გიგა ბოკერია - მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ჯერ არ მსჯელობს

გიგა ბოკერია - მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ჯერ არ მსჯელობს

საქართველოს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურაზე ჯერ არ მსჯელობს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ რადიოსადგურ "ეხო მასკვისთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ საკითხზე მის მიერ კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება.

"ჯერ არავითარი ფიგურა არ განიხილება. ჯერ საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით. როდესაც დაიწყება საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისი, ფიგურებს მაშინ განვიხილავთ და გადავწყვეტთ, ვისი კანდიდატურა წამოვაყენოთ", - განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყველაზე დიდი მტრის, პუტინის გზა გაიმეოროს და პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს, ბოკერია პასუხობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნებისმიერი სახის პარალელის გავლება დაუშვებელია.

"ამ თემაზე კომენტარი თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პარალელი რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელ სიტუაციებს შორის არაადეკვატურია, რადგან ჩვენ განსხვავებული მიმართულებებით მივდივართ. საქართველოში რეფორმის შედეგად ხელისუფლების ერთი ცენტრი აღარ იარსებებს, რადგან საპრეზიდენტო სისტემა გადადის საპარლამენტო სისტემაში, სადაც პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს სერიოზული ხელისუფლება ექნებათ. თუმცა პრეზიდენტი ისევ საყოველთაო გზით იქნება არჩეული და მნიშვნელოვან პოლიტიკურ წონას შეინარჩუნებს. შედეგი დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული იქნება. რუსეთში ამგვარი ტენდენციები არ შეიმჩნევა. იქ მოხდა მხოლოდ ფორმალური როტაცია და რეალურად ძალაუფლება ყოველთვის იმავე ინდივიდის ხელში რჩებოდა, რომელიც ძალიან მალე ისევ ოფიციალურად გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. რუსული პოლიტიკის ექსპერტი და მიმომხილველი არ ვარ, მაგრამ ეს ნათელი ფაქტია. საქართველოში ამგვარი რამ შეუძლებელია. იმისთვის, რომ საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე ვისაუბროთ, დრო უნდა გავიდეს", - განაცხადა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანს კითხვა საქართველოში სირიის სცენარის შესაძლო განმეორების შესახებაც დაუსვეს, რასაც გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ამგვარი განცხადებით, ერთმა "გაუაზრებელმა პოლიტიკოსმა" შემდგომი "გაუაზრებელი პოლიტიკის" გამართლება სცადა.

"არავითარი სერიოზული დისკუსია საქართველოში სირიის სცენარის შესაძლო განმეორებაზე არც ყოფილა და შეუძლებელია იყოს. ყველამ კარგად იცის, როგორი მდგომარეობაა საქართველოში. ქართული საზოგადოების განწყობას თუნდაც NDI-ს კვლევები ასახავს. საზოგადოების უმეტესობა მხარს უჭერს ხელისუფლების კურსს",- აღნიშნავს ბოკერია და ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა