კახა მიქაია - ”ათი დღე "საბჭოთა კაპეზეში" ვიმყოფებოდი”

კახა მიქაია - ”ათი დღე "საბჭოთა კაპეზეში" ვიმყოფებოდი”

6 აპრილს, ათდღიანი პატიმრობის შემდეგ, მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" და "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია გაათავისუფლეს. იგი 27 მარტს, ზუგდიდში, სასამართლოს ეზოში დააკავეს, როცა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, სერგო ჩაჩიბაიას დაპატიმრებას აპროტესტებდა. მან ათი დღე ჩხოროწყუს პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გაატარა. ბატონ კახას ზუგდიდში დავუკავშირდით.

- ბატონო კახა, როგორ ხართ?

- შესანიშნავად. ბრძოლოს ჟინს არადროს ვუჩიოდი, ახლა კი - მით უმეტეს...

- როგორ გეპყრობოდნენ იზოლატორში?

- ზედამხედველების მხრიდან ზემოქმედების მცდელობა არ ყოფილა. თუმცა საპყრობილეში საშინელი პირობები იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც საბჭოთა ციხეებში სუფევდა. ვიჯექი საკანში, რომელსაც სარკმელი არ ჰქონდა, იყო ნესტი და სიცივე. არ მოდიოდა წყალი და საპირფარეშოში სათლით ვასხამდი წყალს. შხაპის მიღებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... მოკლედ, ათი დღე "საბჭოთა კაპეზეში" ვიმყოფებოდი.

ჩემი გათავისუფლებისას ჩხოროწყუში ჩამოვიდნენ გია გაჩეჩილაძე, ბიძინა გეგიძე, დათო რურუა და სხვა თბილისელი მეგობრები. სერგო ჩაჩიბაიას და ჩემმა დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებელია მთელი საზოგადოების მობილიზება ხელისუფლებიდან ნაცმოძრაობის მოსაშორებლად. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია, ოპოზიციური სპექტრი ქართულ საზოგადოებასთან ერთად უფრო გააქტიურდება და არ დაუშვებს სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას. მე კი ჩემს მეგობრებთან ერთად განვაგრძობ ბრძოლას საზოგადოებაში შიშის დასაძლევად და არჩევნების გაყალბებისაგან დასაცავად. არჩევანი თავისუფალმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, შეშინებული ადამიანი რა არჩევანს გააკეთებს?!

- უკვე გათავისუფლებულს ხომ არავინ დაგმუქრებიათ?

- მუქარის წერილი არ მიმიღია (იცინის), თუმცა კარგად ვიცი ჩემი დაკავების მიზეზი... ზუგდიდის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას პოლიციის უფროსმა ლევან ქირიამ მითხრა: გსურს ქვეყნის გადატრიალება, ხარ რუსეთის აგენტი და დამაცადე, რას გიზამო!.. ჩემი დაკავება პირდაპირ უკავშირდება ჩემი და ჩემი მეგობრების 7 წლის წინ დაწყებულ საპროტესტო კამპანიას - სამეგრელოში ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული ბანდფორმირებების მხილებას. მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ ეს თემა აქტუალური გახადა, მას შეშფოთებით გამოეხმაურა ნატო და დიპლომატიური კორპუსი, რამაც გააღიზიანა და გონება დაუბნელა ისედაც გონებაშეზღუდულ ხელისუფლებას. ამიტომაც იძიეს ჩემზე შური, მაგრამ ვერ შემაშინებენ, უფრო მეტი შემართებით შევებრძოლები სააკაშვილის ხელისუფლებას!..

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა