როგორც ჩანს, ახალი სკანდალი მწიფდება ამერიკელ მილიონერ ენდრიუ მურდზას, ქართველ ემიგრანტ დავით კარტოზიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებას პროექტ "ლაზიკას" მითვისებაში ადანაშაულებს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს "ლაზიკას" პროექტის ავტორებთან, დავით კარტოზიასა და ენდრიუ მურდზასთან, რომლებსაც "სკაიპით" დავუკავშირდით.
ენდრიუ მურდზა: "დავითსა და მის ოჯახს კარგად ვიცნობ. მას შემდეგ, რაც დავინახე, როგორი ამბიციური (საუკეთესო გაგებით) ადამიანია, ვუთხარი, სამშობლოში დაბრუნებასა და საკუთარი ხალხის დახმარებას არაფერი ჯობს-მეთქი. ასე დავიწყეთ ფიქრი, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა საქართველოსთვის. გადავწყვიტეთ, ხამანწკები გამოგვეყვანა - შავ ზღვას საჭირო მარილიანობა აქვს ხამანწკების მოსაშენებლად. მასზე მსოფლიო ბაზარზე უდიდესი მოთხოვნაა. ხამანწკების საკონსერვო წარმოება და ექსპორტი ქვეყანას დიდ ფულს მოუტანდა. ჩვენი პროექტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და მისი მსოფლიო ბაზარზე გატანის გარდა, დევნილი მოსახლეობის დასაქმებასაც ითვალისწინებდა. თითოეული დევნილისთვის უფასო ბინა და კულტურული გარემო იყო გათვალისწინებული, რომელიც მზის ენერგიის ბატარეებით იქნებოდა აღჭურვილი. დევნილები ამ ახალი წამოწყების მეწილეებიც გახდებოდნენ, მათი საშუალო ხელფასი კი 500-600 დოლარი უნდა ყოფილიყო. დავითს სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი ქვეყანა, მე კი - ჩემი საქმე. პროექტზე მუშაობა 7 წლის წინ დავიწყეთ. 32 კაცი 7 წლის განმავლობაში დღე-ღამეს ასწორებდა.
დაახლოებით 11 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თქვენმა მთავრობამ კი ის მოგვპარა. "ლაზიკა" უნდა გაშენებულიყო ჭაობზე, რომელიც კი არ განადგურდებოდა, არამედ სიკეთეს მოიტანდა - ჭაობიანი ადგილი, თუკი განვითარდება, ბუნების ნატურალური ფილტრია. ახლა თქვენი მთავრობა ჭაობების დაშრობას აპირებს. ვინც ამას აპირებს, ალბათ, არც ფიზიკა იცის, არც ქიმია და არც ბიოლოგია. ჭაობებს სპეციალური, ე. წ. რამსაარის კონვენცია იცავს, ხოლო მათი ამოშრობა იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა თითქმის მთელ კოლხეთის დაბლობს მიიტაცებს! ვერ ვიჯერებ, რომ იდეა პრეზიდენტმა მოგვპარა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ცრუ და მდაბალი ხელისუფლება მართავდა ქვეყანას".
დავით კარტოზია: "ჩვენი პროექტით საქართველოს საელჩოში მივედით. მოგვისმინეს, დაგვისვეს კითხვები. 2010 წლის 16 დეკემბერს ჩემს სახლში შევხვდით აშშ-ში საქართველოს ელჩს, ბათუ ქუთელიას. შეგვპირდა, რომ მსოფლიო ბანკთან გვიშუამდგომლებდნენ. პროექტი ნიკოლოზ რევაზიშვილს გადასცეს, დაუყოვნებლივ მსოფლიო ბანკში წარსადგენად. 4 თვის ლოდინის შემდეგ მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ბანკში არავინ არაფერი იცოდა".
ენდრიუ მურდზა: "ისეთი სიმდაბლე, რაც თქვენმა მთავრობამ ჩაიდინა, ძნელად წარმოსადგენია. 77 წლის კაცი ვარ, პრეზიდენტ ეიზენჰაუერისაგან ჯილდო მაქვს მიღებული. კაცის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. თქვენმა მთავრობამ არ იცის სიტყვის ფასი და ჩემი სახით დიდი მტერი შეიძინეს. მანამდე ვიბრძოლებ, სანამ არ გავიმარჯვებ. უდედმამოდ გავიზარდე. ფეხი არ მქონდა ადგმული, მშობლები რომ დამეღუპნენ. გეტოდან გამოსულმა ბიჭმა ბევრი რამ შევძელი, - ავაშენე ქარხანა მერილენდში, ქარხნები გავხსენი ფლორიდაში. ბევრი ქვეყნის მთავრობასთან მქონია საქმე, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. ამ დამცირებას არ ჩავყლაპავ. ჩვენი მიზანი არ არის ჯიბის გასქელება. მართლმადიდებლები ვართ და გვჯერა კაცობრიობის მომავლისა".
დავით კარტოზია: - ჩვენს პროექტში ეკლესიების აშენებაც გვქონდა გათვალისწინებული. თუმცა, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამაოგნებელი იყო, არავითარი ეკლესიებიო(!).