"დააბიჯე სააკაშვილს'' - რამდენიმე დღის წინ, ეს მოწოდება ზურა ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე ისმოდა, როცა ბიძინა ივანიშვილს მიკროფონთან მისასვლელად, გზად სააკაშვილის ასფალტზე გაკრული "პლაკატი'' უნდა გაევლო. მავანთა მტკიცებით, მას პროვოკაცია მოუწყვეს და მისი "გამარგინალება'' სცადეს, მავანნი ამ ეპატაჟური ნაბიჯით კმაყოფილნი დარჩნენ. მოწოდების მთავარ მოქმედ პირებად კი ოპოზიციონერი რეჟისორი, გოგა ხაინდრავა და მოკლული ბიჭის მამა, იური ვაზაგაშვილი შეირაცხნენ. ამასობაში, ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და კოკა გუნცაძემ არჩევანი გააკეთეს და ივანიშვილის პირობით ორბიტაზე აღმოჩნდნენ. როდის და სად ვიხილავთ დოკუმენტურ ფილმს "დემოკრატიის შუქურა'', რა ფორმით ითანამშრომლებს გაჩეჩილაძეებისა და გუნცაძე-ხაინდრავას დაუშლელი კვარტეტი ახალ კოალიციასთან და რით ჰგვანან ერთმანეთს მერცხალი და ივანიშვილი - საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს გოგა ხაინდრავა "ვერსიაში'' პასუხობს:
- როცა ივანიშვილი მოვიდა აქციაზე, ამ დროს მიკროფონთან ვიდექი და სიტყვით გამოვდიოდი. არანაირი შეთავაზება, სააკაშვილის სურათისთვის ფეხი დაებიჯებინა, ჩემგან არ ყოფილა. ამ სურათებით მოფენილი იყო მთელი ქუჩა, ყველა, ვინც იქ იდგა, იდგა ამ სურათებზე, ყველა მანქანა მათზე დადიოდა, ხოლო ის "პლაკატი'' რამდენიმე წუთის დადებული იყო და ივანიშვილი ძალიან კორექტულად მოიქცა, როცა გასასვლელი გზა აღარ იყო და კიდეში გაიარა. ეს ყველაფერი მერაბიშვილის მსტოვრების, ე.წ. ტელევიზიების გამოგონებაა!
- ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული კადრებისა და ფოტოების მიხედვით, ამბავს გამოგონილს ვერ ვუწოდებთ, ისმის თქვენი და იური ვაზაგაშვილის ერთობლივი მოწოდებაც. ზოგადად მაინტერესებს, თუნდაც ასეთ რეჟიმთან ბრძოლის ეს მეთოდი, რომელიც საუკუნეებისწინანდელ ხატმებრძოლეობას ჰგავს, მისაღებად მიგაჩნიათ?
- ინტერნეტში ბევრი რამეა გავრცელებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რეალობაა. ჯერ ერთი, ყველამ ბოლომდე უნდა ნახოს ჩანაწერი და მეორეც, იური ვაზაგაშვილი არ არის გოგა ხაინდრავა. თან ჩემ გარდა, იქ კიდევ 200 კაცია.
- მაგრამ შესანიშნავად იცოდით, ვისზეც გაკეთდებოდა აქცენტი.
- ჩვენი ქვეყნის უბედურებაც ზუსტად ისაა, რომ სახელისუფლებო პროპაგანდის ჯერ კიდევ სჯერათ ადამიანებს. ივანიშვილის არანაირი მარგინალიზაცია არ მომხდარა და არც შეიძლება მომხდარიყო, დღეს ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია! აი, ამ სიცრუეში ვცხოვრობთ, ამას ვაფუებთ, როგორც საფუარს და მერე უხვად ვღვრით საზოგადოებაში. ეს ხდება ოპოზიციისა და, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, საკუთარი ხოშით გაკეთებული ფოტოებითა და განცხადებებით. ამ სიცრუის გარშემოა ატეხილი აჟიოტაჟიც და რაც უფრო მეტნი ვმონაწილეობთ ამ ტყუილში, მით უფრო ტყუილ ქვეყანაში ვცხოვრობთ!
- ცოტა ხნის წინ მითხარით, ძმები გაჩეჩილაძეები განზე არ დარჩებიანო და არც დარჩნენ - "უცნობი'', გია გაჩეჩილაძე ახალ გადაცემას აკეთებს, ლევან გაჩეჩილაძე - არასამთავრობოს. თქვენ როგორ გეგმავთ გააქტიურებას?
- ჯერ ერთი, უკვე 20 წელია ვაქტიურობ. ჩვენ ვიბრძვით ყველასთან ერთად, ვინც საქართველოს მომავლისთვის იბრძვის. ივანიშვილის გამოჩენა კი საქართველოსთვის საკრალური მოვლენა იყო. იგი მოვიდა, როგორც კალენდარი, რომელმაც მსოფლიოს აუწყდა, რომ სააკაშვილის ბოროტი ერა დამთავრდა. ერა, რომელმაც გააფუჭა, გარყვნა, არაკაცებად, პირუტყვებად, სადისტებად აქცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ომი წააგო, ხალხი გაძარცვა, თავისი ბინძური ფეხებით ადამიანების ბედი გაჭყლიტა. ახლა გაზაფხულის მაუწყებელ მერცხლად ქვეყანას ივანიშვილი მოევლინა, რის გამოც, ყველანი ერთად, მისი მადლობელნი უნდა ვიყოთ და ბეწვს არ უნდა ვეძებდეთ მის თვალში, როცა ერთ ადგილას დირე გვაქვს გათხრილი ყველას!
- მერე, ხომ გაგიგიათ, ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო?
- რატომ ერთი?! უამრავი მერცხალია და ამაში ბოლო წლებია ვრწმუნდებით. მერცხლების მთელი გუნდი დაფრინავს ქუჩაში, თავს წირავს, ოჯახებს ანგრევს თავისი სამშობლოს გამო და მერაბიშვილის ჯურღმულებში იტანჯება, ყველანაირად ცდილობს, პალმის რტო ჩამოიტანოს და დადოს პარლამენტის წინ, მაგრამ ამას გაზს, სადიზმს, სისხლს უპირისპირებენ, თორემ მერცხლების მეტი რაა საქართველოში?! მთავარია, გაზაფხული მოვიდეს და იმდენი მერცხალი გამოჩნდება, ამ ყვავების თავზე ცას დააბნელებს.
- ხატოვანი ფრაზებით ვსაუბრობთ და თან ერთმანეთს კინოს სახლის სამონტაჟოში ვხვდებით - როგორც იქნა, დაიძრა თქვენი დოკუმენტური ფილმი, რომელიც უსახსრობის გამო იყო გაჩერებული? ლეგიტიმური კითხვაა, დააფინანსა თუ არა ეს ფილმი ივანიშვილმა, რაც, სხვათა შორის, არჩევნების წინ მის ინტერესებშიც შედის.
- ივანიშვილის ინტერესებში მთლიანად შედის ეს ქვეყანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე, ვინც რაღაც საქმეს აკეთებს, მისი დაფინანსებულია. ფილმს რაც შეეხება, ეს არის მოვლენათა ქრონიკა, პირობითი სახელით "დემოკრატიის შუქურა'' და ეძღვნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე სამარცხვინო, ზნეობრივად დაცემულ პერიოდს. მინდა, ეს პერიოდი ყველას ჩემი თვალით დავანახო. თან, არაფრის გადაღება არ მჭირდება, ამ კადრებს ყველა იცნობს, ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა. ეს არის ჩვენი სამონტაჟო, აქ დგას ჩემი პირადი კომპიუტერი და ვმუშაობ ჩემ მეგობრებთან ერთად. ბუნებრივია, რაღაც დაფინანსება არის, მაგრამ იმდენად მწირი, ამაზე საუბარიც კი სასაცილოა. მით უმეტეს, ამისთვის ივანიშვილი არ დამჭირდებოდა, მთელი ცხოვრებაა, ფილმებს ისედაც ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ვაკეთებ.
- "უცნობი'' უკვე გაეხვა სკანდალში, თავისი ახალი კლიპით, როცა ქეთათომ და მომღერალმა რობი კუხიანიძემ განაცხადეს, არ ვიცოდით, პოლიტიკურ პროექტში თუ ვმონაწილეობდითო. თქვენც ასეთი სკანდალური პროექტი გაქვთ?
- "უცნობი'' კლიპს არ იღებს, სიმღერებს წერს და თვითონ მღერის. როგორც მე ვიცი, ქეთათო და რობი კუხიანიძე აქ საერთოდ არაფერ შუაში არიან, ყველა სიმღერა მოსმენილი მაქვს, მთელი გალერეა, 12 კომპოზიცია "უცნობმა'' დაწერა და შექმნა. რად უნდოდა ამას სკანდალი, არ ემღერათ და გათავდა! ვინმემ ვინმეს თოფი ხომ არ დაადო? რაც შეეხება ჩემ პროფესიას, 57 წლის კაცი ვარ, აქედან 25 წელი რეჟისორი ვარ, ასე რომ, ჩემ პროფესიულ საქმიანობას ივანიშვილის გამოჩენა არ სჭირდებოდა. თუმცა დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ მასთან, მაგრამ ეს მომავლის საქმეა.
- არცთუ შორეული მომავლის, განახლებულ "მეცხრე არხთან'' თუ ითანამშრომლებთ?
- ჩემი პროფესია ვიზუალური ხელოვნებაა, კინოს ვიღებ და, ბუნებრივია, ტელევიზიასთან უნდა ვითანამშრომლო. აბა, ხურო და კალატოზი მე არ ვარ და ცხადია, ტელევიზია მჭირდება. თუმცა, ესეც მომავალია. ახლა ბრძოლა გვაქვს მოსაგები ამ ბოროტებასთან და, ბუნებრივადაც, თანამებრძოლები გამოვდივართ.
- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს გიორგი გაბაშვილმა დააყვედრა, გუნდში ხაინდრავას ძველი თანამებრძოლი გყავსო, ვოლსკის ვგულისხმობ...
- გოკა გაბაშვილი? მე ასეთ კაცს არ ვიცნობ! ძალიან მიხარია, რომ მე და გაბაშვილი სხვადასხვა საქართველოში ცხოვრობთ, რადგან ის, რაც მისთვის კომპრომატია, ჩემთვის დიდი ღირსებაა. ბედნიერი კაცი ვარ, რომ სერიოზულ საქმეში შევედი ვოლსკისთან ერთად, ეს ჩემი გამარჯვება უფრო მგონია. გაბაშვილის გაგებით, კომპრომატი სამშობლოს სიყვარული თუა, მაშინ ჩვენ, ყველანი, საშინლად კომპრომეტირებულნი ვართ!
- ამიტომაც გკითხეთ, რამდენად გადაიკვეთება გზები მომავალ ბრძოლაში, თან პარტიაშიც ვიხილეთ სახეები სახელოვნებო წრეებიდან.
- ჩვენი გზები ჯერ კიდევ სიყმაწვილეში გადაიკვეთა, არც გაყრილა და იმედი მაქვს, არც არასდროს გაიყრება. ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად ფილმზე მიმუშავია და, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონია საქართველოში. იმ კოალიციაში უამრავი ადამიანია, ვინც ძალიან მიყვარს და ვისთანაც ვძმაკაცობ. მეც იმ დიდი ლაშქრის წევრი ვარ და ამ კოალიციაში ვიქნები, თუ იმ კოალიციაში, ეს საერთო საქმისთვის ბევრს არაფერს გადაწყვეტს. სადაც ვიყავი, ისევ იქ ვარ. სხვა რა უნდა ვქნა, ვერ გავიგე, მაინცდამაინც რაღაც უნდა ეწეროს ჩემ თავზე, ან მხარზე უნდა მეკეთოს სვასტიკა?! თუ ვარსკვლავი უნდა დავიმაგრო? ისე, კი უნდა გვეკეთოს ყველას ყვითელი ვარსკვლავი ტანსაცმელზე. ჩემი კოალიცია არის საქართველო და "ქართული ოცნებისაც'' მჯერა. ამ ადამიანების თავყრილობა კარგის მეტს ამ ქვეყანას არაფერს მოუტანს, ამიტომ სააკაშვილის რეჟიმის დასასრული წარმატებული იქნება ყოველ მიზეზგარეშე! რჩება მხოლოდ ტექნიკური ნაწილი.
- მერე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არაა?
- ეს გზა ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ. ერთადერთი, რაც თავის მოსაზრებას ივანიშვილმა დაამატა, თუ მე თვალი და ყური არ მღალატობს, ისაა, რომ თუ ხმებს წაართმევენ, მაშინ ხალხი თავის სიტყვას იტყვის. როგორც გონიერი კაცი, ხედავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება მისგან დამოუკიდებლად, მოუწოდებს თუ არა ივანიშვილი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. დიახ, ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში და პანჩურებით გაყრის გამყალბებლებს საქართველოს საზღვრებს გარეთ.
- ნელ-ნელა უახლოვდება თქვენი რიტორიკა ერთმანეთს, უკვე გაისმა ივანიშვილის ფრონტის მხრიდან, გარეთაც გამოვალთ და ყბაშიც მოვდებთო.
- ხიდაშელი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურად, ყბაში მოდებაც შეუძლია, თუმცა ამას არც არავინ აკადრებს და არც არავინ აცლის ქალებს საქართველოში, ამისთვის კაცები არსებობენ და მათი რაოდენობა საკმარისზე მეტიცაა იმისთვის, რომ ეს "ფარჩაკები'' წიხლებითა და პანჩურებით გავყაროთ.
- კი, მაგრამ თქვენ არ იყავით, ჯერ "რვიანს'' და მერე "ექვსიანს'' "კიკუებს'' რომ ეძახდით, ახლა ეს ექვსეული ივანიშვილის კოალიციაში რომაა, ხომ არ დაგავიწყდათ?
- მე "კიკუებს'' იმ პარტიებს ვეძახდი, ვინც "რვიანიდან'' ხელისუფლების ნავში გადახტა და ცხოვრებამაც აჩვენა, რომ "კიკუები'' არიან, მაგრამ არაუშავს, სააკაშვილს ზოგი კოალიციიდან შეუტევს, ზოგი - მედიიდან, ზოგი არასამთავრობოდან, ზოგი მინდვრიდან, ზოგიც ბარიდან და დამთავრდება ეს უბედურება!
- რას უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან, რომელსაც ყველა ეპითეტს უწოდებთ, რაც კი არსებობს, მშვიდად დანებებას?!
- მშვიდი არაფერი იქნება და არც ახლაა. აგერ, კახეთში 21 წლის გოგო დაიჭირეს, გორში სამი ბიჭი დააკავეს პოლიტიკური მოტივით, ჩემი უამრავი ახალგაზრდა მეგობარიც დაჭერილია. წერონ და იკითხონ ახლა, რომ უმრავლესობაში ისევ თვითონ დარჩებიან. მაგათ ნაყიდ ტრუფელებს აღარავინ ჭამს და იმ პროცენტებსაც ყურებზე ჩამოვკიდებთ შედეგების დამდებსაც და შემკვეთსაც. ჰოდა, ასე ჩამოკიდებულებს გავისტუმრებთ პოლიტიკურ სამარეში. უკვე იმდენი ადამიანი დასახიჩრდა და დაიხოცა, რომ უკვე შეიძლება ითქვას, პროცესი მშვიდობიანად არ დასრულდა და ვერც დასრულდება, თუმცა რომ დასრულდება, უეჭველია!
ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"