რეგიონების 80% არის ინტერნეტის გარეშე. ქართული სოფელი რომ გადავარჩინოთ, იქ ცივილიზაცია უნდა შევიტანოთ. ჩამორჩენილი ტერმინია "სოფლის კლუბი'', მაგრამ სწორედ კლუბები უნდა დავუბრუნოთ სოფლებს. "ახალი მემარჯვენეების'' ოცნების კლუბი დაახლოებით ასეთია - ადგილი, სადაც შეიძლება კინოს უყურო, წიგნი წაიკითხო, ისარგებლო ინტერნეტით, ჩაატარო საღამოები, დადგა სპექტაკლი, წაიკითხო გაზეთი... დღეს სოფელი ინფორმაციულ იზოლაციაშია. ამ მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში... ზოგადად, რეგიონებში ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება ნაციონალურ სიხშირეზე მაუწყებელი ტელევიზიებია.

- აგერ, ივანიშვილი აკეთებს ახალ ტელევიზიას და იქნებ, უზრუნველყოს რეგიონების მოსახლეობა ცხელ-ცხელი ინფორმაციით?

- არა მგონია, უზრუნველყოს. "თეფშებს'' თუ დაურიგებს ხალხს, ვერ გეტყვით, თორემ ივანიშვილის ტელევიზია სატელიტზე გავა და მისი მიღების საშუალება ბევრს არ ექნება. თანაც, არ მაქვს ილუზია, რომ ეს იქნება ტელევიზია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება. პირდაპირ ვთქვათ, ეს პარტიული მაუწყებლობა იქნება და ასეთი ტელევიზიები მისასალმებელი არ არის. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკური გავლენა "რუსთავი 2''-ზე იქნება თუ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაზე. ეს, დაახლოებით, ერთი და იგივე უბედურებაა საქართველოსთვის.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა