გეოპოლიტიკურ ინტერესთა გადაკვეთაზე - ომის რეალური საშიშროება თუ პოლიტიკური სპეკულაციები?

გეოპოლიტიკურ ინტერესთა გადაკვეთაზე - ომის რეალური საშიშროება თუ პოლიტიკური სპეკულაციები?

"ირანს, აშშ-სა და ისრაელს შორის ომი წლის ბოლოს დაიწყება", - წერს გაზეთი "კომერსანტი" რუსი მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით. ირანზე აშშ-ისა და ისრაელის შესაძლო თავდასხმას მსოფლიო საზოგადოებრიობა უფრო და უფრო აქტიურად განიხილავს. ასევე განხილვის საგანი გახდა საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან შესაძლო ახალი აგრესიაც: ევროპელი სამხედრო ექსპერტებისა და ჟურნალისტების აზრით, თუ ისრაელმა ირანს "დაარტყა", რუსეთი საკუთარი ინტერესების დასაცავად, სამხრეთ კავკასიისკენ სამხედრო ძალების მობილიზებას დაიწყებს, რითაც საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება.

"რუსეთმა კასპიის ზღვის სანაპიროზე, თავის ტერიტორიაზე, უკვე განათავსა გემების საწინააღმდეგო რაკეტები და კარგად შეიარაღებული მოიერიშე ჯგუფები, რომლებიც შორ მანძილზე მოქმედების თანამედროვე იარაღით არიან აღჭურვილი. ირანთან ომის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მოსკოვმა სამხრეთ მიმართულებას "დაარტყას", რათა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკული ბაზების სავარაუდო განთავსებას და შეძლოს დაუკავშირდეს სომხეთში განთავსებულ სამხედრო ძალებს. ამ შეტევის მიზანი ასევე იქნება კონტროლის დამყარება სამხრეთ კავკასიის ენერგოკორიდორზეც. ამ გზით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, ერთი სწრაფი სამხედრო დარტყმით, რუსეთმა შესაძლოა, კასპიისა და მთელი კავკასიის რეგიონზე კონტროლის დამყარებას მიაღწიოს", - წერს ერთ-ერთი ევროპული გამოცემა.

ირანისა და ისრაელის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო მონაწილეობასა და საქართველოში შემოჭრას არც ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე გამორიცხავს. "ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სტრატეგიული ხასიათის სწავლებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქში განლაგებული ჯარების მთელი შეიარაღება საგრძნობლად გააუმჯობესეს; მთლიანად შეიცვალა საავიაციო პარკი, ოფიცერთა შემადგენლობა. ცნობილი 58-ე არმიის გვერდით ჩამოყალიბდა ახალი, 49-ე არმია. შეიქმნა სამთო-მსროლელი ბატალიონები, რომლებიც ადრე რუსულ არმიაში საერთოდ არ არსებობდა. მთლიანად შეცვალეს საარტილერიო დანადგარები და შემოიტანეს ახალი ტიპის ზალპური საარტილერიო სისტემები, რომლებიც აქამდე ჩრდილო კავკასიაში არ იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გააძლიერეს და თავიდან შექმნეს რაკეტსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების სისტემა, რომელიც განლაგებულია მახაჭყალასთან. ესე იგი, ის, 120 კილომეტრის მანძილიდან, პირდაპირ ირანის სანაპიროსკენაა დამიზნებული. ეს და ბევრი სხვა ფაქტორი, ჩემი აზრით, მოწმობს იმას, რომ რუსეთი ემზადება სერიოზული ომისთვის. თან, "მობილიზაცია ნომერი ორი" გამოცხადებულია ცხინვალში, აფხაზეთსა და სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე. სომხეთის სამხედრო ბაზიდან გაყვანილი არიან რუსი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", - ამბობს არეშიძე.

ექსპერტებისა და ჟურნალისტების პოზიციას არ იზიარებს აღმოსავლეთმცოდნე-გეოგრაფი პროფესორი, დიპლომატი, ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი, რეზო გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

- ბატონო რეზო, ისრაელი უკვე არაერთხელ დაემუქრა ირანს; ამ თემაზე აქტიურად ბჭობს მსოფლიო საზოგადოებრიობაც; თქვენ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომი არ დაიწყება?

- შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ დენთის სუნი მართლაც ტრიალებს, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა და ომის, განსაკუთრებით კი მსოფლიო ომის წამოწყება, წინა საუკუნესთან შედარებით, გაცილებით გართულდა: ის ბირთვული იქნება, რომელშიც არც ერთი მხარე არ დარჩება გამარჯვებული. რეგიონულ ომშიც კი გაუგებარია, ვინ რომელ მხარეს დადგება.

- რატომ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ისრაელს ამერიკა დაუჭერს მხარს, ირანს - რუსეთი...

- ეს არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. პირადად მე, არა მგონია, რომ ობამამ დამოუკიდებლად დაიწყოს ომი.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ თეთრ სახლში ცეტი, თავზე ხელაღებული პოლიტიკოსი არ ზის და სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. დარწმუნებული ვარ, ომის დაწყების შესახებ ძალიან დიდხანს იფიქრებს ადამიანების ჯგუფი და არა - ერთი კაცი.

- მაშინ როგორ გგონიათ - ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემთხვევაში ვაშინგტონი რა პოზიციას დაიკავებს?

- არ ვიცი, დაიწყება კი ასეთი ომი? და თუ დაიწყება, ვისთვის იქნება ის სარგებლობის მომტანი? სხვათა შორის, თუ ისრაელი ირანს "დაარტყამს", ეს საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკანონობა იქნება, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიხედვით, ომი სამართლიანად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელს პასუხობ; პრევენციული დარტყმის მიყენება კი უკანონოდ მიიჩნევა. ისრაელი, საბოლოო ჯამში, ძალიან უარყოფით ეფექტს მიიღებს, თუ ომს პირველი დაიწყებს. ეს ისრაელის საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს სავსებით ნათლად ესმით.

გიგანტური ირანის სრული განადგურება პატარა ისრაელს არ შეუძლია. მისი ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებული რამდენიმე, თუნდაც მძიმე დარტყმის საპასუხოდ კი ირანი ათიოდე წლის შემდეგ ისრაელისთვის მართლაც სახიფათო გახდება: ის ნამდვილად შექმნის ბირთვულ იარაღს, რომელსაც შესაძლოა, ახლა არც აკეთებს; ამის შესახებ სრული და საიმედო ინფორმაცია არა გვაქვს (გავიხსენოთ, რომ 2003 წელს ერაყზე თავდასხმის წინ დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი მსოფლიოს არწმუნებდა, - ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი და სათანადო რაკეტები აქვსო; ეს ხომ მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა!). და მეორეც, ირანელი ხალხი, რომლის საკმაო ნაწილი ამჟამინდელ მთავრობას მხარს არ უჭერს, ომის შემთხვევაში იმავე მთავრობის გარშემო გაერთიანდება. რაც შეეხება ამერიკას: მას ნამდვილად, არ ესაჭიროება ახალი ომი ახლო აღმოსავლეთში, რადგან საკმაოდ მწარე გამოცდილება მიიღო იქ დაწყებული ორი ომის შედეგად. ვაშინგტონმა სასურველი შედეგი ვერც ერაყში მიიღო და ვერც ავღანეთში. ჯორჯ ბუში (უმცროსი) "ბოროტების ღერძად" ირანს, ერაყსა და სამხრეთ კორეას ასახელებდა. ერაყში ომის დაწყებამდე ამ პრაქტიკულად არარსებული "ღერძის" ორი ნაწილი - ირანი და ერაყი ერთმანეთის მტრები იყვნენ. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ამერიკამ თავისი (და ისრაელის) უფრო სერიოზული მტრის (ირანის) მტერი დაასუსტა. ერაყის ამჟამინდელი მთავრობა ძირითადად შიიტებითაა დაკომპლექტებული და ირანს აღარ მიიჩნევს ისეთ მეტოქედ, როგორადაც მას ჯორჯ ბუშის მიერ დამარცხებული სადამ ჰუსეინი მიიჩნევდა. ამის გამო ირანის პოზიცია რეგიონში უფრო გამყარდა. სხვათა შორის, ბოლო დროს აღმოსავლეთში უცნაური "სამკუთხედები" შეიკრა - საუდის არაბეთი თავის სტრატეგიულ მეტოქეებად მიიჩნევს ირანსა და ისრაელს, ისრაელი - ირანსა და საუდის არაბეთს, ირანი - საუდის არაბეთსა და ისრაელს. ანუ ამ რეგიონში მტრის მტერს მეგობრად ყოველთვის აღარ მიიჩნევენ, რაც სტანდარტული გეოპოლიტიკური ლოგიკა იყო ათასწლეულების განმავლობაში. ნიშანდობლივია ისიც, რომ თურქეთი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული ისრაელის მოკავშირე იყო, 2010 წლიდან ფაქტობრივად, მისი მოწინააღმდეგე გახდა.

- თურქეთი ბოლო დროს პოზიციებს ისედაც ხშირად იცვლის...

- თურქეთს სურს, ახლო აღმოსავლეთში პოზიციები გაიმყაროს... ანკარა ალბათ, არაბული ქვეყნების გულის მოსაგებად დაუპირისპირდა ისრაელს. არაბების გულიც ერთგვარად მოიგო და ირანსაც შეეცილა ავტორიტეტსა და წამყვან როლში მუსლიმურ სამყაროში...

- როგორ მოხდა, რომ გავლენის სფეროების განაწილებისას, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები, გასული საუკუნეებისგან განსხვავებით, ერთმანეთს აღარ შეეჯახა?

- რუსეთი და თურქეთი ამჟამად ძირითადად, ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობენ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი მაინც მეტოქეებად რჩებიან, თუმცა ზედაპირზე ეს ხშირად არ ჩანს.

- თუ ისრაელმა მაინც წამოიწყო ომი ირანის წინააღმდეგ, თქვენი აზრით, თურქეთის პოზიცია როგორი იქნება?

- მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკაში რაღაც ტრანსფორმაცია ხდება, მაინც მგონია, რომ ის ნეიტრალიტეტს დაიცავს, თუმცა სიტყვიერად მძაფრად დაგმობს ომის წამომწყებს.

- იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი საქართველოში შემოიჭრება?

- მოდი, ნუ ვიტყვით გადაჭრით, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრება. თუ ირანთან ომში ამერიკა ჩაებმება და ჩვენ მისი მოკავშირე აღმოვჩნდებით, რუსეთი "ორჯერ" იფიქრებს, დაესხას თუ არა თავს ამერიკის რეალურ მოკავშირეს. ეს, რასაკვირველია, მხოლოდ თეორიული გათვლაა. მართლაც, უმჯობესია, ყველაზე უარესისთვისაც ვიყოთ მზად, მაგრამ წინასწარ პანიკის დათესს არასწორი მეჩვენება, - ასეთი რამ ხელს აძლევს რუსეთის მილიტარისტულ ძალებს და იმათ, ვინც ამ ძალებისგან მომდინარე საფრთხით პოლიტიკურ სპეკულირებას ეწევა. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ საქართველო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და ამ კონფლიქტში საერთოდ არ ჩაერევა.

- ეს შესაძლებელია?

- კი, შესაძლებელია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს პროდასავლური კურსი და ეს სწორი არჩევანია. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ანტიირანული კურსიც უნდა გვქონდეს. დასავლეთს უნდა მივანიშნოთ, რომ ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის ომისთვის გამოყენება დაუშვებელია. ქვეყნებს არ ჰყავთ მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები. პრაქტიკა მოწმობს, რომ ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ცდილობს, მეგობრების გულისთვისაც კი არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა. ჩვენს ეროვნულ ინტერესში ის შედის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩავებათ სხვათა კონფლიქტში და არავის მივცეთ საბაბი, რომელიმე მხარედ აღგვიქვან.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა