კვირას, შუადღეზე ნიკა თავაძე მარჯანიშვილის თეატრის კულისებისკენ გამიძღვა, ფოტოებით, პროგრამებითა და ძველი სპექტაკლების პლაკატებით მორთულ პატარა გასახდელში.
ქართულ სცენაზე მის მიერ ორი ათწლეულის განმავლობაში შესრულებული წამყვანი როლებისა და დახვეწილი გარეგნობის წყალობით, თავაძეს ბევრი ქართველი ამოიცნობდა - ჩემი მეგობარი მას ქართველ ბრედ პიტს ეძახდა. მაგრამ მე მსურდა, გამეგო, როგორ დაიწყო მან ეპიზოდური როლის თამაში პოლიტიკურ თეატრში.
მონათხრობი ასეთია: სამხრეთ კავკასიის ღარიბი ერის ათასობით სხვა მსახიობის, რეჟისორის, მასწავლებლისა და პოეტის ხელფასთან ერთად, თავაძის მოკრძალებულ ხელფასსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში, ერთ დროს ჩაკეტილი, ქართველი მილიარდელი - ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ივანიშვილმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბანკო საქმითა და ინვესტიციების საშუალებით დააგროვა ქონება. ეს ქონება დღეს 6,4 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
"ის აჩრდილივით იყო", - ამბობს თავაძე, - ჩვენ ყველანი ვიღებდით მის ფულს, მაგრამ არავის ჰქონდა ნანახი მისი სახე".
ეს ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 6 თვის წინ ივანიშვილიმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა, როგორც ოპოზიციური ლიდერი; იგი ერთ ღამეში, 2003 წლის ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე რეალურ საფრთხედ იქცა.
სააკაშვილი, უხეშ სამეზობლოში საქართველოს დემოკრატიის შუქურად გარდაქმნის დაპირებების გამო, დასავლეთის ფავორიტად მიიჩნევა.
ოქტომბერში ივანიშვილმა სააკაშვილი დემოკრატიული მისწრაფებების სიყალბესა და ძალაუფლების ტოტალური მონოპოლიის დამკვიდრებაში დაადანაშაულა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, მან კოალიცია "ქართული ოცნება" შექმნა. ამასთან, თუ ის გადაწყვეტდა, მომდევნო წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კენჭი ეყარა, სააკაშვილის დამარცხების პირობას დებდა.
ამის შემდეგ ორივე მხარემ განცხადებების გაკეთება დაიწყო იმის შესახებ, რომ ქვეყნის მყიფე დემოკრატიის გადამრჩენლები არიან. დებატები არ წყდებოდა ასევე ივანიშვილის მიერ ხმების მოსყიდასთან დაკავშირებით.
ივანიშვილის ბრძოლაში ჩართვისთანავე სააკაშვილმა და მისი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილმა ადამიანებმა სულელებივით დაიწყეს მოქცევა (გაერო-ს მომხსენებლმა ამის შესახებ დიპლომატიურად განაცხადა: "საქართველოს მთავრობის "ზოგადად პოზიტიური ტრაექტორია" საფრთხეშია". მომხსენებელი შექმნილ დაშინების კლიმატსა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვაზე მიუთითებდა).
ოქტომბერში ივანიშვილს, იშვიათად გამოყენებადი კანონის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. მომდევნო თვეებში კი პოლიციამ მისი ბიზნესისა და კოლეგების დევნა, თვალთვალი და შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე დაპატიმრება დაიწყო.
წინა თვეში ავისმომასწავებელი სახელის მქონე კონტროლის პალატამ, საქართველოს შიდა აუდიტის სააგენტომ, ივანიშვილის 100-მდე მხარდამჭერი დაკითხა. Amnesty International-მა ამას ამომრჩეველთა დაშინება უწოდა.
ადვილი მისახვედრია, რატომ აღიქვამდნენ სააკაშვილი და მისი მომხრეები უზარმაზარ საფრთხედ ივანიშვილს, რომლის ქონებაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს უტოლდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში ივანიშვილი არა მხოლოდ კულტურულ ელიტას უწევდა დახმარებას, არამედ, მიუსაფარ და ავადმყოფ ბავშვებს, ასევე პენსიონერებს. მის სოფელ ჭორვილაში ყველას სახლს ახალი სახურავი აქვს. მას ასევე, 600 მლნ დოლარი აქვს ჩადებული სხვადასხვა სახელმწიფო პროექტში.
საქართველოში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და უმუშვრობის მაჩვენებელი 16%-ია, ასეთი დაფინანსება ნიშანდობლივია. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან გონივრული იქნებოდა, კორპორატიული შემოწირულობებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრად გაკონტროლების მიზნით, საარჩევნო რეფორმები გაეტარებინა.
დეკემბერში ქვეყნის კანონმდებლობაში ორი პრობლემური ცვლილება განხორციელდა, ხოლო მარტში ასპარეზზე კონტროლის პალატა გამოვიდა, - ეს გზა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობა წავიდა, იყო ორპირი, არადემოკრატიული; ეს გზა აღმოჩნდა იმედის გამაცრუებელი, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომელმაც 2008 წლის შემდეგ საქართველოში 4 მლრდ დოლარი დახარჯა იმ იმედით, რომ საქართველო მართლაც გახდებოდა დემოკრატიის შუქურა, როგორც ამის დაპირებას სააკაშვილი იძლეოდა.
ფართო კუთხით თუ განვიხილავთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მოიგებს წელს საპარლამენტო რბოლას. მთავარი ისაა, რომ საქართველოს მყიფე დემოკრატიამ პირველ საარჩევნო კონკურენციას გაუძლოს. სააკაშვილისთვის ადვილი იყო დემოკრატიული ფასეულობების დაცვა მაშინ, როდესაც რეალური მეტოქის წინაშე არ იდგა. ახლა კი, როდესაც ის ტიტანის წინააღმდეგ იბრძვის, თავისი დემოკრატიული დაპირებები უნდა შეასრულოს.
შემდგომ თვეებში, სულ უფრო ცხელი პოლიტიკური თეატრი მკაცრი ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ უნდა წარიმართოს.
მომზადებულია latitude.blogs.nytimes.com-ის მიხედვით.