თბილისი დედაქალაქის ფუნქციებს ნელ-ნელა კარგავს. 2012 წლის 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული სამხედრო აღლუმი, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიმართება და არა თბილისში.
ხელისუფლებას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად და რა მასშტაბით ჩაატარებს აღლუმს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღლუმის ჩატარების ადგილი მაისის პირველ რიცხვებში გახდება ცნობილი და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. 26 მაისს ქუთაისში, სავარაუდოდ, პარლამენტის სიმბოლური სხდომაც ჩატარდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა. თუმცა მზად თუ იქნება ამისათვის "ქუთაისური პარლამენტის შენობა", ჯერ უცნობია. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით იქ ახალი პარლამენტის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სიჩქარეში ხარვეზები გარდაუვალია და შესაძლოა კონფუზი სწორედ 26 მაისის სხდომის პროცესში მოხდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ქუთაისში პარლამენტის შენობის აგების შესახებ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. რომელიც ეჭვს აჩენს, რომ მშენებლობაზე დიდი ფული "ტყდება".
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელმაც ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის შესახებ მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა, განაცხადა, რომ მშენებლობის ფინანსური ნაწილი ბუნდოვანია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის გამოიყო 73.755.300 ლარი. თუმცა საია-მ საჯარო დაწესებულებებიდან ვერ მიიღო ინფორმაცია, დღეისათვის სულ რამდენი დაიხარჯა პარლამენტის შენობის მშენებლობაზე და საიდან გამოიყო თანხები. "ყველა ორგანიზაცია, რომელსაც შეკითხვით მივმართეთ, გვპასუხობდა, რომ მიგვემართა რელევანტური უწყებისთვის. თუმცა არ ასახელებდნენ, ვის გულისხმობდნენ "რელევანტურ უწყებაში", რაც კანონის მოთხოვნების დარღვევაა", - განაცხადა საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა.
საია-ს მონიტორინგმა მეტად უცნაური ფაქტიც გამოავლინა: აღმოჩნდა, რომ პარლამენტის შენობის მშენებლობის დამკვეთი არის არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანია, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია. საია-ს ხელმძღვანელის განცხადებით, პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა არ არსებობს და უჩნდებათ განცდა, რომ შესაძლოა, საქმე კორუფციულ სქემას ეხებოდეს.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის ფინანსური ნაწილი არის ბუნდოვანი. რა იხარჯება, საიდან და რისთვის, ეს გაუმჭვირვალეა. არ არსებობს სათანადო ინფორმაცია და მის გაცემაზე უარის თქმა კანონის დარღვევით ხდება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, როდესაც ასეთ დიდ თანხებზეა ლაპარაკი, ყოველთვის არსებობს კორუფციის რისკი.
თბილისში აღლუმის ჩატარებაზე უარის თქმა და საზეიმო დღეს დედაქალაქის უფუნქციოდ დატოვება საზოგადოებაში აუცილებლად გამოიწვევს პროტესტს. სავარაუდოდ, ამის გასანეიტრალებლად და, გარკვეულწილად, სახის შესანარჩუნებლად, ხელისუფლება 26 მაისს თბილისში "ქართული მრეწველობის აღლუმის" გამართვას გეგმავს - ამ აღლუმის ფარგლებში გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, თავისუფლების მოედნიდან "ვარდების რევოლუციის" მოედნამდე.
P.S. შარშან, 26 მაისს თბილისში სამხედრო აღლუმის გამართვა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პოლიციის სპეცრაზმმა და "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ზონდერბრიგადებმა რუსთაველის გამზირზე სასტიკად დაარბიეს საზოგადოებრივი მოძრაობა "სახალხო კრების" მიტინგის მონაწილენი. დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, ბევრი კი მძიმედ დაშავდა.
იხილეთ ვიდეო: რა ჯდება მთავრობის "აგარაკი" ქუთაისში?
ზაზა შანიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)